მილტონ ჰეიგმა თებერვლის მატჩებისთვის "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ორი მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

წლის პირველ შეხვედრას "ბორჯღალოსნები" ბელგიის წინააღმდეგ 10 თებერვალს, ქუთაისში გამართავენ.

ნაკრების არსებობის 28-წლიან ისტორიაში "ბორჯღალოსნები" ქუთაისში მესამედ ითამაშებენ. პირველი შეხვედრა 1989 წელს (12 სექტემბერს) გაიმართა. მაშინ ქუთაისს ზიმბაბვეს ნაკრები ეწვია და საქართველომ პირველ, ისტორიულ მატჩში მეტოქე 16:3 დაამარცხა.

2005 წლის 12 ივნისს "ბორჯღალოსნებმა" მაშინდელი ერთა თასის ეგიდით ქუთაისში ჩეხეთი მიიღეს, მეტოქეს 11 ლელო გაუტანეს, 75:10 დაამარცხეს და გატანილ-გაშვებულ ქულათა უკეთესი სხვაობით წელი პირველ ადგილზე დაასრულეს.

"აია
არენაზე" "ბორჯღალოსნები" პირველად ითამაშებენ. შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება.

ამ თამაშიდან ერთ კვირაში, 17 თებერვალს, საქართველო გერმანიას ეწვევა და ჩვენი დროით 17:30 საათზე მასპინძელთა გუნდს ოფენბახში შეხვდება.

"ბორჯღალოსნებს" ბელგიელებთან აქამდე 3-ჯერ, ხოლო გერმანელებთან 6-ჯერ უთამაშიათ და ორივე მეტოქესთან 100%-იანი შედეგი აქვთ.

ორი დებიუტანტი გაფართოებულ რაზმში
პირველი ორი მატჩისთვის შერჩეულ 36-კაციან გაფართოებულ სიაში ორი ისეთი მორაგბეა, რომელთაც "ბორჯღალოსნების" კვართით ჯერ არ უთამაშიათ. ორივე პოტენციური დებიუტანტი მესამეხაზელია - მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი) და საქართველოს ჩემპიონის, გორის "ჯიქის" კაპიტანი გურამ შენგელია.

მთლიანობაში, 36 მორაგბიდან 24 ლეგიონერია, ხოლო 12 დიდ 10-ს წარმოადგენს. დიდი 10-ის კლუბების მოთამაშეები, ასევე, ციმბირული კლუბების ლეგიონერები, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის ხელმძღვანელობით, "შევარდენზე" კვირაში 3-ჯერ ვარჯიშობენ, ხოლო უშუალოდ ბელგიასთან მატჩისთვის მზადება და შეკრება კი 4 თებერვალს დაიწყება.

ამ ორი თამაშისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში არიან გამოცდილი "ბორჯღალოსნები":

მიხეილ ნარიაშვილი, კახა ასეიშვილი, ზურაბ ჟვანია, ანტონ ფეიქრიშვილი, ლევან ჩილაჩავა, შალვა მამუკაშვილი, კოტე მიქაუტაძე, გიორგი ნემსაძე, ვიტო კოლელიშვილი, გიორგი თხილაიშვილი, ლაშა ლომიძე, ვასილ ლობჟანიძე, გიორგი ბეგაძე, ლაშა ხმალაძე, ლაშა მალაღურაძე, მერაბ შარიქაძე, დავით კაჭარავა, ალექსანდრე თოდუა, ბექა წიკლაური და მერაბ კვირიკაშვილი.

შედარებით ახალბედები არიან თორნიკე მატარაძე, ლაშა ტაბიძე, ბადრი ალხაზაშვილი, გიორგი ჭყოიძე, ნოდარ ჭეიშვილი, ოთარ გიორგაძე, გიორგი ცუცქირიძე, გელა აფრასიძე, რევაზ ჯინჭველაშვილი, გიორგი კვესელაძე, გიორგი კოშაძე, ანზორ სიჭინავა, იოსებ მათიაშვილი და გიორგი ფრუიძე.

ახალბედებს შორის ყველაზე მეტი - 13 კეპი ფრუიძის ანგარიშზეა, თუმცა მან "ბორჯღალოსანთა" კვართით ბოლოს ერთი წლის წინ, სწორედ ბელგიისა და გერმანიის წინააღმდეგ ითამაშა. 2 სანაკრებო კეპი სწორედ ერთი წლის წინ, ბელგია-გერმანიასთან მოიხვეჭა ჭყოიძემ, ხოლო სიჭინავამ ერთადერთი კეპი 2016 წლის ნოემბერში, იაპონიასთან მოიხვეჭა.

Sportall.Ge

მსოფლიოსთვის მზადება იწყება
მილტონ ჰეიგი ამბობს, რომ 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების კუთხით, 2018 წელს გასამართ მატჩებს უდიდესი მნიშვნელობა ექნება:

"ვიწყებთ მზადებას 2019 წლის მსოფლიო თასისთვის და ღირსშესანიშნავი დრო დაგვიდგა, რადგან ახალი სეზონის საწყისია მათთვის, ვინც ჩართულნი ვართ ნაკრების მუშაობაში. 2018 წლის დაწყებასთან ერთად, ვგეგმავთ იმ სელექციისა და გეგმების წარდგენას, რომელიც გავლენას იქონიებს 2019 წლის მსოფლიო თასის სტრატეგიასა და მიზნებზე.

იმ მორაგბეებმა, რომლებსაც უახლოესი 12 თვის განმავლობაში შევარჩევთ, უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ პერიოდში მათ დიდი ყურადღებით დავაკვირდებით, რათა დავადგინოთ, ნამდვილად იმსახურებენ თუ არა, რომ იაპონიაში ჩვენს ქვეყანას წარმოადგენდნენ".

ჰეიგმა ორი უახლოესი თამაშისთვის შერჩეული მორაგბეების შესახებ განაცხადა:

"გაფართოებული შემადგენლობა, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ორი თამაშისთვის დავასახელეთ, შედგება გამოცდილი, სტაბილური მოთამაშეებისგან. მათ საკუთარი შესაძლებლობები არაერთხელ დაამტკიცეს. ასევე არიან ახალგაზრდა მორაგბეები, რომლებზეც ვფიქრობთ, რომ კარგი მომავალი აქვთ. მათ შორის შევარჩიეთ ის ადგილობრივი მოთამაშეები, რომლებიც ბოლო ოთხი თვის განმავლობაში გულმოდგინედ ვარჯიშობენ და საუცხოოდ ირჯებიან დიდი 10-ის თამაშებში.

მსოფლიო თასისთვის მზადების ოფიციალურად დაწყებამდე სულ რაღაც 18 თვე რჩება და თითოეულ შესაძლებლობას, თითოეულ ცდას, როგორც ვარჯიშისას, ასევე თამაშზე, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა. ყველამ, ვისაც სურს, რომ 2019 წლის მსოფლიო თასისთვის განიხილებოდეს, ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს და წინ დიდი ნაბიჯი გადადგას".

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
მირიან მოდებაძე სადაა? რატომ არ არის დასახელებული
გია
09:53 30-01-2018
0
მილტონ ჰეიგის დიდი იმედი მაქვს,მჯერა რომ მისი გაწვრთნილი ქართველი ლომები იაპონიაშიც და მანამდეც თავს არ შეირცხვენენ!
Giorgi
00:50 25-01-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული