საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და კაპიტანმა ჯაბა ბრეგვაძემ ურუგვაისთან მოგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
"გეგმა ურუგვაისა და ფიჯის თამაშის ნახვის შემდეგ არ შეგვიცვლია. ეს (ფიჯისთან) შესანიშნავი შეხვედრა იყო ურუგვაისთვის, თუმცა ჩვენ კარგად ვიცნობდით მათ, ვიცოდით, რომ 4-დღიანი შესვენების გამო მეორე ტაიმში დაიღლებოდნენ, თან შემადგენლობაში მხოლოდ 2 ცვლილება განახორციელეს. ამიტომ, მოსალოდნელი გახლდათ, 80 წუთის თამაში გაუჭირდებოდათ.
დაძაბული პირველი ტაიმი იყო, თუმცა ჩვენ ვიცოდით რას ვაკეთებდით და გავაგრძელეთ თამაში ჩვენივე გეგმის მიხედვით. დახლოებით 20 ქულა მოვიპოვეთ მეორე ტამში და
ეს საკმარისი აღმოჩნდა.
მოთამაშეებზე ზეწოლას ორი მხარე შეიძლება ჰქონდა: ან მოტივაციას გმატებს, ან გბოჭავს. ჩვენ პირველი მარცხის შემდეგ ჩვენს მორაგბეებს მოვთხოვეთ უფრო მეტის გაკეთება და დღეს მათ ეს ყველაფერი შეძლეს.
ალბათ, ჩემს ხელში საქართველოს ნაკრებმა რაღაც პროგრესი განიცადა (იცინის), უკვე 8 წელია აქ ვარ და ეს ჩემთვის მეორე მსოფლიო თასია და ჩვენ პროგრესირებას ახლაც განვაგრძობთ.
თუმცა, ერთი რამ მინდა გავიმეორო, მე დარწმუნებული ვარ, რომ მივეცი ამ გუნდს რაც შემეძლო, ჩავდე მაქსიმუმი, რომ ჩემი მორაგბეები უკეთესები გამხდარიყვნენ და ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
ჩვენ ნაკრები ვართ, შედეგი უმნიშვნელოვანესია. როგორც ვიცი, შეხვედრების 66 % მოვიგე და არა მგონია ეს საკმარისი იყოს, თუმცა გრძელ პერიოდში, მგონია უკეთესები გავხდით. 4 წლის წინ მომდევნო მსოფლიო თასზე ავტომატურად მოვხვდით, ახლაც ეს მიზანი გვაქვს. მომავალში რაც მოხდება, ჩემს ხელთ აღარ იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პროგრესი განვიცადეთ,"- განაცხადა მილტონ ჰეიგმა.
"ვუყურე გუშინ იაპონიის თამაშს და გამიხარდა რომ მოიგეს. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მასპინძლების სენსაციურმა გამარჯვებამ მოტივაცია შემმატა მსოფლიო თასზე. მოხარული ვარ, რომ ჩვენს შეხვედრაში მოივპოვეთ გამარჯვება და შეცდომების მიუხედავად მოედანი თავაწეულებმა დავტოვეთ.
ჩემს მიერ დადებულ ლელოს რაც შეეხება, ის გუნდის ლელო იყო და არა ჩემი, მე უბრალოდ გამიმართლა რომ ბურთი მეჭირა ხელში.
ასევე, მინდა მივმართო მომსახურე პერსონალს, ვინც თამაშის დროს რუსული მუსიკა ჩაგვირთო, გთხოვთ ყურადღებით იყავით და ასეთი შეცდომა აღარ დაუშვათ,"- აღნიშნა ჯაბა ბრეგვაძემ.
ჯაბას შემდეგ ამ საკითხზე მილტონ ჰეიგმაც ისაუბრა:
"მინდა შევეხო მატჩის შემდეგ გაშვებულ მუსიკას. ეს რუსული სიმღერა იყო, ქართველი მომღერლის მიერ შესრულებული, თუმცა რუსული სიმღერა. კიდევ ერთხელ გვინდა ნათელი მოვფინოთ ამ საკითხს: რუსეთი საქართველო არაა და არც საქართველოა რუსეთი. ჩვენ განსხვავებული ენა გვაქვს, განსხვავებული კულტურა, ყველაფერი განსხვავებული. ამიტომ, კარგი იქნება თუ მსოფლიო რაგბი მსგავს საკითხებს უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს."