რაგბის მსოფლიო ჩემპიონატამდე ზუსტად ერთი თვე დარჩა. რიგით მე-9 მსოფლიო ჩემპიონატი აზიაში, კერძოდ, იაპონიაში, 20 სექტემბერს დაიწყება და 2 ნოემბრამდე გაგრძელდება.
რაგბის მსოფლიო თასისთვის 20 გუნდი იბრძოლებს, მათ შორის, საქართველოს ნაკრებიც, რომელმაც გასულ ჩემპიონატზე არნახული შედეგები აჩვენა, მსოფლიოს საუკეთესო 12 გუნდს შორის მოხვდა.
ნაკრებმა ოთხი წლით ადრე მოიპოვა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური.
ვინაიდან "რაგბის მსოფლიო თასი" სპორტის ამ სახეობაში ყველაზე მასშტაბური ჩემპიონატია, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უამრავი გულშემატკივარი ჰყავს, გამომცემლობა "პალიტრა L"-მა, "საქართველოს რაგბის კავშირთან" თანამშრომლობით, რაგბის მოყვარულებისთვის სპეციალური
პროექტი შექმნა, რომლის ფარგლებშიც სტიკერების ალბომი მომზადდა.
სტიკერების ალბომი რაგბის გულშემატკივრებისთვის შეიქმნა, რომლის დახმარებითაც გულშემატკივარს არც ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი თუ მოვლენა არ გამორჩება.
ალბომში ნახავთ: ინტერაქციულ, შესავსებ კალენდარს, იაპონიის ქალაქებსა და სტადიონებს, "ბორჯღალოსნების" ისტორიას, რაგბის ქართველი და უცხოელი ვარსკვლავების სტიკერებს.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის, გოჩა სვანიძის თქმით, სტიკერების ალბომი ძალიან მნიშვნელოვანია რაგბის პოპულარიზაციისთვის:
"სპორტის ამა თუ იმ სახეობის, ამ შემთხვევაში, რაგბის პოპულარიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სტიკერები, რომლებზეც ცნობილი მორაგბეები არიან გამოსახულნი, რადგან მოზარდები, ახალგაზრდები, რაგბის მოყვარულები აქტიურად იყენებენ მათ, ათავსებენ საკუთარ რვეულებზე, სამუშაო ბლოკნოტებზე... შედეგად, ამახსოვრდებათ და მათ გონებაში დადებითად იბეჭდება.
ეს პროექტი მნიშვნელოვანი და საინტერესოა რაგბის გულშემატკივრებისთვის იმიტომაც, რომ მათ საშუალება ეძლევათ, მეტად ინფორმირებულები იყვნენ 2019 წლის ჩემპიონატის შესახებ მის დაწყებამდე და მიმდინარეობისას.
გულშემატკივრობა წელს ნამდვილად განსაკუთრებულად გვჭირდება. რა თქმა უნდა, წინასწარ პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ ჩვენი მიზანია, ძალიან მაღალი დონის თამაშები ჩავატაროთ და დარწმუნებული ვარ, ამას ჩვენი ნაკრები თავს გაართმევს", - აღნიშნა გოჩა სვანიძემ.
ალბომში ქართველი და უცხოელი ვარსკვლავების 156 სტიკერია მოცემული. გარდა იმისა, რომ რაგბის 2019 წლის მსოფლიო თასს მომზადებულნი შეხვდებით და ქართველ "ბორჯღალოსნებს" უგულშემატკივებთ, სხვადასხვა პრიზის მოგებასაც შეძლებთ: საქართველოს ნაკრების გულშემატკივრის მაისური, "ნიკორას" პროდუქტების კალათა და გაზეთ "ლელოს" ერთთვიანი გამოწერა (30 ნომერი).
პრიზს მიიღებს ის, ვინც სტიკერების სრულ კოლექციას შეაგროვებს. თუკი რამდენიმე ერთნაირი სტიკერი დაგიგროვდებათ, შეგიძლიათ მეგობრებს გაუცვალოთ და სტიკერების სრული კოლექცია შექმნათ.
სტიკერების ალბომის შეძენა შეგიძლიათ წიგნის მაღაზიებში, პრესის გავრცელების წერტილებსა და სუპერმარკეტებში.