"ლელოებისთვის" მილტონ ჰეიგისა და მამუკა გორგოძის ერა დასრულდა. მომავალში მათი წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად განავითარებენ ბურთით მოთამაშე უკანახაზელებს.
საქართველოს ნაკრები სახლში იმედგაცრუებული დაბრუნდა - მათ ვერ მიაღწიეს მიზანს, ვერ მოიგეს ორი შეხვედრა და ვერ დაიკავეს მე-3 ადგილი ჯგუფში, რაც 2023 წლის მსოფლიო თასზე ავტომატურად მონაწილეობის უფლებას მისცემდა.
"ლელოებმა" მხოლოდ ურუგვაის მოუგეს, ფიჯისთან, უელსთან და ავსტრალიასთან წააგეს და ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავეს. 4 წლის წინ კი მე-3 პოზიციაზე იყვნენ.
ქართველები ძალიან კარგად თამაშობდნენ ფიჯისთან 1 საათის განმავლობაში, ავსტრალიასთან ბოლო
10 წუთამდე, თუმცა დაღლილობისა და შეცდომების გამო სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს.
საქართველოს ნაკრები კარგად ურუგვაისთან გამოიყურებოდა და უელსის წინააღმდეგ მეორე ტაიმში, როცა 0:29-ს აგებდნენ და საბოლოოდ 14:43 დათმეს.
მთავარი მწვრთნელი
ალბათ, ძალიან ცოტა მწვრთნელმა, თუ საერთოდ ვინმემ, მიუძღვნა საკუთარი თავი გუნდს ისე, როგორც ეს ახალზელანდიელმა მილტონ ჰეიგმა გააკეთა მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა 2011 წელს. ის მეუღლესა და ორ მცირეწლოვან გოგონასთან ერთად საქართველოში გადავიდა და მისი სიტყვებით, ამ საზოგადოების წევრი გახდა, საქართველო მის გულსა და გონებაში სამუდამოდ დარჩება.
საფრანგეთის ძლიერ ჩემპიონატში მოთამაშე ფორვარდებისა და საქართველოს ნახევრად პროფესიონალურ ლიგაში მოთამაშე უკანახაზელების შეუსაბამობა, ბუნებრივია, ჰეიგს არ დაეხმარა.
როგორც ჩანს, პროგრესი არის და ჩნდებიან ისეთი მორაგბეები, როგორებიც თედო აბჟანდაძე, ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე და ამომავალი ტალანტი გიორგი კვესელაძეა, თუმცა სანამ ისინი არ გაძლიერდებიან და განვითარდებიან, საქართველოს მუდმივად დისბალანსი ექნება.
მათი შერკინება ნორმალურად მუშაობდა, რომ თამაშის გარკვეულ მონაკვეთში ბრძოლა გაემართათ და ასევე, საქართველოს დაცვა ავსტრალიასთან მატჩის ზოგიერთ მომენტში უბრალოდ შეუდარებელი იყო.
მილტონ ჰეიგის ნაცვლად, რომელიც იაპონიაში რჩება და "სანტორი სანგოლიათის" მთავარი მწვრთნელი გახდება, საქართველომ უნდა იპოვოს ისეთი შემცვლელი, რომელიც ზელანდიელივით ბევრს ჩადებს მათ ნაკრებში და ისეთივე პასუხისმგებლობის გრძნობა ექნება.
შეჯიბრების საუკეთესო მოთამაშე
გაგვიჭირდება ავარჩიოთ საუკეთესო მოთამაშე და 2 მათგანს გამოვყოფთ - გიორგი კვესელაძეს, რომელმაც ყველა მატჩი სრულად ჩაატარა და მამუკა გორგოძეს, რაგბის ნამდვილ ლეგენდას, რომელმაც თამაშებში ყველაფერი ჩადო, განსაკუთრებით, ავსტრალიის წინააღმდეგ და ტურნირი 31 ბოჭვით დაასრულა, რომელიც 97%-იანი მაჩვენებელი იყო და საქართველოს რიგებში საუკეთესო გახლდათ.
მოედანს გარეთ მომხდარი დასამახსოვრებელი მომენტი
ეს იყო მომენტი, როცა მაცივარში ჩამჯდარმა ლევან ჩილაჩავამ 2019 წლის მსოფლიო თასის ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე ვანო კარკაძე შეაშინა.
მოედანზე მომხდარი დასამახსოვრებელი მომენტი
"ლელოების" გამარჯვება ურუგვაის წინააღმდეგ და მატჩის საუკეთესო მორაგბე ოთარ გიორგაძის თამაში. ის ჯერ მხოლოდ 23 წლის არის და ძალიან სწრაფი და ძლიერია. ძალისა და სისწრაფის ბალანსით უფრო უკანახაზელს ჰგავს, ვიდრე მორკინალს. რაგბის 2019 წლის მსოფლიო თასმა მხოლოდ ცალი თვალით დაგვანახა მისი თამაში. თვალი მიადევნეთ ტოპ 14-ის მომდევნო სეზონს, სადაც გიორგაძე "ბრივთან" ერთად დაწინაურდა და არაერთი თანამემამულის გვერდით თამაშობს.
რა იქნება მომავალში
ვეტერანები - მამუკა გორგოძე, შალვა სუთიაშვილი, გიორგი ნემსაძე, დავით კაჭარავა და შესაძლოა სხვებიც, ეროვნული ნაკრებიდან წავლენ და გზას იმ ახალგაზრდებს დაუთმობენ, რომლებიც მილტონ ჰეიგმა იაპონიაში წაიყვანა.
საქართველოს ნაკრებს ასე მცირე მონაკვეთში არასდროს უთამაშია ტიერ 1-ის ამდენ ნაკრებთან, როგორც ეს 2019 წლის მსოფლიო თასის მოსამზადებელ და ჯგუფურ ეტაპზე იყო. მთავარია, მათ ამ თამაშებიდან გამოცდილება მიიღო და გამოიყენონ ჰეიგის მიერ დაწყებული პროგრესის გაგრძელებაში.
შეჯიბრების ციტატა
"ერთი განზომილებით მეტოქეს ვერ დაამარცხებ. თუკი დიდი თამაშების მოგებას აპირებ, ბურთის გამოყენებაც უნდა შეგეძლოს." - მილტონ ჰეიგი.
"ის ყოველთვის ბრაზდება, როცა ჩემს თამაშებს უყურებს. ჰგონია, რომ სხვა მოთამაშეები ტკივილს მაყენებენ. მას ისიც კი ჰგონია, რომ ჩემი თანაგუნდელები მაყენებენ ტკივილს და მეუბნება, რომ ჩემს ვარჯიშზე მოვა და მათ გაუბრაზდება. ამიტომაც არის მამიკოს გოგო - ის ყოველთვის ჩემ დაცვას ცდილობს", - ჯაბა ბრეგვაძე საკუთარი 5 წლის ქალიშვილის, ელენეს შესახებ.
რა შედეგი ჰქონდათ მსოფლიო თასზე?
საქართველო - უელსი 14:43
საქართველო - ურუგვაი 33:7
საქართველო - ფიჯი 10:45
საქართველო - ავსტრალია 8:27
საქართველოს ნაკრები ციფრებში
4 - ტიერ 1-ის იმ ნაკრებთა რაოდენობა, რომელსაც საქართველოს ნაკრები 31 აგვისტოდან 11 ოქტომბრის ჩათვლით შეხვდა. ამდენი თამაში ასე მცირე პერიოდში ტიერ 1-ის გუნდებთან საქართველოს არასდროს ჰქონია.
3 - რაგბის ბურთების ოდენობა, რასაც გურამ გოგიჩაშვილის ჟონგლიორობის დროს იყენებდა.
2 - ქართველი მორაგბეების რიცხვი, რომლებმაც 2019 წლის მსოფლიო თასზე ყველა შეხვედრა ძირითადში დაიწყეს - გიორგი კვესელაძე და კონსტანტინე მიქაუტაძე. მხოლოდ კვესელაძემ ითამაშა ყველა წუთი.
33 - ქულების მაქსიმალური ოდენობა, რაც საქართველოს მსოფლიო თასებზე მოუგროვებია. აქამდე მათი რეკორდი 2007 წელს ნამიბიასთან მოპოვებული 30 ქულა იყო.
8 - ქართველი მორაგბეების რაოდენობა, რომლებიც ტოპ 14-ში ახალდაწინაურებულ "ბრივში" თამაშობენ. 4 მათგანი 2019 წლის მსოფლიო თასზე იყო - ვასილ ლობჟანიძე, თედო აბჟანდაძე, ვანო კარკაძე, ოთარ გიორგაძე.
ერთია სურვილი და მეორე საშუალება-შესაძლებლობა - მადლობა "ბორჯღალოსნებს"
"ბორჯღალოსნები": მადლობა ჰეიგს - საფრანგეთში ბევრად უფრო წარმატებული მსოფლიო თასი გვექნება
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო