"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა შოტლანდიასთან ისტორიული მატჩისთვის - სერიოზული ცვლილებებით

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი, "თიბისი რაგბის სერიების" მეორე მატჩისთვის 23-კაციანი განაცხადი დაასახელა.

27 აგვისტოს "საუზერნ კინგსთან" მოგებული შეხვედრის შემდეგ შოტლანდიას "დინამო არენაზე" 10 ცვლილებით დავუხვდებით.

პირველად ელიტიდან

"თიბისი რაგბის სერიების" მეორე მატჩში, 31 აგვისტოს, 20 საათზე შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებს ვუმასპინძლებთ. ის პირველი თიერ1-ის გუნდია, რომელიც საქართველოში გვეწვია.

შოტლანდიასთან აქამდე ორჯერ გვითამაშია - პირველად 2011 წლის მსოფლიო თასზე, როდესაც მეტოქეს ლელო არ გავატანინეთ და შეხვედრა 6:15 დავთმეთ, ხოლო მეორედ 2016 წლის ნოემბერში, ტესტ-მატჩის გასამართად ვეწვიეთ და ორი ლელოს გატანის მიუხედავად, მეტოქემ
43:16 იმარჯვა. იმ შეხვედრაში მეტოქემ უპირატესობა პირველ ტაიმში მოიპოვა, შესვენების შემდეგ კი მხოლოდ ერთი ლელო გაიტანა და სქოთებმა ნამატჩევს პირობა დადეს, რომ 2019 წლის მსოფლიო თასამდე საქართველოს ეწვეოდნენ.

მათ პირობა შეასრულეს და საქართველოში ჩამოვიდნენ, თანაც უძლიერესი შემადგენლობით და ისევე, როგორც ჩვენ, შოტლანდიელებიც მსოფლიო თასის წინ საბოლოო რეპეტიციას "ბორჯღალოსნებთან" გაივლიან.

საგულისხმოა, რომ მოსამზადებელ ეტაპზე სქოთებმა უკვე გამართეს ორი თამაში და ფრანგებთან ჯერ სტუმრად 3:32 დამარცხდნენ, მერე კი შინ უმასპინძლეს და 3:14 ჩამორჩენის მიუხედავად, 17:14 იმარჯვეს.

ერთი კვირის წინ, ფრანგებთან მოგებული მატჩის შემდეგ, შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გრეგორი თაუნსენდმა საქართველოსთან მატჩზეც ისაუბრა:

"წინ კიდევ ერთი რთული გამოცდა გველოდება - შეხვედრა საქართველოს ნაკრებთან. ტრავმირებული მოთამაშეების რაოდენობის მიუხედავად, თბილისში უძლიერესი შემადგენლობით ჩავალთ. ეს იქნება ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე რთული შეხვედრა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ექვს ერში მოხვედრა უნდა, საკუთარ მოედანზე, 50 ათასი მაყურებლის წინაშე, მაქსიმუმის გაკეთებას ეცდება".

"ბორჯღალოსნებს" შოტლანდიის "ა" ნაკრებთან ორჯერ უთამაშია და თუ პირველ შემთხვევაში, 2008 წელს გლაზგოში შეხვედრა პირწმინდად დათმეს (3:69), 2010 წლის ბუქარესტის ერთა თასზე მეტოქეს 22:21 სძლიეს.

ოთხი ცვლილება ხაზში

"საუზერნ კინგსთან" დასკვნით 12 წუთში მოგებული თამაშის შემდეგ "ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა სასტარტო 15-ში 10 ცვლილება განახორციელა.

სრულად შეიცვალა ღერძი და 9-10 ნომრებზე თამაშს ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე დაიწყებენ. მარქაფაში გადაინაცვლა ლაშა ხმალაძემ, ხოლო 9 ნომრის პოზიციაზე თამაშში კვლავ გელა აფრასიძე ჩაერთვება.

ცენტრში ტრავმირებული მერაბ შარიქაძის ნაცვლად თამაშს დავით კაჭარავა იწყებს, რომელიც "კინგსთან" შეცვლაზე შევიდა. ის ზურაბ ძნელაძეს შეუწყვილდება და ისტორიულ შედეგს დააფიქსირებს. კაჭარავასთვის შოტლანდიასთან მატჩი 115-ეა კარიერაში, რითაც ნაკრების კვართით ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით, ლიდერ მერაბ კვირიკაშვილს გაუტოლდება.

ფულბეკად, 4 დღის წინანდელის მსგავსად, თამაშს იოსებ მათიაშვილი იწყებს. ფრთაზე ადგილი შეინარჩუნა მირიან მოდებაძემ, ხოლო მეორე ფრთაზე მარქაფიდან ალექსანდრე თოდუა დაწინაურდა, რომელმაც გიორგი აფციაური შეცვალა.

ხაზში ჩვენი გუნდის თამაშს მარქაფიდან თამაზ მჭედლიძე გააძლიერებს.

განახლებული შერკინება

"კინგსთან" გამართული მატჩის შემდეგ თითქმის სრულადაა განახლებული "ბორჯღალოსნების" შერკინება.

პირველ ხაზში სამი ახალი მოთამაშე იწყებს - მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი და ბექა გიგაშვილი. ისინი ორი დღის წინ განაცხადშიც არ იყვნენ. სამაგიეროდ, მარქაფაში ზუსტად ის პირველი ხაზია, რომელმაც სამხრეთაფრიკელებთან ჩვენი თამაში გააძლიერა - გიორგი ჭყოიძე, კარლენ ასეიშვილი და ლევან ჩილაჩავა.

შეიცვალა მეორე ხაზიც და ამჯერად თამაშს კოტე მიქაუტაძისა და შალვა სუთიაშვილის წყვილი იწყებს, ხოლო გიორგი ნემსაძემ და ლაშა ლომიძემ მარქაფაში გადაინაცვლეს.

ერთი ცვლილებაა მესამე ხაზში. გიორგი ცუცქირიძის ტრავმის შემდეგ ფლანკერად გადაინაცვლა ოთარ გიორგაძემ, ხოლო შერკინების შემკვრელად ბექა გორგაძეს ვიხილავთ. მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნა ბექა საღინაძემ.

შოტლანდიასთან საქართველოს ნაკრებს გამოცდილი პირველხაზელი მიხეილ ნარიაშვილი პირველად უკაპიტნებს, რომელიც "ბორჯღალოსანთა" 31-ე კაპიტანი იქნება. 29 წლის ბურჯისთვის ეს 55-ე სანაკრებო შეხვედრაა.

"თიბისი რაგბის სერიები 2019" | საქართველო - შოტლანდია

31 აგვისტო, 20:00, "დინამო არენა"

საქართველო:
ხაზი | ბექები
15. იოსებ მათიაშვილი, 14. მირიან მოდებაძე, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. დავით კაჭარავა, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება | ფორვარდები
1. მიხეილ ნარიაშვილი (კაპ.), 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. შალვა სუთიაშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა
16. გიორგი ჭყოიძე, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. გიორგი ნემსაძე, 20. ლაშა ლომიძე, 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.

altშოტლანდიელთა მწვრთნელი: ქართველთა მძლავრ გუნდთან ნამდვილი გამოცდა გველის [VIDEO]

altშოტლანდიელი მორაგბე: საქართველოსთან თამაშში თავს არ დავზოგავთ

altეროვნულმა ბანკმა რაგბის თემაზე საკოლექციო მონეტები გამოუშვა [VIDEO]

altშოტლანდიის ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით ჩამოვიდა - "დინამოზე" ანშლაგს ველით!

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 15 /
Mamuka gorgodze nakrebshi brundeba da msoflioze itamashebs, magariaaaaaaa
Va-Le
30 აგვისტო 2019 12:42
0
:) აბა,არ მოგერიდოთ,წერეთ დიზლაიკები და ჩემი ლანძღვა-გინება ტოტალიზატორში მომუშავე და ფეხბურთთან დაკავშირებულო პირებო! :)
....
30 აგვისტო 2019 07:55
1
ვაჩვენოთ მსოფლიოს,რომ პირველი დონის ნაკრებ გუნდებთან უკეთ შეგვიძლია თამაში, ვიდრე იტალიასთან მატჩში ვითამაშეთ!
....
30 აგვისტო 2019 07:38
0
ბექა გორგოძე გამეხარდა ძალიან, მართლაც რომ მომავალი "გოგოძილა" გვეზრდება. ცოტა სახიფათო ხომ არაა მძიმე ტრავმის შემდეგ ასეთ თამაშში დაყენება. თავის დაზოგვა არ იცის რაა და ღმერთმა დაიფაროს ტრავმისაგან.
emigranti
30 აგვისტო 2019 04:07
0
თითქმის უნაკლო შემადგენლობააა... თუმცა, აფრიკელებთან კარკაძის ბოლო წამებზე ამოგლეჯილ ბურთს ვერ ვივიწყებ, რამაც წაგებას გადაგვარჩინა.... მაგარ ჯანზეა...იქნებ, მარქაფაში მაინც დაეტოვა?
გიორგი 50
30 აგვისტო 2019 00:21
0
წარმატებები ბიჭებო
Best
29 აგვისტო 2019 23:41
1
წინა თამაშში დაზიანებული ბიჭების ტრავმები ღრამდენად სერიოზულია?
Dato
29 აგვისტო 2019 22:35
0
ცუცქირიძე გამოტოვებს ჩემპიონატს და შარიქაძე იქამდე მოასწრებს მკურნალობას
:))))
29 აგვისტო 2019 23:58
0
ასე მძაფრად არასდროს იგრძნობოდა მოგების სურნელი აქამდე:)
ნათია
29 აგვისტო 2019 22:20
0
შარიქაძე რომ გვყავდეს ამ თამაშში, ვფიქრობ ერთერთი უძლიერესი შემადგენლობა იქმებოდა რაც კი აქამდე გვყოლია... ეს ჩემი სუბიექტური აზრია. მთელი გულით ველი თამაშს და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს.
გიო
29 აგვისტო 2019 21:40
2
წარმატება ლომებო!!!
niko
29 აგვისტო 2019 21:27
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული