ბექა გორგაძე: ინგლისთან "თვიქენჰემზე" უკომპლექსოდ უნდა ვითამაშოთ

AutoSharing Option

"ბორჯღალოსნებისა" და "ბორდოს" შერკინების შემკვრელი ბექა გორგაძე მიიჩნევს, რომ შოტლანდიასთან 23 ოქტომბერს გამართული მატჩი კარგი გაკვეთილი იყო „შემოდგომის ერთა თასის“ წინ.

„შოტლანდიის მატჩმა დაგვანახა, რა გველოდება „შემოდგომის ერთა თასზე“ და რისთვის უნდა მოვემზადოთ. ეს განსაკუთრებით კონტაქტის არეალს ეხება. ასევე გამოჩნდა ისეთი ფაქტორები, რომლებზეც ვერ ვიმუშავეთ და სასწრაფოდ გამოსასწორებელი გვაქვს – შეტევითი და დაცვითი მოლი. ამ თამაშმა დაგვანახა, რომ იმ სფეროში, რაშიც ადრე ძალიან მაგრები ვიყავით, ბევრი სამუშაო გვაქვს, რადგან უთამაშებლობა და უვარჯიშებლობა თავისას შვრება“ – თქვა გორგაძემ და დაამატა:

„რა
თქმა უნდა, ანგარიშით და თამაშის ხარისხით კმაყოფილები არ ვართ, მაგრამ ეს იყო უმნიშვნელოვანესი შეხვედრა შემდგომი პროგრესისთვის“.

24 წლის მორაგბის აზრით, ხანგრძლივი უთამაშებლობა როგორც ინდივიდუალურად მოთამაშეებზე, ასევე გუნდზე აისახა:

„თბილისში მყოფ მორაგბეებთან შედარებით, კლუბში რამდენიმე თამაშის ჩატარების საშუალება მომეცა, მაგრამ ეს საკმარისი არაა. შოტლანდიასთან მცირე ტრავმით ვითამაშე, კუნთი მქონდა გახეული და ამან სრულად დახარჯვის საშუალება არ მომცა. ტრავმის შესახებ მხოლოდ კლუბში დაბრუნების შემდეგ გავიგე, ვიმკურნალე, უკვე სრული დატვირთვით ვვარჯიშობ და „შემოდგომის ერთა თასისთვის“ სრულ მზადყოფნაში ვიქნები“.

„სამწუხაროდ, როგორც მე, ასევე ზოგადად გუნდს, უთამაშებლობა დაეტყო. გუნდში რამდენიმე ისეთი მორაგბე იყო, რომელთაც შარშანდელი მსოფლიო თასის შემდეგ არ უთამაშიათ, მაგალითად, მერაბ შარიქაძეს; უმრავლესობამ კი, შოტლანდიამდე ბოლოს მარტის დასაწყისში, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. ასეთი ხანგრძლივი უმოქმედობის შემდეგ ძალიან რთულია შოტლანდიის დონის მოწინააღმდეგესთან ტოლ-სწორად თამაში“.

მსოფლიო თასის ფინალისტთან უცნაურ გარემოში
საქართველოში მყოფი "ბორჯღალოსნები" „შემოდგომის ერთა თასისთვის“ „შევარდენზე“ ემზადებიან. ისინი ინგლისში 8 ნოემბერს მიემგზავრებიან, სადაც ლეგიონერები შეუერთდებიან და „შემოდგომის ერთა თასის“ პირველ მატჩს 14 ნოემბერს, 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალისტთან და 2020 წლის ექვსი ერის გამარჯვებულ ინგლისთან გამართავენ.

2003 წლის მსოფლიოს ჩემპიონთან აქამდე ორჯერ გვითამაშია – 2003 და 2011 წლების მსოფლიო თასზე. შეხვედრა საქართველოს დროით 19 საათზე ლეგენდარულ „თვიქენჰემზე“ დაიწყება, მაგრამ 82-ათასიანი არენა მატჩის დღეს ცარიელი იქნება:

„ამ დონის გუნდებთან ზედიზედ ოთხი თამაშის ჩატარება მსოფლიო თასზეც კი არ გვიწევს. ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ „თვიქენჰემზე“ თამაში ყველა მორაგბისთვის განსაკუთრებული მოვლენაა. ტრიბუნაზე მაყურებელი არ იქნება, რაც უცნაურ ატმოსფეროს შექმნის“ – ამბობს გორგაძე და იმედოვნებს, რომ გუნდი შეძლებს უკეთესი თამაშის ჩვენებას:

„უნდა გავიდეთ, უკომპლექსოდ ვითამაშოთ, რასაც გულშემატკივარიც ელოდება. აუცილებელია უკეთ ვითამაშოთ იმ სექტორებში, რაშიც შოტლანდიასთან სუსტები ვიყავით. თუ ჩვენ ეს მოვახერხეთ, თუნდაც ისეთ მეტოქესთან, როგორიც ინგლისია, უკეთესი შედეგი გვექნება. ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ინგლისმაც მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატარა იტალიასთან და მიუხედავად დიდი ანგარიშით გამარჯვებისა, ეს არ იყო მათი საუკეთესო თამაში. და მაინც, ბევრი რამ ჩვენზე იქნება დამოკიდებული და არა მეტოქის სათამაშო ფორმაზე“.

გორგაძე, რომელსაც ნაკრების კვართით 28-ჯერ უთამაშია (2 კაპიტნის რანგში, 8 ლელო), იმედოვნებს, რომ ტურნირის მსვლელობისას არ იქნება ტრავმები, გუნდი მატჩიდან მატჩამდე განვითარდება და მეოთხე შეხვედრაში საუკეთესო თამაშს აჩვენებს:

„იმედია, ტრავმები არ იქნება და თამაშიდან თამაშამდე დავიხვეწებით. კარგი იქნებოდა, მესამე მატჩი უელსთან გვქონოდა, რადგან გამოჩნდა, რომ ის სასურველ ფორმაში ვერაა და აუცილებლად გვექნებოდა შანსი. ლოგიკურად, ფორმის პიკზე მეოთხე, უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში უნდა ვიყოთ და გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ“.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
ცუდს მიგრძნობს გული
მთ
14:01 08-11-2020
0
რ ა ქ ე ბ შ ი უნდა იბრძოლოთ, დასწრებაზე ყველაზე ძლიერად ბიჭებო და ბურთი ა რ დათმოთ ...უკანა ხაზმა გაცილებით მეტი უნდა იმუშაოს დამუშავებული გაჭრები- გარღვევებისათვის კომბინაციებე, დაცვა თავდადებით და ...
გლახუნა
20:35 06-11-2020
1

სიახლეები პოპულარული