ყველა შესაძლებლობა ქულებში უნდა ავსახოთ - "ბორჯღალოსნების" კაპიტნის ვარჯიში და კომენტარები

AutoSharing Option
ფოტოები: თამუნა ყულუმბეგაშვილი/rugby.ge

2019 წლის მსოფლიო თასზე გასამართ ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს შეხვედრამდე 20 საათზე ნაკლები რჩება. 3 ოქტომბერს, საქართველოს დროით 09:15 საათზე, "ბორჯღალოსნები" ფიჯის 2023 წლის მსოფლიო თასის პირდაპირი საგზურისთვის ერკინება.

გუნდებმა იაპონიაში უკვე გამართეს ორ-ორი შეხვედრა. ფიჯი ავსტრალიას ერთი საათის განმავლობაში უგებდა, მაგრამ საბოლოოდ 21:39 დამარცხდა. 25 სექტემბერს კუნძულელები ურუგვაის ეთამაშნენ და მოულოდნელად, 27:30 დამარცხდნენ, თუმცა მცირედი სხვაობით მარცხისთვის და 4 და მეტი ლელოს გატანისთვის ორი ბონუს-ქულა აიღეს.

"ბორჯღალოსნებმა" პირველი მატჩი უელსთან გამართა და მეორე ტაიმში კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ ეს
წარმატებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა (14:43), 3 დღის წინ კი ურუგვაის 33:7 სძლია და ბონუსიც აიღო. შედეგად, მოცემული მომენტისთვის საქართველო 5 ქულით D ჯგუფში მესამე, ხოლო ფიჯი 2 ქულით მე-5 ადგილზეა.

დღეს დილით "ბორჯღალოსნებმა" ოსაკაში ტრადიციული, კაპიტნის ვარჯიში გამართა, რის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა და მორაგბეებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

საქართველოს ურუგვაისთან მატჩის შემდეგ, ამ შეხვედრამდე მოსამზადებლად მხოლოდ 3 დღე ჰქონდა, თუმცა მილტონ ჰეიგი ამას პრობლემად არ მიიჩნევს:

"ეს პრობლემა არაა. თავად მოთამაშეებს მოსწონთ კიდეც მოკლე შესვენებები, რადგან არ სჭირდებათ ბევრი ვარჯიში და სწრაფად მოდის თამაშის დღე".

კიდევ ერთი პრობლემა, რომელმაც შესაძლოა გუნდებს ხელი შეუშალოს, ბუნებრივი კლიმატური პირობები და სველი ბურთია. ჰეიგი პრობლემას ვერც ამაში ხედავს:

"მოსამზადებელ პერიოდში, თურქეთში საკმაოდ მძიმე პირობებში ვვარჯიშობდით. საშუალოდ 38 გრადუსი სიცხე და 90% ტენიანობა იყო. ამიტომ მსგავს პირობებს შეჩვეულნი ვართ".

რაც შეეხება მეტოქეს და გამარჯვების ფორმულას, ახალზელანდიელი სპეციალისტი ამბობს:

"ყველამ კარგად იცის, როგორ თამაშობს ფიჯი და ამიტომ, დაცვაში განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს. მაგრამ მხოლოდ დაცვაში კარგი გარჯით დიდ თამაშებს ვერ მოიგებ და ბურთიც უნდა გამოიყენო. მნიშვნელოვანია, კარგად ვითამაშოთ დაცვაში და ამავდროულად, ყველა შესაძლებლობა ქულებში ავსახოთ".

100%-ით მზად ვარ
ფიჯისთან "ბორჯღალოსნებს" სასტარტო შემადგენლობაში უბრუნდება გუნდის კაპიტანი, შუამარბი მერაბ შარიქაძე. მან მუხლის ტრავმა მოსამზადებელ ეტაპზე, "საუზერნ კინგსთან" გასახურებელ მატჩში მიიღო, თუმცა ახლა თავს კარგად გრძნობს და ურუგვაისთან შეცვლაზე 20 წუთიც ითამაშა.

"მუხლი კარგად მაქვს. უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვვარჯიშობდი. ჩვენმა სამედიცინო შტაბმა შესანიშნავად იმუშავა, ფაქტობრივად, შეუძლებელი შეძლო და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ" - ამბობს შარიქაძე და მომავალი მეტოქის ძლიერ მხარეზე ამახვილებს ყურადღებას:

"ყველამ კარგად იცის, როგორი სახიფათოა ფიჯი ბურთით ხელში. ისინი ეცდებიან, რომ ბურთი რაც შეიძლება დიდხანს დაიტოვონ და ამისათვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ პირველივე წუთიდან კუნძულელებს თავს ჩვენი თამაში მოვახვიოთ. ფიჯელებთან არაფერი გამოვა, თუ ბურთს არ მოვუფრთხილდებით. ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ბურთთან მოფრთხილება იქნება".

ისევე, როგორც ჰეიგს, შარიქაძეს კლიმატურ პირობებზე ჰკითხეს, რაზეც კაპიტანმა უპასუხა:

"ამ მსოფლიო თასზე ბურთი ჩვეულებრივზე მეტად სრიალებს. წვიმაზე უფრო დიდ პრობლემებს ნესტი ქმნის. ერთადერთი, რაც ამ შემთხვევაში დაგვეხმარება, კონცენტრაციაა, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი, ბურთის დაჭერა ძალიან ძნელია და ყველას უწევს ამ პრობლემასთან გამკლავება. ამისათვის სპეციალურად ვემზადებოდით - გასაპნული, სველი ბურთით და იმედია, ეს ვარჯიშები დაგვეხმარება".

Sportall.Ge

უმნიშვნელოვანესი თამაში
"ბორჯღალოსანი" ბურჯი ლევან ჩილაჩავა ფიჯისთან მატჩის მნიშვნელობაზე საუბრობს და გუნდის ძლიერი მხარეების გამოყენებაზე ამახვილებს ყურადღებას.

"რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს მსოფლიო თასზე ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია, რადგან თუ მოვიგებთ, 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურს მოვიპოვებთ. ამის შემდეგ ავსტრალიასთან შეხვედრას ამაღლებულ განწყობაზე შევხვდებით და იქ უკვე ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ფიჯის ბურთი არ უნდა მივცეთ და პირველივე წუთიდან ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ. მაქსიმალურად კარგად უნდა გამოვიყენოთ შერკინებები და დერეფანი. თუ ეს ყველაფერი გამოგვივა, წარმატება გარდაუვალი იქნება".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
"ამის შემდეგ ავსტრალიასთან შეხვედრას ამაღლებულ განწყობაზე შევხვდებით და იქ უკვე ყველაფერი შეიძლება მოხდეს." ლევან შენი ამაღლებული განწყობა საქართველოს ყველა მმართველს და ხალხს ))))
ანდრო
15:16 02-10-2019
0
ხვალ უნდა ვაჩვენოთ ქართული სულის და გენის სიძლიერე,მიდით ბიჭებო გაგვახარეთ ჩვენ ხო ესე გვჭირდება ეს
dato-raul
16:44 02-10-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული