5 დებიუტანტი და ახალგაზრდები - მილტონ ჰეიგმა "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
© თამუნა ყულუმბეგაშვილი

"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 2019 წლის პირველი ორი მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

გუნდი გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეების ნაზავს წარმოადგენს, რომელთაგან ხუთს "ბორჯღალოსნების" კვართით ჯერ არ უთამაშია, ხოლო 7-ს 10 კეპიც არ უგროვდება.

2018 წლის რაგბი ევროპაზე (რომელიც მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიც იყო) განვითარებული მოვლენების შემდეგ რუმინეთი, ესპანეთი და ბელგია დაისაჯნენ და შედეგად, მათ ბოლო სამი ადგილი დაიკავეს, რის გამოც წლევანდელ რაგბი ევროპის პირველ ორ მატჩში საქართველოს მეტოქეები მთავარი კონკურენტები, რუმინეთი და ესპანეთი იქნებიან.

"ბორჯღალოსნები" რუმინელებს 9 თებერვალს კლუჟში,
საქართველოს დროით 16:00 საათზე შეხვდებიან, ხოლო ესპანეთს "ავჭალაზე" 17 თებერვალს, 18:00 საათზე უმასპინძლებენ. ტურნირის ძლიერ მეტოქეებთან მატჩებით დაწყება სიახლე და გამოწვევაა მილტონ ჰეიგისთვის, ხოლო დებიუტანტი და შედარებით ახალბედა მორაგბეებისთვის შანსი, საუკეთესოდ წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები.

"რაგბი ევროპის პირველი ორი ტურისთვის, ტრადიციულად, ახალგაზრდა ბიჭები გამოვიძახეთ. გვსურს ვნახოთ, თუ შეუძლიათ მათ იმ დონეზე თამაში, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ. გარდა ამისა, არიან ბიჭები, რომლებიც სანაკრებო გარემოში ჯერ არ ყოფილან და მოდით, ვნახოთ, რას მოუტანენ ისინი გუნდს.

ეს იდეალური გამოწვევაა - რაღაც, რაც ჩვენთვის სიახლე და ამავდროულად, ძალიან საინტერესოცაა. ეს იმის მაუწყებელია, რომ ძალიან კარგად უნდა მოვემზადოთ და მოთამაშეებმაც უნდა გაიაზრონ, თუ რა არის მნიშვნელოვანი. ალბათ გახსოვთ, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში რუმინეთმა და ესპანეთმა დიდი ვნებათაღელვა გადაიტანეს. ორივეს ნატურალიზებულ მოთამაშეთა დაშვების გამო პრობლემები ჰქონდა, რამაც ისინი მსოფლიო თასს მიღმა დატოვა.

ისინი მოტივირებულნი იქნებიან და ჩვენ დამარცხებას ეცდებიან. ამ გამოწვევას პირველიდან ბოლო წუთამდე შესაბამისად უნდა მოვეკიდოთ" - ამბობს მილტონ ჰეიგი.

ხუთი დებიუტანტი და შვიდი ახალბედა
29-კაციან რაზმში 12 ბექი და 17 მორკინალია. ხუთ მორკინალს "ბორჯღალოსნების" კვართით ჯერ არ უთამაშია, თუმცა რამდენიმე მათგანი სანაკრებო შეკრებაზე ადრეც ყოფილა. რუმინეთთან და ესპანეთთან დებიუტის შანსი ექნებათ მარნეულის "არმაზის" კვაჭ გიორგი ხუროშვილს, რუმინეთის სუპერლიგის "ჩე ეს ემ ბუქარესტის" მეორეხაზელ დავით გიგაურს, "ლელო-სარასენსის" მეორეხაზელ გრიგორ ქერდიყოშვილს და პრო დე2-ის ორიაკის მესამეხაზელებს - გიორგი ჯავახიას და ბექა საღინაძეს. აღსანიშნავია, რომ გიორგი ხუროშვილს, გიორგი ჯავახიასა (ორივე 2016) და ბექა საღინაძეს (2017-2018) 20-წლამდელთა ნაკრებში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატებზე უთამაშიათ.

დებიუტანტების შესახებ ჰეიგი ამბობს:

"ამ მოთამაშეთაგან სამი ნაკრების გარემოცვაში, გაფართოებულ შემადგენლობაში ან სავარჯიშო გარემოში ადრეც მოხვედრილა. დავითი ჩვენი თვალთახედვის არეში ახლახან მოხვდა და დროის მოკლე მონაკვეთში ჩვენზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. ყველა ეს მოთამაშე ათლეტური და ღონიერია. ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოს კვართით მათ თამაშს".

შერკინების პირველ ხაზში ორი გამოცდილი მორაგბეა - კვაჭი შალვა მამუკაშვილი და ბურჯი ლევან ჩილაჩავა, დანარჩენებს კი "ბორჯღალოსნების" კვართით 10 და ნაკლები თამაში ჩაუტარებიათ.

"ყველანი ძალიან ახალგაზრდები არიან, თუმცა ჩვენ მათ ვენდობით! გურამ გოგიჩაშვილი ტოპ-14-ში ერთ-ერთი საუკეთესო პირველი ნომერია, ხოლო გიგაშვილი და მელიქიძე სისტემატურად თამაშობენ თავიანთ გუნდებში. მატარაძეც სისტემატურად ხვდება პრო დე2-ის ერთ-ერთი ლიდერის, "ნევერის" სასტარტო შემადგენლობაში და ჩვენ მისი თამაშის ხარისხით კმაყოფილები ვართ. რა თქმა უნდა, გამოცდილება მეტად მნიშვნელოვანია, მაგრამ მიდგომაც არანაკლებ როლს თამაშობს და ვთვლით, რომ ამ მხრივ ამ მორაგბეებს ყველაფერი რიგზე აქვთ".

მეორე ხაზში ბრუნდება გიორგი ნემსაძე, რომელსაც ნოემბერში "თიბისის სერიები" ტრავმების გამო გაუცდა და რომელიც თებერვლის მატჩებისთვის გამოძახებულ რაზმში ყველაზე ასაკოვანია (34 წლის). გამოძახებულთა შორისაა ნოდარ ჭეიშვილი, რომელმაც 2018 წელს, ერთის გარდა, ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მესამე ხაზში, ორი დებიუტანტის გარდა, ბექა გორგაძე და გიორგი ცუცქირიძე, ასევე გამოცდილი გიორგი თხილაიშვილი ითამაშებენ.

ბურჯ თორნიკე მატარაძეს ნაკრების კვართით შარშანდელი რაგბი ევროპის პირველი მატჩის შემდეგ აღარ უთამაშია. ნაკრებს ხანგრძლივი შესვენების შემდეგ უბრუნდება ხაზის ორი მოთამაშე - გიორგი აფციაურმა ბოლოს 2016 წლის ნოემბერში, შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშა, ხოლო მირიან მოდებაძემ ქვეყნის მთავარ გუნდში სამივე კეპი 2017 წლის ნოემბერში მოაგროვა და მას შემდეგ ტრავმას მკურნალობდა.

რაზმში ყველაზე მეტი, 88 კეპი ლაშა მალაღურაძის ანგარიშზეა, რომელსაც ასევე ყველაზე მეტი, 184 ქულა აქვს მოხვეჭილი. იტალიასთან მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ ნაკრებს უბრუნდება სოსო მათიაშვილი, რომელიც ბოლო დროს მთავარი დამრტყმელია და 14 შეხვედრაში გუნდს 125 ქულით შეეწია. შეკრებაზე მყოფთაგან ყველაზე ახალგაზრდა მგეზავი თედო აბჟანდაძეა, რომელსაც დებიუტი ნოემბერში, სამოასთან ჰქონდა, ტონგას წინააღმდეგაც ითამაშა და ჯამში 22 ქულა მოაგროვა.

მზადება მსოფლიოსთვის
რუმინეთისთვის მზადებას ნაკრები ოფიციალურად 4 თებერვლიდან შეუდგება, მანამდე კი, მომავალ კვირაში, "მსოფლიო რაგბის" მე-9 რეგულაციის თანახმად, თბილისში სამი დღით შეიკრიბება.

"ტრადიციულად, მე-9 დებულებით გათვალისწინებული შეკრება, ძირითადი შეკრების წინ მორაგბეებისთვის ეროვნული ნაკრების სამუშაო სისტემისა და წესების გაცნობას ემსახურება. ის ასევე გვაძლევს შესაძლებლობას, გავმართოთ ფიტნეს-ტესტები და დავრწმუნდეთ, რომ მორაგბეების ფიზიკური ფორმა საერთაშორისო რაგბის მოთხოვნებს შეესაბამება.

მომდევნო, "მატჩის კვირა" რუტინული იქნება და ნაკრები ჩვეული წესით შეუდგება თამაშისთვის მზადებას, სეზონისწინა შეკრება კი მოგვცემს საშუალებას, რომ უკეთ მოვემზადოთ რუმინეთთან ბრძოლისთვის" - ამბობს ჰეიგი.

რადგან 2019 მსოფლიო თასის წელია, წლევანდელი რაგბი ევროპა ახალგაზრდა მოთამაშეთა გამოცდას და ნაკრებისთვის სიღრმეების შექმნას ემსახურება:

"რეალურად, ეს ბოლო ტურნირია მსოფლიო თასამდე და უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა, რომ იაპონიაში გამგზავრებამდე გუნდში პოზიციებზე სიღრმეები შევქმნათ. გარდა ამისა, კარგი შესაძლებლობაა მოთამაშეთა სარაგბო უნარების დასახვეწად.

საინტერესოა ახალგაზრდების გამოცდა საერთაშორისო ტურნირზე, მათზე დაკვირვება, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ჩვენი აზრით, მათ შეუძლიათ მაღალ დონეზე თამაში და აუცილებლად უნდა ითამაშონ რუმინეთისა და ესპანეთის მსგავსი გუნდების წინააღმდეგ, რათა შეიძინონ გამოცდილება და საკუთარი შესაძლებლობების ირწმუნონ. თუ ისინი ამ ეტაპს წარმატებით გაივლიან, მწვრთნელებს მეტი მოტივაცია გვექნება მსოფლიო თასის წინა შეკრებაზე მათ გამოსაძახებლად".

Sportall.Ge

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
გაჩეჩილაძემ რაიმე დააშავა და ნაკრებიდან მოკვეთეს თუ რა ხდება?? ეს ბიჭი ნაკრებს აკლია
რაგბის ქომაგი
11:34 26-01-2019
0
მელიქიძის და აფციაურის არ მწამს. აფციაური აპრიორი არაა და არც ყოფილა ნაკრების დონის მოთამაშე, არც იქნება. მელიქიძეს ჰქონდა პოტენციალი და ვერ განვითარდა. რა პოზიციაზე ვარაუდობს? 3ზე? ძალიან სუსტია და კლუბშიც 1 ზე გადაიყვანეს. იქაც რეალურად მესამე კაცია თავის პოზიციაზე, არანაირი მუდმივი თამაში. პერსპექტივაში მას შეუძლია მომატება, მაგრამ მე დიდიად არ მჯერა მაგის. ტაბიძე ცალსახად სჯობს. ტაბიძე, მიუხედავდ იმისა, რომ ბორდოში ცოტას თამაშობს (ისიც იმის გამო, რომ კობილაშის შემცვლელია, და ეს უკანასკნელი პირველხაზელთა იმ მცირე რიცხვს მიეკუთვნება, ზირაქასი არ იყოს, სულ 60-70 წუთს რომ ათამაშებენ) ყოველთვის ჯობდა მეიქიძეს და ახლა მითუმეტეს. ტაბიძეს ნაკრებში თამაში არ ჩაუგდია, მელიქიძეზე თავად განსაჯეთ. თუმცა შეიძლება შემდეგ თამაშებში გამოიძახოს. ლიდერების დასვენება აბსოლუტურად გაართლებულია. ჩილაჩავას ტრავმის მერე იმხელა "სპადი" აქვს აუცილებლად სჭირდება პირველ რიგში საკუთარი თავის რწმენის დაბრუნება და კარგია რომ გამოიძახა. რატომ არაა გაჩეჩილაძე? აღარ მოსწონს თუ დროებითია? ეგეც საინტერესოა. უკანა ხაზში აფციაურის, მალაღურაძის გამოძახებას -ყოფილი და მოქმედი 20წლამდელები აჯობებდა, თუ მოიარებს სამსოფლიოდ. თუ არა, მაშინ ჯანდაბას. ისე, სადაც აფციაური, მაშინ შკინინი რატომ არა? იცის ამ კაცმა ჩაციკვლები, ან მისმა მრჩევლებმა. : აფციაური, თეთრაშვილი, ბეკოშვილი, ალექსი ხუციშვილი!))) წარმატებას ყველას ვუსურვებ, მაგრამ მე აქ არ ვწერ გულშემატკივრის პოზიციიდან, კრიტიკული ჟურნალისტის კითხვებს ვსვავ, რომელსაც თავად ჯიგრები ერიდებიან.
gagi
19:02 25-01-2019
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული