მიხეილ ნარიაშვილი: ერთმა მოულოდნელმა ზარმა ჩემი მომავალი შეცვალა

AutoSharing Option
მიხეილ ნარიაშვილი იმ მორაგბეთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ჩრდილში ყოფნას ამჯობინებენ და თავის საქმეს ჩუმად აკეთებენ. მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი, საუკეთესო პირველი ნომერის ინტერვიუს იშვიათად თუ შეხვდებოდით.

„ვთვლი და მიმაჩნია, რომ სპორტსმენი მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოს მოედანზე და ვარჯიშში. არაა საჭირო ტელეეკრანების და გაზეთის ფურცლებზე, გნებავთ სოციალურ ქსელში აქტიურობა. თამაშით უნდა მოიპოვო გულშემატკივრის პატივისცემა“ – ასეთია მისი პოზიცია და ძნელია არ დაეთანხმო, მით უმეტეს, როცა იცი რა დროს უთმობდა და უთმობს ვარჯიშს, და რამხელა შრომა აქვს ჩადებული წარმატებული კარიერის აწყობაში.

29 წლის ნარიაშვილი
საფრანგეთში 10 წლის წინ წავიდა და თავის წარმატებულ კარიერას ის ერთ, მოულოდნელ ზარს უკავშირებს. როგორია ნარიაშვილის განვლილი გზა, ვინ დაეხმარა მას უმაღლესი დონის სპორტსმენად ჩამოყალიბებაში, რა გზაა გასავლელი უმაღლეს დონემდე მისასვლელად, როგორია მისი მდგომარეობა ტრავმის შემდეგ - ესაა ის თემები, რომლებზეც ნარიაშვილი ინტერვიუს პირველ ნაწილში გვესაუბრება:

- სად და როდის დაიწყე რაგბის თამაში და რატომ აარჩიე ეს თამაში?
- რაგბის თამაში 2003 წელს ქუთაისში, ჩემი ახლო მეგობრის გამო დავიწყე, რომლის მამა ყოფილი მორაგბე იყო და ბავშვობიდან დიდ ყურადღებას გვითმობდა. 13 წლის ასაკში რაგბს დათო გორდულაძესთან ვეზიარე, რის შემდეგაც ასაკობრივ გუნდებში პაატა ტყაბლაძესთან და ემზარ ძაგნიძესთან ვვარჯიშობდი. ეს იყო იმ პერიოდისთვის კლასიკური საბავშვო სკოლა – ნახევრად მწვანე მოედანი, გასახდელების გარეშე, დიდი მონდომება და ენთუზიაზმი. ძალიან მომწონდა გუნდურობა და ის ურთიერთობა, რომელიც გუნდელებს მოედანსა თუ მის მიღმა გვქონდა და ამან რაგბი პირველივე დღიდან შემაყვარა.

მალე მსოფლიო თასი დაიწყო, სადაც პირველად თამაშობდა საქართველოს ნაკრები და ადრეული ასაკიდანვე გადავწყვიტე – მაქსიმუმი გამეკეთებინა და მეცადა მაღალ დონეზე თამაში. განსაკუთრებული მონაცემებით არ გამოვირჩეოდი, მაგრამ ვარჯიშისთვის დაძალება არ მჭირდებოდა. ბევრს ვმუშაობდი განვითარებისთვის და ამაში ჩემი ოჯახი მეხმარებოდა.

- ვარჯიში, ოჯახი, ნიჭი… - რა არის საჭირო იმისათვის, რომ დამწყები სპორტსმენი მაღალი დონის მორაგბედ იქცეს?
- მონდომება და საკუთარი თავის რწმენა. უნდა გწამდეს, რომ შრომის ხარჯზე ყველაფერი გამოგივა. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი მომენტია გამართლება. მგონი უთქმელადაც ყველამ იცის, რა მომენტში გამიმართლა, ვინ დამეხმარა კარიერის აწყობაში და რა იყო გადამწყვეტი – ეს მამუკა გორგოძეა! 19 წლის ‘აჟენში’ ჩავედი სინჯებზე. მაშინ მამუკას არც ვიცნობდი, მაგრამ რომ გაიგო ახალგაზრდა ქართველი მორაგბე იყო სინჯებზე ჩასული, დამირეკა. ეს ის დროა, როდესაც მისი თამაშის ვიდეოებს youtube-ზე ვუყურებდი და ვერც ვიჯერებდი, რომ ტელეფონის მეორე მხარეს გორგოძე იყო. მან ისე, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით, მეგობრულად მომიკითხა და ამიხსნა ყველაფერი, რა იქნებოდა ჩემთვის უკეთესი. რომ არა ეს ზარი, არავინ იცის როგორი იქნებოდა მომავალი. ჩავედი მონპელიეში და აქედან დაიწყო ჩემს კარიერაში გადამწყვეტი მომენტი.

მანამდე იყო ახალგაზრდული ნაკრებები, ქუთაისის ‘აია’, რომლის შემადგენლობაში უმაღლეს ლიგაში ორი სეზონი ჩავატარე. კითხვას რომ დავუბრუნდეთ, როდესაც ახალგაზრდა, დამწყები მორაგბე ხარ, უნდა გქონდეს მიზანი, გჯეროდეს საკუთარი თავის და მიზნის მიღწევისთვის ბრძოლას არ დააკლო მონდომება. ბევრი რამ უნდა გადადო გვერდზე და იბრძოლო ამ მიზნისთვის.

- ამ მიზნის მისაღწევად, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ დამწყებმა სპორტსმენმა მოედნისა და ვარჯიშების გარდა, იცხოვროს სპორტულად და დაიცვას რეჟიმი?
- უმნიშვნელოვანესია. ვარჯიშის დაწყების პირველივე დღიდან, ყოველთვის ვცდილობდი დასვენების პერიოდში დამესვენა და ვარჯიშისას მევარჯიშა იმაზე მეტი, ვიდრე მომეთხოვებოდა. ინდივიდუალურად მემუშავა ნაკლოვანებების გამოსწორებაზე და ეს ნებისმიერ ასაკში აუცილებელია. სპორტსმენმა არასდროს უნდა ეძებოს საკუთარ თავში პლიუსები და ყოველთვის უნდა გაამახვილოს ყურადღება იმაზე, რაც აქვს გამოსასწორებელი. რაც არ უნდა მაღალი დონის იყოს მოთამაშე და მაგარ გუნდში თამაშობდეს, არ არსებობს იდეალური შემსრულებელი, ყველას აქვს მინუსი და ალბათ, სწორედ ის მორაგბეები ახერხებენ წლების განმავლობაში უმაღლეს დონეზე თამაშს, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ამ ნაკლოვანებების გამოსწორებას.

სამწუხაროდ, ასაკთან ერთად ვეღარ ახერხებ იმდენ ვარჯიშს, რამდენიც 20 წლის ასაკში შეგეძლო, მაგრამ არასდროს უნდა დაავიწყდეს პროფესიონალ სპორტსმენს, რომ ვარჯიშის და სწორი ცხოვრების გარეშე, წარმატება რთული მისაღწევია. ახალგაზრდულ ნაკრებსა თუ ‘მონპელიეში’, მრავლად მინახავს უდიდესი ნიჭით დაჯილდოვებული მორაგბეები, მაგრამ ნაკლები მონდომების გამო, ისინი ძალიან მალე ასრულებდნენ პროფესიონალურ დონეზე თამაშს. ასე რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ვარჯიშს მიღმა სპორტულად ცხოვრება: დასვენება, აღდგენა და ფიქრი იმაზე, რომ მეორე დღეს ახალი ვარჯიშებისთვის მოემზადო. ამის გარეშე, წლებთან ერთად იკარგება ეს ნიჭი და აღარაფერი გრჩება.

- ‘მონპელიეს’ ესპუარებში თამაში 2010 წელს დაიწყე და იმავე სეზონში გუნდთან ერთად საფრანგეთის ესპუართა ჩემპიონატი მოიგე. უცხო გარემოში პირველი წლის გატარება განსაკუთრებით რთულია. რა სირთულეებს აწყდებოდი ამ პერიოდში, რისი გადალახვა გიხდებოდა და როგორ ახერხებდი ამ ყველაფერს?
- საფრანგეთში ჩასვლის პირველ დღეებში სულ ორი რამ მომეთხოვებოდა – ყოველ ვარჯიშზე 1000%-ით დავხარჯულიყავი და მესწავლა ფრანგული ენა, რასაც თავიდანვე დიდი დრო დავუთმე და 5 თვეში გამართულად ვსაუბრობდი ფრანგულად. აუცილებლად უნდა ვთქვა – მამუკას წყალობით სირთულეები ნაკლებად შემხვდა. ძმა რომ მყოლოდა, ის ვერ გამიწევდა იმხელა თანადგომას, რასაც მისგან ვიღებდი, განსაკუთრებით პირველ წლებში და სიმართლე გითხრათ, თავიდან არც ველოდი თუ მამუკასგან ამხელა თანადგომა მექნებოდა. როდესაც ბაზაზე ვცხოვრობდი და ესპუარებში ვვარჯიშობდი, მამუკას კი პირველ გუნდთან ერთად თავისი, ძალზედ გადატვირთული გრაფიკი ქონდა, დილის 7 საათიდან 2 საათამდე მოედანზე იყო, ყავდა მეუღლე და 2 შვილი, მაინც ახერხებდა და თითქმის ყოველ დღე მნახულობდა. დიდ დროს ვატარებდი მასთან სახლში და სულ მარიგებდა. ვერასდროს ვგრძნობდი მისგან კმაყოფილებას ჩემი ვარჯიშით და გამუდმებით მეუბნებოდა, რომ უფრო მეტი იყო საჭირო.

მახსენდება, ერთ დღეს ‘მონპელიეს’ საწვრთნელი ცენტრის მწვრთნელებმა დარბაზის კარი ჩამიკეტეს, მითხრეს, რომ ბევრს ვვარჯიშობდი. ეს ვუთხარი მამუკას და 20 წუთში ის უკვე იქ იყო. მან „ტკბილად უსაყვედურა“ ჩემს მაშინდელ მწვრთნელებს და მალევე ტრენაჟორების დარბაზის გასაღების დუბლიკატი საზეიმო ვითარებაში გადმომცეს (იცინის). შემეძლო ნებისმიერ დროს გამეღო კარი და მევარჯიშა. იმ დროს სხვა მიზანი და სურვილი არც მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავ ქალაქში ვცხოვრობდი და ჩემი გუნდელები ძალიან კარგად ერთობოდნენ, მე უმეტეს დროს ვარჯიშს და აღდგენას ვუთმობდი, რადგან ზუსტად ვიცოდი, მეორე დღესაც 100%-ით უნდა მევარჯიშა. ბაზიდან იშვიათად გავდიოდი და ისიც მამუკასთან ერთად, მხოლოდ მაშინ, როცა ეს საჭირო იყო.

- ერთი წლის შემდეგ უკვე პირველ გუნდთან ერთად იყავი…
- ეს 2011 წელს მოხდა, მსოფლიო თასის პერიოდში. მამუკა გორგოძე და გოდერძი შველიძე ამ დროს ნაკრებთან ერთად მსოფლიო თასზე იყვნენ. პირველ გუნდში იყო გიორგი ჟღენტი. ერიკ ბეშუმ (სამწუხაროდ, ეს ადამიანი მალევე გარდაიცვალა და მასთან დიდი ხნით მუშაობა არ მომიწია) პირველივე ვარჯიშის შემდეგ მითხრა, რაც დღემდე მახსოვს – მიშა, ამიერიდან შენ სულ ჩვენთან იქნები!

ტოპ 14-ში პირველი თამაში რამდენიმე კვირის შემდეგ ჩავატარე, უკვე მამუკაც ჩვენთან იყო. მანამდე გუნდი თამაშებს ვერ იგებდა, საკუთარ მოედანზეც ბევრი შეხვედრა წავაგეთ. ‘ბაიონს’ გასვლაზე ვეთამაშებოდით და მამუკას ფაქტორი იმდენად დიდი იყო, რომ საკუთარი თამაშის მაგალითზე, თითოეული მორაგბის მოტივაცია გააორმაგა. დაუვიწყარი თამაში ჩაატარა და საბოლოოდ სტუმრად 26:17 მოვიგეთ. მე მოედანზე სულ 3 წუთით შევედი და ეს იყო კარიერის ყველაზე რთული 3 წუთი. ასეთი დაღლილი ემოციურად და ფიზიკურად არასდროს ვყოფილვარ. იმ სეზონში სულ 12 თამაში ჩავატარე. ალბათ, აქაც გამიმართლა, რადგან ‘მონპელიეს’ 1 ნომერი, არგენტინელი ხუან ფიგალო სამწუხაროდ დამტვრეული იყო და მე მეტი სათამაშო დრო მომეცა.

2012/2013 წლების სეზონიდან დაწყებული, თუ არ ჩავთვლით გასულ სეზონს მუხლის ტრავმის და ამ სეზონს ვირუსის გამო, ‘მონპელიეში’ საშუალოდ 30 და მეტ შეხვედრას ვატარებდი. ვნახოთ როდემდე შევძლებ დავრჩე საინტერესო მოთამაშედ, რადგან წლებთან ერთად ყველაფერი რთულდება, რაც ნებისმიერი სპორტსმენისთვის გარდაუვალია პროცესია. იმედია, ვიპოვი სწორ გზას, პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩემი მუხლით შევძლო მოედანზე 100%-ით დახარჯვა და გავიხანგრძლივო კარიერა. ‘მონპელიესთან’ კონტრაქტი 2022 წლამდე (კიდევ 2 წელი) მაქვს და ვიმედოვნებ, რომ ამის შემდეგ კიდევ 2-3 წელი მაინც შევძლებ მაღალ დონეზე თამაშს. ვნახოთ რამდენად მომცემს ჯანმრთელობა ამის საშუალებას.

- ასე სერიოზულადაა საქმე?
- დიახ. ამ ტრავმას მარტივად ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ მენისკის ოპერაციით ჩემს კარიერას არაფერი ემუქრებოდა, მაგრამ პირველი ოპერაციის შემდეგ ადრე მომიწია დაბრუნება. გადაბმულად 13 თამაში ჩავატარე და ვიგრძენი, რომ პროგრესის ნაცვლად, მუხლის საქმე რეგრესისკენ მიდიოდა. კუნთი არ ვითარდებოდა, ჩამომიყალიბდა ართროზი, ხრტილის სერიოზული დაზიანება მაქვს და როდესაც გარე მენისკი არ მაქვს, სამწუხაროდ, ხრტილზე ძალიან დიდი დატვირთვა მოდის, შესაბამისად, ტკივილიც უფრო დიდია. გავიკეთე მეორე ოპერაცია და მსოფლიო თასზე თამაში შევძელი, თუმცა, გული მწყდება, რომ ვერ ვიყავი 100%-ით ფორმაში, რადგან მაკლდა სათამაშო პრაქტიკა. ახლა ვცდილობ, რომ ეს იძულებითი შესვენების პერიოდი გამოვიყენო. თუ არ ჩავთვლით ოპერაციას, ჩემს კარიერაში გადაბმულად ორი თვე არასდროს დამისვენია. სახლის პირობებში ვვარჯიშობ და იმედი მაქვს ფეხი გამიმაგრდება. დღესდღეისობით თავს კარგად ვგრძნობ და იმედია, როდესაც ყველაფერი მწყობრში ჩადგება, შევძლებ 100%-ით დაბრუნებას.

ინტერვიუს მეორე ნაწილს 4 მაისს შემოგთავაზებთ

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
როგორადაც მიხეილი ნარიაშვილი აზროვნებს, ესე აზროვნებაც კი ბევრ სპორტსმენს უჭირს, არათუ ცხოვრების წესად ქცევა. როგორ შეიძლება სპორტი და მუსიკა ერთამანეთს შევადარო, არც ვადარებ, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ წარმატებული სპორტცმენების ბიოგრაფიები თითქმის იშვიათია წიგნად გამოცემული, თუ რამდენი შრომა აქვთ ჩადებული წარმატებისთვის რომ მიეღწიად,და რომ მათთვის არ არსებობდა გართობა. სამაგიეროდ ბევრი წიგნია დაწერილი პაგანინის, მოცარტის, ბეთხოვენის და სხვა გენიოსების შესახებ, თუ რამდენ დროს უთმობდნენ ისინი თითოეული მუსიკალური ფრაზის დახვეწას. ეს წიგნები ყველა სპორტცმენმა უნდა წაიკითხოს. მიხეილი აშკარად ნაკითხი კაცი ჩანს. წარმატებები მას. ყოველთვის მიხარია რომ ადამიანს აქვს მადლიერების გრძნობა. ყოჩაღ მამუკა გორგოძეს
ირაკლი
20:04 02-05-2020
0
რა თქმა უნდა ჩემი აზრით, დღეს საუკეთესო ქართველი მორაგბეა. იმედია, ტრავმას მალე მოირჩენს და ძველებურად გააგრძელებს
: )))))))
11:41 02-05-2020
0

სიახლეები პოპულარული