გრეემ როუნთრი: ქართველი მორაგბეები ძლიერები არიან - ზოგადად, ქართველები ძლიერი ერია

AutoSharing Option
©გოგიტა ბუხაიძე

ცნობილი ინგლისელი სპეციალისტი გრეემ როუნთრი ბორჯღალოსნების შერკინების მწვრთნელად სექტემბრის ბოლოს დაინიშნა. მან ქართველი ფორვარდები ჯერ საფრანგეთში ავარჯიშა, მერე კი ნოემბრის, თიბისი რაგბის სერიებში იტალიის, სამოასა და ტონგას ნაკრებების წინააღმდეგ ათამაშა.

47 წლის სპეციალისტს, რომელსაც ინგლისის ეროვნულ ნაკრებში, ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებში და ინგლისის პრემიერშიფის კლუბებში უმუშავია, მის პირველ შთაბეჭდილებებზე, მუშაობის სპეციფიკაზე, განვლილ შეხვედრებზე და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.

- წარდგენის დროს მოტივირებული და ბედნიერი ჩანდით. მაინც რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია, რამ გადაგაწყვეტინათ აქ ჩამოსვლა? მით უმეტეს, იმ ფონზე,
რომ ძალიან ძლიერ გუნდებში გიმუშავიათ და არაერთი ვარსკვლავი გაგიწვრთნიათ.

- მე ყოველთვის ვგულშემატკივრობდი ქართულ რაგბს, განსაკუთრებით ქართველი მორკინალების თამაშს. ამიტომ, როდესაც ასეთ კარგ ფორვარდებთან მუშაობის შესაძლებლობა მომეცა, შანსი ხელიდან არ გავუშვი.

- წარდგენის პრესკონფერენციაზე აღნიშნეთ, რომ ქართულ შერკინებას მსოფლიოში ძალიან კარგი სახელი აქვს. რეალობაში რა დაგხვდათ?
- ძალიან ძლიერი კაცები! რომელთაც ღრმად აქვთ გამჯდარი შერკინების მენტალიტეტი, ვგულისხმობ, რომ მათ მოსწონთ შერკინება. ჩემი ამოცანა მხოლოდ ისაა, რომ დეტალებს მივაქციოთ ყურადღება, რათა ამ საქმეში თანმიმდევრულები ვიყოთ.

- რა ნაკლი აქვს ქართულ შერკინებას და რა კომპონენტებია გასაუმჯობესებელი? რომელია ყველაზე პრობლემატური პოზიცია და სად გვაქვს ყველაზე ნაკლები სიღრმე?
- ყველა სისუსტეზე არ ვისაუბრებ, მაგრამ გარკვეული კომპონენტები, მაგალითად ბოჭვის არე, შეტევითი მოლი, მუდმივ ყურადღებას მოითხოვს, ისევ და ისევ იმისათვის, რომ თანმიმდევრულები ვიყოთ. განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს თუ რა სიმაღლეზე ვასრულებთ ამა თუ იმ ილეთს (მაგალითად მოლში, ან კონტაქტში შესვლა).

- დაცვის მოლში უფრო გვიჭირს, თუ შეტევითში? რომელი უფრო ადვილი გამოსასწორებელია? რამდენად ართულებს მოლში თავის დაცვას აუტში კაცის აწევა?
- იტალიასთან თამაშისას გამოჩნდა, რომ დაცვით მოლზე უფრო მეტი ყურადღების გამახვილება იყო საჭირო. დაცვის მოლში ჩვენი კოლექტიური მოქმედება ძალიან სერიოზულ გაუმჯობესებას მოითხოვდა, რასაც სამოასთან და ტონგასთან თავი წარმატებით გავართვით.

- ეს იმის დამსახურება იყო, რომ მოლი გავაუმჯობესეთ, თუ უბრალოდ კუნძულელები ამ კომპონენტში იტალიასავით ძლიერები არ არიან?
- არ ვიტყოდი, რომ სუსტები არიან. თუმცა შესაძლოა, გამომდინარე იქიდან, რომ იტალია პირველი ეშელონის გუნდია. პირველი თამაშის შემდეგ ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ დაცვის მოლზე და ვისურვებდი ვიფიქრო, რომ შედეგი ამანაც გამოიღო.
მეტოქის დერეფანში ბლოკი რომ დავაყენოთ, ხელს ხომ არ შეუშლის ჩვენი დაცვითი მოლის ორგანიზებას?

ბალანსის დაცვაა საჭირო. ორივეს უნდა ვახერხებდეთ. ხანდახან არც უნდა ავუხტეთ, ხანდახან პირიქით. ჩვენ უნდა ვაიძულოთ მეტოქე, რომ იფიქროს და არ იყოს დარწმუნებული იმაში, თუ რას გავაკეთებთ.

- შეგვიძლია თუ არა, რაქში მოწინააღმდეგე შევაწუხოთ ისე, რომ ხაზის სიმწყობრე არ დავარღვიოთ და რა არის ამისთვის საჭირო?

- დიახ შეგვიძლია, სწორად შერჩეულ დროს. ამით მეტოქეს ვაიძულებთ, მეტი ხალხი ჩააბას ბოჭვის არეში. ეს ის ელემენტებია, რომლებზეც მუდმივად ვმუშაობთ. ჩვენ არ გვინდა ძალიან ბევრი ხალხის ჩაბმა, ვინაიდან ამით სხვაგან გვაკლდება დამცველი. ბალანსის დაცვა აუცილებელია.

- აპირებთ თუ არა დამატებით შერკინების ახალი მოთამაშეების მოძიებას და უნდა ველოდოთ თუ არა ახალ სახეებს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე? ნახეთ თუ არა დიდი10-ის თამაშები, ან აპირებთ თუ არა მომავალში მათზე დასწრებას?

- თეორიულად შესაძლებელია, დაველოდოთ და ვნახავთ.

- ნაკრებთან ერთად მხოლოდ ერთი თვეა მუშაობთ. რამდენად მოახერხეთ თქვენი ფილოსოფიის მოთამაშეებამდე მიტანა და რამდენად ადვილად ითვისებენ თქვენს დავალებებს?
- მე კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ მიიღეს ჩემი შეხედულებები და როგორ ცდილობენ მოერგონ და შეცვალონ თავიანთი თამაში ისე, როგორც მე მინდა. კმაყოფილი ვარ არსებული სიტუაციით, თუმცა სრულყოფამდე ჯერ შორია.

- საერთო ჯამში, რამდენად კმაყოფილი ხართ ნოემბრის ტესტებით?
- რაც დრო გადიოდა, ჩვენი თამაში უმჯობესდებოდა. ზუსტად ისე, როგორც სხვა გუნდების შემთხვევაში, ვისთანაც კი მიმუშავია. იტალიასთან მძიმე თამაში იყო, ვინაიდან პირველი ეშელონის გუნდია. შესაძლებლობა რომ იყოს, მათთან შეხვედრას ამ კვირაში ვისურვებდი, რადგან ერთად შედარებით მეტი დრო დავყავით.

- თქვენ გამორჩეული ბურჯი იყავით და ამ პოზიციის ნიუანსები ყველაზე კარგად გესმით. ერთი თვეა საქართველოში ხართ და თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რით გამოირჩევიან ქართველი ბურჯები და რატომ არიან ასე დაფასებული სარაგბო სამყაროში? თუ არის რამე საერთო ნაკლი, რაშიც ისინი მოიკოჭლებენ?
- გამორჩეული არასდროს ვყოფილვარ, უბრალოდ, ვცდილობდი მეკეთებინა ჩემი საქმე. საქართველოში ფიზიკურად ძლიერი კაცები გვყავს და ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ შერკინებაში ეს ძალა მონოლითური იყოს და თითოეული მათგანის ინდივიდუალური თავისებურებანი შესაბამისობაში იყოს იმასთან, რისი გაკეთებაც ჩვენ გვინდა, რათა შერკინებაში ერთდროულად ვაკეთებდეთ ერთი და იგივეს. სწორედ ეს არის ბურჯების მიმართ ჩემი უმთავრესი მოთხოვნები.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ქართველი ბურჯების ტექნიკა განსხვავდება იმისგან, რასაც თქვენ შეჩვეული ხართ?

- არა, მე საკმაოდ კარგად ვიცნობ მათ სტილს. არაერთი თამაში მინახავს საფრანგეთში და ქართველების წინააღმდეგაც გამიწვრთნია გუნდი. არის მცირე კორექტივები, რომლებსაც ვთხოვ, რომ შეიტანონ თავიანთ თამაშში, მაგრამ არაფერი ისეთი, რასაც მიჩვეულნი არ არიან, ან არ აკეთებენ.

- ჩვენ ვიცით როგორია ქართული რაგბის სტილი, რომელიც ძირითადად შერკინებაში უპირატესობის მოპოვებაზეა აგებული. როგორია მიდგომა ინგლისში, რის ირგვლივ ხდება თამაშის აგება, რა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი?

- ვფიქრობ, თანამედროვე რაგბში მორკინალების მიერ მოპოვებული უპირატესობა მნიშვნელოვანია. ყოველ შემთხვევაში, უნდა ვეცადოთ ასეთი უპირატესობის მოპოვებას. ბოლო სამ თამაშში ვაჩვენეთ, რომ მხოლოდ ფორვარდებზე აღარ ვარ დამოკიდებულნი და ფანტასტიკურ რაგბს ვთამაშობდით. რაც უფრო მაღალი დონის გუნდებს შევხვდებით, მით უკეთესები გავხდებით შეტევაშიც და დაცვაშიც. ვფიქრობ, ბალანსი უნდა დავიცვათ და მხოლოდ შერკინებაზე არ ვიყოთ დამოკიდებული.

- როგორ მუშაობენ ინგლისში მეორე ხაზელებთან?
- ვიხილავდით ვარიანტებს მსოფლიო თასისთვის და ვერ ვიტყვი, რომ მეორეხაზელების სიმცირეს განვიცდით. კარგი ბიჭები გვყავს. თუ გავიხსენებ ინგლისის ნაკრებში ჩემი მუშაობის პერიოდს, მაშინაც იგივე რაოდენობის ვარიანტები გვქონდა და არ ვფიქრობ, რომ მნიშნელოვანი განსხვავება იყოს ტალანტების რაოდენობაში.

- უკვე გარკვეული დრო გაატარეთ საქართველოში, ბიჭებთანაც იმუშავეთ და კლუბებშიც მოინახულეთ. თქვენც და მილტონიც ხშირად აღნიშნავთ ქართველების განსხვავებულ ბუნებას. როგორები არიან სინამდვილეში?
- ძალიან შრომისმოყვარენი არიან. შეუძლიათ ცვლილებებისადმი ადაპტირება, იქნება ეს თამაშსა თუ ვარჯიშზე, როდესაც მწვრთნელები ამა თუ იმ დავალების შესრულებას ვთხოვთ. მე მომწონს მათი ადაპტაციის უნარი. გარდა ამისა, ძლიერები არიან. ზოგადად, ქართველები ძლიერი ერია. ვარჯიშზე მათ სხვადასხვა მითითებებს ვაძლევდი და ისინი მას ძალიან კარგად ასრულებდნენ.

- მსოფლიო თასზე, უელსთან, ბოლო წუთზე ჯარიმის კარში დარტყმის და ანგარიშის გათანაბრების შანსი რომ გაგვიჩნდეს, კარში დავარტყამთ, თუ აუტში გადავიტანთ?
(იცინის) სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 10 /
ინგლისელი რომ გვყავს შერკინების მწვრთნელად, მაგიტომ გვაქვს საქმე კარგად! იქეთ უნდა სწავლობდნენ ჩვენგან!
12
სულ თავს იმართლებს ყველა, დავიღალეთ გულშემატკივრები. ისე ერთი ვაშაძეები რაგბსაც დაამშვენებდა მცირე დროით.
9

სიახლეები პოპულარული