საბრძოლველად და მოსაგებად უელსის წინააღმდეგ - "ბორჯღალოსნები" მსოფლიო თასს იწყებს

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს, 23 სექტემბერს, 2019 წლის მსოფლიო თასის პირველ შეხვედრას რეიტინგის ლიდერ უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

2003 წლიდან მოყოლებული, მსოფლიო თასზე ჩატარებულ პირველ შეხვედრებს თუ გადავხედავთ, საქართველოს ნაკრებს აშკარა პროგრესი აქვს.

2003 წელს, როცა საქართველოს ეროვნული გუნდი მსოფლიო თასზე თავის ისტორიაში პირველ შეხვედრას მართავდა, სადებიუტო მატჩი მთლად სასურველი ანგარიშით არ დასრულებულა.

"ბორჯღალოსნები" ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით დამარცხდა - 6:84.

ჩვენი ნაკრების მხრიდან ჯარიმები პალიკო ჯიმშელაძემ და მალხაზ ურჯუკაშვილმა გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაზე დიდი სხვაობა არც
2003 წლის მსოფლიო თასზე და არც ჩვენს C ჯგუფში ყოფილა. A ჯგუფის შეხვედრაში ავსტრალიამ ნამიბიას 142:0 მოუგო, ხოლო ჩვენს ქვეჯგუფში ინგლისმა ურუგვაი 111:13 დაამარცხა.

2007 წლის საწყისის მატჩის შედეგი წინა მსოფლიო თასთან შედარებით აშკარად გაუმჯობესებული იყო. საფრანგეთში გამართულ მსოფლიო თასის პირველ მატჩში "ბორჯღალოსნები" არგენტინას დაუპირისპირდა და 3:33 დამარცხდა. ერთადერთი ჯარიმა ქართველთა მხრიდან მერაბ კვირიკაშვილმა გაიტანა.

2011 წელს კიდევ უფრო მცირე სხვაობით დავმარცხდით. ახალი ზელანდიის ქალაქ ივერქარჯილში საქართველოს ეროვნული გუნდი შოტლანდიას დაუპირისპირდა და მხოლოდ 9 ქულით დამარცხდა - 6:15. ჩვენი ნაკრების მაისურით 2 ჯარიმა ისევ მერაბ კვირიკაშვილმა გაიტანა.

2015 წელს კი, მსოფლიო თასის საწყის თამაშში პირველი გამარჯვება ვიზეიმეთ და ეს შედეგი ჩვენთვის ჯერჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა. "ბორჯღალოსნებმა" ტონგას 17:10 მოუგო, შემდეგ ნამიბია დაამარცხა და 2019 წლის მსოფლიო თასზე თამაში გაინაღდა. ტონგასთან შეხვედრაში ლელოები გიორგი თხილაიშვილმა და მამუკა გორგოძემ დადეს.

დღეს კი, ტონგასაგან განსხვავებით, ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს. რეიტინგის ლიდერი პირველ მატჩში არასდროს გვყოლია მოწინააღმდეგე მხარეს, თუმცა "სასიხარულოა", რომ უელსელებს ყველაფერი დალაგებული არ აქვთ.

უელსის ნაკრებს შერკინების მთავარი მწვრთნელი იაპონიაში ყოფნისას მოუხსნეს და ბრიტანეთში დააბრუნეს. ეს დეტალი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იმ შემთხვევაში გახდება, თუ თამაშისას იწვიმებს. წვიმის დროს ძალიან ხშირია შეცდომა, ბურთის ხელიდან გავარდნა, რასაც შერკინება მოჰყვება და ეს ჩვენი ნაკრების წისქვილზე დაასხამს წყალს. თამაშის დროს ზუსტად იქნება თუ არა წვიმა, არ ვიცით, თუმცა ამინდის პროგნოზის მიხედვით, ტოიოტაში თამაშამდე უკვე იწვიმა და მოედანი სველი მაინც იქნება.

აღსანიშნავია ის, რომ უელსის ნაკრებმა "ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ ძირითადი შემადგენლობა დააყენა. ყველაზე პოზიციაზე საუკეთესო ვარიანტი ჰყავს არჩეული უორენ გეთლანდს. მართალია, საქართველოს ნაკრებს გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე ვერ ეხმარება, თუმცა, მის გარდა, მილტონ ჰეიგმაც ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა.

მარტივად დასანახია, რომ არცერთი გუნდი არ აპირებს თავის დაზოგვას და ორივე ნაკრების მორაგბეები მოედანზე საბრძოლველად გამოვლენ.

საქართველო და უელსი აქამდე ერთმანეთს ერთხელ შეხვდნენ. 2017 წლის ნოემბერში უელსში გამართული შეხვედრა მასპინძლებმა 13:6 მოიგეს.

გამოსარჩევია ის ფაქტი, რომ მილტონ ჰეიგმა ამჯერად უელსის წინააღმდეგ შემტევი უკანა ხაზი დააყენა და rugby.ge-სთან საუბარში ამ გადაწყვეტილებას ასე ხსნის:

"უელსთან მოგება თუ გინდა, უნდა შეუტიო და ლელო გაუტანო. დაცვაზე ორიენტირებული უკანა ხაზი კი ამას ვერ გააკეთებს. სოსო მათიაშვილს, გიორგი კვესელაძეს და მირიან მოდებაძეს დიდი ხანია ვამზადებთ და უელსთან მატჩი მათთვის კიდევ ერთი შანსია, საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინონ."

ასევე, სათადარიგოთა შორის 8 მორაგბიდან 6 მორკინალი გახლავთ. საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ამაზეც აქვს პასუხი:

"თუ გვინდა, უელსს შევებრძოლოთ, მათი შერკინების ტოლ-სწორი შერკინება უნდა გვყავდეს. შეცვლაზე მყოფი ბექა საღინაძე და ოთარ გიორგაძე სწორედ ის მორაგბეები არიან, რომლებიც შეგიძლია სწორ დროს ჩართო თამაშში."

"ბორჯღალოსანთა" შემადგენლობა პირველი მატჩისთვის ასე გამოიყურება:

  • 1. მიხეილ ნარიაშვილი (კ)
  • 2. შალვა მამუკაშვილი
  • 3. ბექა გიგაშვილი
  • 4. გიორგი ნემსაძე
  • 5. კოტე მიქაუტაძე
  • 6. გიორგი თხილაიშვილი
  • 7. მამუკა გორგოძე
  • 8. ბექა გორგაძე
  • 9.  ვასილ ლობჟანიძე
  • 10. თედო აბჟანდაძე
  • 11. გიორგი კვესელაძე
  • 12. თამაზ მჭედლიძე
  • 13. დავით კაჭარავა
  • 14. მირიან მოდებაძე
  • 15. სოსო მათიაშვილი

სათადარიგოთა სკამი: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. შალვა სუთიაშვილი, 20. ბექა საღინაძე, 21. ოთარ გიორგაძე, 22. გელა აფრასიძე, 23. ლაშა ხმალაძე.

მსოფლიო თასზე დებიუტი ერთბაშად 10 მორაგბეს ექნება: სოსო მათიაშვილს, მირიან მოდებაძეს, გიორგი კვესელაძეს, თედო აბჟანდაძეს, ბექა გიგაშვილს, ბექა გორგაძეს, გურამ გოგიჩაშვილს, ბექა საღინაძეს, ოთარ გიორგაძესა და გელა აფრასიძეს.

მატჩის მთავარი არბიტრი 31 წლის ინგლისელი ლუკ პირსი იქნება. პირსი, რომლისთვისაც აღნიშნული მატჩი სადებიუტო იქნება მსოფლიო თასზე, ერთხელ უკვე სჯიდა საქართველოს თამაშს. ეს 2014 წელს იყო, თბილისში, როცა რუმინეთს ვუმასპინძლეთ და დავამარცხეთ კიდეც - 22:9. პირსის დამხმარეები ახალზელანდიელი ბენ ო'კიფი და ინგლისელი მეთიუ ქერლი იქნებიან. ვიდეოარბიტრი ასევე ინგლისელი როუენ ქითი იქნება.

ქემრისა (ქემრი - ასე გამოითქმის უელსის დასახელება მშობლიურ ენაზე) და საქართველოს ნაკრებებს შორის შეხვედრა დღეს, 23 სექტემბერს, თბილისის დროით 14:15 (ტოკიოს დროით 19:15) საათზე გაიმართება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი შემოგვთავაზებს.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ნუ გათავხედდებით ახლა რა! მოსაგებად არა კვახი! არ გვინდა რა ეს უაზრო ბაქიაობა. ნოლია მაგის შანსი! ნოლი! იგივე სირცხვილი თუ არ დაგვემართა, რაც შოტლანდიასთან და ღირსეულად წავაგეთ, როგორც ვთქვათ, შოტლანიდასთან, ირლანდიასთან ან ინგლისთან მსოფლიო ტასებზე , მე პირადად ბედნიერი ვიქნები. მოსაგებად უნდა განვეწყოთ ფიჯისთან, აი ისაა დღეს ჩვენი დიდგორი!
გაგი
12:09 23-09-2019
4
ხარისხიანი თამაშით გაგვახარეთ!
გუჯა კახაძე
12:49 23-09-2019
0

სიახლეები პოპულარული