გელა აფრასიძე: ფიჯის თავისი თამაში არ უნდა მოვახვევინოთ თავს - არა მგონია, ფიზიკურად გვაჯობონ

AutoSharing Option
მსოფლიო თასზე ურუგვაისთან გამარჯვებაში საკმაო წვლილი "ბორჯღალოსანთა" ახალგაზრდა ცხრა ნომერს, გელა აფრასიძეს მიუძღვის. ის მოედანზე გამოცდილი, დაღვინებული მორაგბესავით ირჯებოდა და ჩვენს გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

- ურუგვაიმ საკმაოდ ძლიერ გუნდს, ფიჯის ნაკრებს მოუგო. წესით, ამას ფსიქოლოგიურად ჩვენს გუნდზე წნეხი უნდა გაეზარდა, თუმცა ეს თამაშს არ ეტყობოდა...
- ყველანი ერთი მიზნისკენ ვიყავით მიმართულნი - კარგად უნდა გვეთამაშა და მოგვეგო. ცხადია, დამაფიქრებელი იყო, ფიჯის რომ მოუგო. თუმცა, ვფიქრობ, ფიჯელებმა ცუდად ითამაშეს და ამისთვის დაისაჯნენ. ასე რომ, ყველამ ერთად, გუნდურად მოვინდომეთ და მოვიგეთ
კიდეც.

- ფიჯის ნაკრების მწვრთნელმა ურუგვაისთან თამაშის წინ 12 მორაგბე შეცვალა, თუმცა ფიჯი იმდენად ძლიერი გუნდია, ეს არ უნდა დატყობოდა...
- კი, მაგრამ ურუგვაიამ მეტოქეს არეული თამაში შესთავაზა და ამით აჯობა. თან, ფიჯელებმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს. ბურთი ბევრჯერ გაუვარდათ, ბევრი სალელოვე შეტევა ვერ გამოიყენეს, გარდასახვები და საჯარიმო ააცილეს.

- ურუგვაის ნაკრებს დამაჯერებლად მოვუგეთ, თითქმის ყველაფერი გამოგვივიდა. როგორ ფიქრობთ, რა ვერ გავაკეთეთ ამ მატჩში?
- ჩვენ რა დავალებაც გვქონდა, კარგად შევასრულეთ. მართალია, რამდენიმე დერეფანი წავაგეთ, მაგრამ მოლსა და შერკინებაში კარგად გავისარჯეთ. დავალებული გვქონდა, როცა მორკინალები უპირატესობას გააკეთებდნენ, ბურთი ხაზზე გაგვეტანა და იქ გაგვეთამაშებინა. მორკინალებმა სამკაციანი დარტყმებით მეტოქე დაჯაბნეს და ამას პირველ ტაიმში ორი ლელო მოჰყვა. ბურთი კარგად მიგვქონდა წინ. შესვენებაზე კიდევ ახალი მითითებები მივიღეთ და 21 ქულა სწორედ მეორე ტაიმში მივითვალეთ.

- მატჩში დეჟავუ მქონდა. გახსოვთ თბილისში, მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თქვენი გარღვევა, რომელიც ლელოთი დაასრულეთ. ვფიქრობდი, ამ შემთხვევაშიც ბოლომდე, ლელომდე ირბენდით...
- მსგავსი სიტუაცია კი იყო, მაგრამ შეტევის ფრთაზე გაგრძელებას ვფიქრობდი. სიტუაცია სხვაგვარად განვითარდა, წინ ვეღარ წავიდოდი და ამიტომ სხვა გაგრძელება ვარჩიე. ვფიქრობდი, ლელო ფრთაზე დაგვედო. თუმცა ამ შეტევას მერე ლელო მაინც მოჰყვა. შერკინებიდან გრძელ ფრთაზე გავათამაშეთ და ლელო გავიტანეთ.

- ურუგვაის ნაკრებზე თამაშამდე ამბობდნენ, სამი დღის წინათ რთული მატჩი ჰქონდათ ფიჯისთან და დაღლილები იქნებიანო. ეტყობოდათ, რომ ასე იყო?

- ვფიქრობ, ეს რომ არა, მაინც დაეტყობოდათ, ვინაიდან ჩვენი შერკინების წინააღმდეგ თამაში ძნელია. განსაკუთრებით, შერკინებასა და მოლში თამაშისას ბევრ ენერგიას ართმევენ ყველა გუნდს. ამიტომ, ამ მატჩში სამი თუ ოთხი დღის დასვენება ბევრს არაფერს შეცვლიდა.

- ზუსტად ასეთი ინტერვალით ახლა ჩვენს ნაკრებს უწევს ფიჯისთან თამაში...

- ურუგვაისთან თამაშის შემდეგ ყველა ძალების აღდგენაზე ვართ კონცენტრირებულები. ამ მატჩშიც იგივე მიზანი გვაქვს. ფიჯი უნდა დავამარცხოთ. ვეცდებით, მწვრთნელების დავალება მაქსიმალურად შევასრულოთ. ეს იმის წინაპირობა იქნება, რომ მოვიგოთ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი.

- ფიჯის ყველა გზა მოჭრილი აქვს. გამორიცხული არ არის, ეს გუნდი ჩვენთან მაქსიმალურად მობილიზებული და გამარჯვებისკენ შემართული გამოვიდეს სათამაშოდ. რა შეიძლება დავუპირისპიროთ?
- დიახ, ჩვენთან ძალზე მოტივირებულნი გამოვლენ სათამაშოდ. ჩვენ ახლა ფიჯის კონკურენტები ვართ. უნდა ვეცადოთ, ხელი შევუშალოთ, რათა თავიანთი თამაში თავს არ მოგვახვიონ. ჩვენ კარგი დაცვა და ეფექტური შეტევა უნდა დავუპირისპიროთ. არ მგონია, ფიჯელებმა ფიზიკურად გვაჯობონ.

- თქვენ ჩვენი ნაკრების მგეზავთან, თედო აბჟანდაძესთან ერთად, ახალგაზრდული ნაკრებიდან დაწყებული, დღემდე ერთ დუეტში თამაშობთ. როგორც ჩანს, უკვე კარგად უგებთ ერთმანეთს...
- თედოსთან ერთად საკმაოდ ბევრჯერ მომიწია თამაში. მსოფლიოს ჩემპიონატზე ასეთი დონის გუნდთან კი პირველად ვითამაშეთ. თუ წინა შეხვედრებს გავიხსენებთ - დიახ, ვგრძნობთ ერთმანეთს. ვხვდები, როგორი თამაში მოსწონს. როცა ურუგვაისთან შეტევას ინდივიდუალურად ვანვითარებდით, ერთმანეთთან სულ ახლოს ვიყავით ხოლმე. მასთან თამაში ადვილია, მართლა კარგი მგეზავია.

- პირველი დონის გუნდებთან ვაგებთ. მიზეზი მათთან თამაშის ნაკლებობაა. თუმცა დღევანდელ ნაკრებში მრავლად ხართ ისეთი მორაგბეები, რომლებსაც ახალგაზრდულ ნაკრებში მოგიგიათ შოტლანდიის, ირლანდიის, იტალიის, არგენტინისა და ფიჯის ნაკრებებისთვის. წესით, თქვენთვის მათ წინააღმდეგ თამაშისას ფსიქოლოგიურ წნეხს არ უნდა გრძნობდეთ...
- უელსთან მაგის გამო არ წაგვიგია. ის ძლიერი გუნდია და ამიტომაც დავმარცხდით. ამ თამაშში ყველაფერი ჩავდეთ. რა თქმა უნდა, შეცდომებიც დავუშვით. უშეცდომოდ თამაში ძნელია, ის ყველა გუნდს მოსდის. ცხადია, ჩვენ უელსთან მატჩში მოსაგებად გავედით, მაგრამ ის გუნდი უფრო ძლიერია და მოგვიგო.

- ქართველი ქომაგი თავდადებული მხარდაჭერით გამოირჩევა. რას ეტყოდით მათ?

- მინდა მათ ობიექტურობისკენ მოვუწოდო. ვინც ჩვენს წაგებასაც და მოგებასაც ობიექტურად აფასებს, გვერდში გვიდგას, გვქომაგობს, დიდ მადლობას ვუხდი. თუმცა, არის კატეგორია გულშემატკივრებისა, რომლებსაც რაგბი არ ესმით. მათ უნდა ისწავლონ ერთმანეთისგან სუსტის და ძლიერის გარჩევა. პატარა შეცდომის გამო არ შეიძლება მოთამაშეზე ცუდად ილაპარაკო.

ჩვენთვისაც ძნელია, როცა თამაშს ვაგებთ, ჩვენ ხომ უკეთ ვიცით ჩვენს გულებში მაგ დროს რა ხდება. ამ დროს კი, არიან ადამიანები, რომლებიც კიდევ უფრო გვიმძაფრებენ განცდებს. ჩვენ საქართველოს გამო, მისი სახელით ვთამაშობთ და ეს ყველა ქართველს უნდა უხაროდეს. მოვუწოდებ მათ, რომ არ შეიძლება ასე, ჩვენზე ეს ძალიან ცუდად მოქმედებს.

- ანუ თქვენ ობიექტურ კრიტიკას იღებთ?
- კრიტიკა, თუ ის ობიექტურია, სწორია და მართალია, ცხადია, უნდა მიიღო. თუმცა, უელსის დარ გუნდთან წაგების გამო სოციალურ ქსელებში ცუდს რომ წერენ, ვფიქრობ, არ შეიძლება. პირიქით, მაგ დროს უნდა გაგვამხნევონ, გვერდში დაგვიდგნენ. ჩვენც გვინდა, რომ მოვიგოთ, მაგრამ ყოველთვის ხომ ვერ მოიგებ.

სპეციალურად sportall.ge-სთვის ბესო ჯანგავაძე იაპონიიდან

altგელა აფრასიძის შესანიშნავი მომენტი ურუგვაის წინააღმდეგ [VIDEO]

alt"ბორჯღალოსნებმა" ურუგვაი პრემიალური ქულით დაამარცხა [VIDEO]


altსაქართველო რუსეთი არაა და ეს გაითვალისწინეთ - მილტონ ჰეიგისა და ჯაბა ბრეგვაძის პრესკონფერენცია

altმსოფლიო რაგბიმ საქართველოს ბოდიში მოუხადა

altნუცა შამათავა - ერთადერთი ქალი ექიმი 2019 წლის მსოფლიო თასზე

მკითხველის კომენტარები / 7 /
კარგი ბიჭია, ჭკვიანი და პატრიოტი, მაგრამ, ჩვენ უაზრო მოლოდინები არ უნდა შევქმნათ. ფიჯი თავიდან მაგრა დაიწყებს, ხოლო ჩვენ თავიდან რატომღაც ცუდად ვიწყებთ. ამას მიაქციონ ყურადღება. ფიზიკაში ვერ გვაჯობებენ, აქედან დასკვნა, თუ პირველი 20-25 წუთი არ მივქარეთ უელსივით, მაშინ ფიჯის დღეში ყოფნას მტერს არ ვუსურვებ.
pasuxi
13:38 01-10-2019
0
ბიჭებო, თქვენ საქართველოს საუკეთესო მებრძოლები ხართ! 100%-იანი მხარდაჭერა თქვენ!
თემური
10:00 01-10-2019
0

სიახლეები პოპულარული