მილტონ ჰეიგი: დარწმუნებული ვარ, ჩვენი მასპინძლები ქართული რაგბის ოჯახის წევრები გახდებიან

AutoSharing Option
2019 წლის მსოფლიო თასისთვის იაპონიაში 52 საწვრთნელი ბაზა შეირჩა, სადაც მონაწილე გუნდები შეიკრიბებიან და მსოფლიო თასის მსვლელობისას მატჩებისთვის მოემზადებიან.

შერჩევის პროცესში, რომელიც 2016 წელს დაიწყო, 90 კანდიდატი ქალაქი და პრეფექტურა იღებდა მონაწილეობას, საიდანაც მსოფლიო რაგბიმ და იაპონიის მსოფლიო თასის საორგანიზაციო კომიტეტმა 52 მათგანზე შეაჩერა არჩევანი.

თითოეულ ბაზას აქვს შიდა და გარე სავარჯიშო სივრცე, საცურაო აუზი, სატრენაჟორო დარბაზი და სასტუმრო, სადაც გუნდები მსოფლიო თასის მსვლელობისას იცხოვრებენ.

შერჩეული ბაზების ნაწილი სამატჩო ქალაქის გარეთ, ნაწილი კი სამატჩო ქალაქში მდებარეობს (თუმცა არცერთი მათგანი არ
არის სამატჩო ლოკაციიდან 45 წუთის სავალ გზაზე მეტი დაშორებით).

"ბორჯღალოსნები" იაპონიაში 4 ქალაქში არსებულ ბაზებზე მოემზადებიან - კუმაგაია, ომაეზაკი, ნაგოია და საკაი.

2019 წლის მსოფლიო თასზე საქართველო D ჯგუფში ავსტრალიას, უელსს, ფიჯის და ურუგვაის ჯგუფურ ეტაპზე შემდეგ ქალაქებში დაუპირისპირდება - ტოიოტა, კუმაგაია, ოსაკა და შიზოუკა.

ბილ ბომონტი, მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი:

"2019 წლის მსოფლიო თასი იაპონელებისთვის განსაკუთრებული რამაა. ამიტომაც თითოეული მათგანი მზად არის, გამორჩეულად უმასპინძლოს როგორც მონაწილე გუნდებს, ისე გულშემატივრებს. ინფრასტრუქტურის სახით დარჩენილი მემკვიდრეობა კი დიდხანს წაადგება მასპინძელ ქვეყანას - რაგბის კიდევ უფრო გასაფართოებლად და გულშემატკივართა ჩართულობის გასაზრდელად".

აკირა შიმაზუ, 2019 წლის მსოფლიო თასის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე:

"თითოეული ბაზა, რომელიც მსოფლიო თასის მონაწილე გუნდების სამასპინძლოდ შეირჩა, ძალიან მაღალი სტანდარტებისაა. ინფრასტრუქტურა ტურნირის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგანაც აქ გუნდები მსოფლიო თასისთვის უნდა მოემზადონ და შეკრება გაიარონ. ჯერ კიდევ გრძელდება მუშაობა შერჩეულ ლოკაციებთან, რათა აქ შეკრებილ მონაწილეებს ყველანაირი პირობა შევუქმნათ იმისთვის, რომ მოთამაშეები ოპტიმალურ ფორმაში იყვნენ თითოეულ მატჩზე".

მილტონ ჰეიგი განსაკუთრებით კმაყოფილია შერჩეული ბაზებით:

"გუნდების საწვრთნელი ბაზების გამოქვეყნებით მსოფლიო თასისთვის მზადების ერთ-ერთი პირველი ოფიციალური ნაბიჯი გადაიდგა. ეს განსაკუთრებულად ამაღელვებელია მათთვის, ვინც მსოფლიოსთვის მზადების პროცესში ვართ ჩართულნი, ვინაიდან ეს გარემოება "ბორჯღალოსნების" 2019 წლის მსოფლიო თასის კამპანიას, რომელიც იმედი გვაქვს, ისტორიული იქნება, ფაქტობრივად, ხორცს ასხამს.

ჩვენ ბევრი ვიშრომეთ იმაზე, რომ არა მხოლოდ ის გარემოება გაგვეთვალისწინებინა, რომ ვარჯიშისა და მომზადების მიზნით ჩვენთვის საუკეთესო და მორგებული ბაზები შეგვერჩია, არამედ იმაზეც, რომ ამ ლოკაციებზე მყოფ საზოგადოებასთანაც მჭიდრო კონტაქტი გვქონოდა. ჩვენი აზრით, ეს მსოფლიო თასის შემადგენელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ამ ქალაქების საზოგადოებას შევძლებთ გავაცნოთ ჩვენი კულტურა, ენა და რაგბის მიმართ ჩვენი სიყვარული.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ "პირველი კლასის" ბაზებზე ვიქნებით და რომ ის ადამიანები, ვინც ჩვენ მასპინძლობაში იქნებიან ჩართულნი, ჩვენი დიდი და ვებერთელა, ქართული რაგბის ოჯახის წევრები გახდებიან.

განსაკუთრებული დრო დგება ქართული რაგბისთვის და ჩვენ ყველა მოუთმენლად ველით მსოფლიო თასის დაწყებას და ამ ბაზებზე ჩვენს მასპინძლებთან შეხვედრას".

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
იმედია ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინს) გამოვიყენებთ ამ პერიოდში საქართველოს ცნობადობის ასამაღლებლად იაპონიაში და დაიგეგმება სხვადასხვა აქტივობები მასთან და ჩვენს რაგბისტებთან ერთად
0
კარგი იქნებოდა კულტურის სამინისტროს დაეფინანსებინა ერთერთი ქართული ანსამბლი მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებისათვის.თუნდაც "რუსთავი და თუ ეხლავე გადაწყდება ეს ამბავი შესაძლოა მოასწრონ შეთანხმება და იმ ქალაქებში(ან რომელ ქალაქშიც იქნებიან დაბანაკებული) თამაშის წინა დღეებში კონცერტების დაეგეგმვა. თამაშის დღეს სტადიონზე, თუ არა და სტადიონის მახლობლად ემღერათ. დარწმუნებული ვარ ჩვენი სიმღერა და ცეკვა გააათმაგებს ჩვენი ბიჭების მხარდაჭერას ადგილობრივ მოსახლეობაში. გააცნობს მათ უძველეს, ენდემურ კულტურას და თუ კონცერტებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხედებით დამშვენებული პრომოვიდეოც დაემატება დიდ ეკრანზე(რაც არა მგონია იაპონიაში საძებნელი იყოს), ხომ სულ პატაპუნტით გვესტუმრებიან არა მხოლოდ რაგბის გულშემატკივარი ტურისტები. გნებავთ თავად "სპორტალმა" "ლელოსთან ერთად წამოსწიოს ეს საკითხი და უკურატოროს მის განხორციელებას.
emigranti
03:23 21-04-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული