მილტონ ჰეიგი: უელსის დამარცხება? - რატომაც არა?!

AutoSharing Option
23 სექტემბერს, 2019 წლის მსოფლიო თასის პირველ რაუნდში უელსთან გასამართი მატჩისთვის შემადგენლობის დასახელების შემდეგ, ბორჯღალოსნებმა და მათმა მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს.

სასტარტო შემადგენლობაში 6, ხოლო მარქაფაში 4 ისეთი მორაგბეა, რომელთაც მსოფლიო თასზე დებიუტი ექნებათ. მილტონ ჰეიგი ამბობს, რომ ახალგაზრდები გუნდში „X ფაქტორს“ შეიტანენ:

„ვფიქრობ, გამოცდილი და ახალგაზრდა მორაგბეების კარგი ნაზავი დავასახელეთ. უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ეს ახალგაზრდები ნაკრებში რეგულარულად იმის გამო თამაშობდნენ, რომ როდესაც მსოფლიო თასზე მოხვდებოდნენ, ზურგი ორნიშნა ციფრის კეპებით ჰქონოდათ გამაგრებული. 2015 წელს ვთქვი, რომ თუ 2019 წლის მსოფლიო
თასს მეტი „X ფაქტორით“ არ შევხვდებოდით, თავს მოვიკლავდი. საბედნიეროდ, ამის გაკეთება არ მომიწევს. გუნდი მნიშვნელოვნადაა გაახალგაზრდავებული. ესაა ახალი სისხლი, მოთამაშეები, რომელთაც უკეთ შეუძლიათ ბურთაობა და სწორედ ამის გამო არიან ისინი ნაკრებში“.

ახალგაზრდების გარდა, ჰეიგმა ისეთ გამოცდილ მორაგბეებზეც ისაუბრა, როგორებიც მამუკა გორგოძე, დავით კაჭარავა, გიორგი ნემსაძე და სხვები არიან:

„მსოფლიო თასის ყველა თამაშის დასაწყისში ვნახეთ, რომ მორაგბეები ნერვიულობდნენ და გამონაკლისი არც ჩვენ ვართ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია შემადგენლობაში გამოცდილი მორაგბეების ყოლა. მნიშვნელოვანია ისეთი მოთამაშეები, რომლებიც თამაშს ცივი გონებით დაიწყებენ და ეს ბიჭები სწორედ ამის გარანტი იქნებიან“.

შარიქაძე მომდევნო მატჩებში დაგვემატება

მთავარი მწვრთნელი იმედოვნებს, რომ ტრავმირებული კაპიტანი მერაბ შარიქაძე გუნდს მომდევნო თამაშებში დაუბრუნდება, მანამდე კი ლიდერის ფუნქციებს სხვა მოთამაშეები შეითავსებენ:

„ის ჩვენი კაპიტანია და რა თქმა უნდა ძალიან დაგვაკლდება. უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში, ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო ის, რომ ლიდერის ფუნქციის შესრულება ყველას შეძლებოდა. ამ პერიოდში მერაბი რამდენჯერმე დაშავდა და მუდამ ვცდილობდით გუნდი სხვა მოთამაშეების ირგვლივ შეგვეკრა. და როდესაც რომელიმე მოთამაშე ტრავმას იღებს, მაშინ მუშაობას იწყებს საერთო ლიდერობის კონცეფცია.“

„შარიქაძე დაახლოებით ერთი კვირა კიდევ ვერ ითამაშებს. გვქონდა იმედი, რომ უელსთან მატჩისთვის ის მზად იქნებოდა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წინ კიდევ სამი მატჩია ავსტრალიასთან, ურუგვაისთან და ფიჯისთან. სწორედ ამიტომ, ამ ეტაპზე მასზე უარი ვთქვით. რა თქმა უნდა ის გულდაწყვეტილია, თუმცა კარგად ესმის, რომ დაბრუნება ჯერ კიდევ ადრეა და გუნდისთვის ასე უკეთესი იქნება“.

გვსურს მსოფლიოში საუკეთესოებს ვეთამაშოთ

ბორჯღალოსნებთან მატჩისთვის უძლიერესი შემადგენლობა შეარჩია უელსის ნაკრებმა, რითაც ჰეიგი კმაყოფილია:

„მან ჩვენთან სათამაშოდ პირველი ნომრები შეარჩია, რაც ჩვენს პატივისცემაზე მეტყველებს. მათ კარგად ესმით, რომ კარდიფში ნათამაშები 13:6-ის შემდეგ, თავდაჯერებულობა შეგვემატა. უორენი და მისი სამწვრთნელო შტაბი ამას ითვალისწინებს და მაქსიმალურად ძლიერი შემადგენლობა გამოყავთ. ეს ჩვენთვის ძალიან კარგია, რადგან გვსურს მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეების წინააღმდეგ თამაში, ოთხი კვირის წინ კი, ამ მორაგბეებმა გუნდი მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზე აიყვანეს. უელსისგან ასეთი შემადგენლობის დასახელებას მხოლოდ დადებითად ვაფასებთ. ბიჭები ამბობენ - „ნახეთ როგორ სერიოზულად უდგებიან ჩვენთან თამაშს“ და ეს ჩვენთვის ძალიან კარგია“.

ახალზელანდიელი სპეციალისტი მეტოქის შემადგენლობაში ლიამ უილიამსს გამოარჩევს და მოწინააღმდეგეს დიდ ბრძოლას პირდება:

„ვფიქრობ, მეტოქის შემადგენლობაში გამორჩეული მოთამაშე ლიამ უილიამსია. ის მართლაც საუკეთესოა უელსის შემადგენლობაში. მაგრამ ვერ გახდები მსოფლიოს, გნებავთ ექვსი ერის გამარჯვებული, თუ მხოლოდ ერთი გამორჩეული მოთამაშე კი არა, სოლიდური შემადგენლობა არ გეყოლება და ნახეთ მათ რა შემადგენლობა ყავთ. ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა წინ დიდი ბრძოლა გველოდება, ქართველები კი „ბრძოლაში ბედნიერნი“ არიან“.

თუ ცოტა გაგვიმართლა...

მილტონს კითხეს, შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველოს ნაკრებმა უელსი დაამარცხოს, რაზეც ის პასუხობს:

„რატომაც არა?! კარგად უნდა ვითამაშოთ და ცოტა გაგვიმართლოს. ეს სპორტია და მისი ისტორიის განმავლობაში, ფეხბურთში, კალათბურთში თუ სხვა სახეობებში არაერთხელ დაფიქსირებულა მოულოდნელობა. ასეთია სპორტის ბუნება. როდესაც 15 მამაკაცი 15-ის წინააღმდეგ თამაშობს, არავინ იცის წინასწარ რა მოხდება. მთავარია ცივი გონება შევინარჩუნოთ და სრულად გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი“.

რა თქმა უნდა, პრესკონფერენცია ვერ ჩაივლიდა ნაკრებში დაბრუნებული მამუკა გორგოძის ხსენების გარეშე, რომლის როლზეც ჰეიგი ამბობს:

„მისი დაბრუნება ფანტასტიკური იყო. ის ხარისხიანი მოთამაშეა, რომელიც ყველას აძლევს მაგალითს და აწესებს უმაღლეს სტანდარტს. მოედანზე ის გუნდის ლიდერია და მისი დაბრუნება ჩვენთვის კარგი ნიშანია“.

Sportall.Ge

შერკინების ძალა ორშაბათს გამოჩნდება

ბორჯღალოსანთა ინგლისელი შერკინების მწვრთნელი გრეემ როუნთრი დარწმუნებულია, რომ ქართველი ფორვარდები მსოფლიო თასისთვის კარგად არიან მომზადებული და ეს ორშაბათის მატჩში გამოჩნდება:

„მთელი ზაფხული კარგად ვივარჯიშეთ. ბიჭები მონდომებულები იყვნენ და სულ უფრო და უფრო მეტის გაკეთებას მთხოვდნენ. ვნახოთ რამდენად კარგები ვიქნებით ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგესთან. სხვადასხვა დროს, უელსის ნაკრების რამდენიმე მოთამაშესთან მიმუშავია და მათ უდიდეს პატივს ვცემ. ამ გუნდს დიდი გამოცდილება აქვს და ორშაბათს ვნახავთ, რამდენად კარგი ვიქნებით მათ წინააღმდეგ“.

Sportall.Ge

ვეცდებით ქართული რაგბი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ

ბორჯღალოსანთა კაპიტან მიხეილ ნარიაშვილს თავდაპირველად ჯანმრთელობის შესახებ კითხეს. შეგახსენებთ, მარცხენა ბურჯმა2018 წელს და 2019 წლის მარტში მუხლზე ორი ოპერაცია გაიკეთა: „ყველაფერი კარგადაა. მონპელიეში გაკეთებული მეორე ოპერაციის შემდეგ, სამედიცინო პერსონალმა შესანიშნავად იმუშავა. რეაბილიტაცია ფრანგულ კლუბში დავიწყე, აღდგენის დასკვნითი ეტაპი კი საქართველოს ნაკრების მედ-პერსონალთან დავასრულე. ახლა თავს კარგად ვგრძნობ და მზად ვარ მსოფლიო თასის დასაწყებად“.

მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნებს მერაბ შარიქაძე კაპიტნობს, ტრავმის გამო მის არყოფნაში კი, ამ ფუნქციას ნარიაშვილი ითავსებს:

„კაპიტნად მერაბის არყოფნაში დამასახელეს, რომელმაც მოსამზადებელ მატჩში ტრავმა მიიღო. ვიმედოვნებ, რომ ის ძალიან მალე დაბრუნდება და საკუთარ ადგილს დაიკავებს. ამაყი ვარ საქართველოს ნაკრების კაპიტნობის პატივი რომ მერგო და მოედანზე ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავიღებ“.

ის უელსთან მატჩის წინ პროგნოზებისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ გუნდი საკუთარი პოტენციალის საუკეთესოდ გამოვლენას ეცდება:

„შედეგზე საუბრისგან თავს შევიკავებ. ვეცდებით, რომ ქართული რაგბი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ და გავაკეთებთ მაქსიმუმს, რათა იმ დონეზე ვითამაშოთ, როგორიც მსოფლიო თასს შეესაბამება. ასეთ შემთხვევაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.

Sportall.Ge

ლევან ჩილაჩავას 50-ე კეპი!

2019 წლის მსოფლიო თასის პირველ მატჩში 50-ე კეპს მოიხვეჭს ბურჯი ლევან ჩილაჩავა, რომელიც შეხვედრას მარქაფიდან იწყებს:

„საქართველოს ნაკრების კვართით თამაში ყოველთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა და ორშაბათს 50-ე ასეთი სიამოვნება მელოდება. ძალიან ბედნიერი ვარ და ვიმედოვნებ, რომ მთელი გუნდი კარგ თამაშს აჩვენებს“.

Sportall.Ge

100%-ით მზად ვარ

გასული წლის მიწურულს ტრავმა მიიღო უკანახაზელმა თამაზ მჭედლიძემაც, რომელიც ბორჯღალოსანთა სასტარტო შემადგენლობაში შარშანდელი ნოემბრის ტესტების შემდეგ პირველად ითამაშებს:

„ბარძაყი კარგ მდგომარეობაში მაქვს. საფრანგეთში კარგი რეაბილიტაცია გავიარე და ნაკრებში გამოცხადების შემდეგ, სამედიცინო პერსონალმა განსაკუთრებული ყურადღება დამითმო, ვასრულებდი სპეციალურ ვარჯიშებს. მათ დაადგინეს, რომ დაზიანება 100%-ით აღდგა და მეც თავს ძალიან კარგად ვგრძნობ“.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 16 /
მელიტონა, გადი ერთი, თუ კაცი ხარ. რას გვაბოლებ.
Status quo
23:02 21-09-2019
17
წარმატებები ჩვენს ნაკრებს! ვიცი რომ ცდას არ დააკლებენ და იმედია შედეგი ისეთი იქნება რომ შეგვეძლება ვიამაყოთ.
3

სიახლეები პოპულარული