კოტე მიქაუტაძე: უნდა დავივიწყოთ, ვის ვეთამაშებით და პროგრესზე ვიფიქროთ

AutoSharing Option
"ბაიონის" მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე უკვე ინგლისშია და "ბორჯღალოსნებთან" ერთად "შემოდგომის ერთა თასის" მომავალი თამაშებისთვის ემზადება.

29 წლის "ბორჯღალოსანმა" წლის დასაწყისში აქილევსზე ურთულესი ტრავმა მიიღო, რის გამოც რვა თვე გაუცდა და "მონპელიემაც" კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივა. მან ცოტა ხნის წინ დაასრულა რეაბილიტაცია, ტოპ 14-ის "ბაიონს" სამედიცინო ჯოკერის სტატუსით შეუერთდა და უკვე სამი თამაშის ჩატარებაც მოასწრო.

"8-თვიანი პაუზის შემდეგ ჯერჯერობით საუკეთესო ფორმისგან შორს ვარ, თუმცა კვირიდან კვირამდე პროგრესი აშკარად იგრძნობა. დიდ დროს ვუთმობ ფიზიკურ მომზადებას", - ამბობს მიქაუტაძე, რომლისთვისაც "შემოდგომის ერთა თასზე" თამაში
მსოფლიო თასზე მონაწილეობის ტოლფასია:

"ეს ტურნირი ქართული რაგბის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ ზედიზედ მეორე წელია მსოფლიო თასს ვთამაშობთ. ეს შანსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და ყველა კომპონენტის განვითარებისთვის და რაც მთავარია, თამაშიდან თამაშამდე გავაკეთოთ სწორი ანალიზი, რათა პროგრესის გზაზე სწორი მიმართულებით ვიაროთ".

"მომენტების გამოყენება უნდა ვისწავლოთ"

სანამ მიქაუტაძე რეაბილიტაციას დაასრულებდა და ნაკრებს შეუერთდებოდა, "ბორჯღალოსნებმა" ორი თამაში გამართა - შოტლანდიასთან გასახურებელი მატჩი და რვა ერზე ინგლისთან. კოტე გუნდის პროგრესით კმაყოფილია და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, ამ დონეზე მომენტების რეალიზება ვისწავლოთ:

"გუნდში მრავლად არიან ახალი მოთამაშეები, რომელთაც პანდემიიდან გამომდინარე, არა მხოლოდ მაღალი დონის შეხვედრები, არამედ საერთოდ სათამაშო პრაქტიკა და შეთამაშება აკლიათ".

"მიუხედავად ინგლისის ნაკრებთან დაფიქსირებული შედეგისა, გუნდს დაცვაში აშკარა პროგრესი ეტყობოდა. გაკეთდა 100-ზე მეტი ბოჭვა და მხოლოდ 10 გაფუჭდა. უკეთესობა იყო დისციპლინის მხრივაც, წინა მატჩთან შედარებით ნაკლები ჯარიმა ავიღეთ და ბურთსაც მეტხანს ვაკონტროლებდით".

"მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დონის მეტოქეებთან თამაშისას ჩვენი მომენტების მაქსიმალურად გამოყენება ვისწავლოთ. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, თუ კონკრეტული მომენტის რეალიზებას ვერ ვახერხებთ, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან ვიცით, რომ შანსი კიდევ გვექნება, მაგრამ ტიერ1-ის გუნდებთან სხვა სიტუაციაა. აქ ბურთს მეტი გაფრთხილება სჭირდება. ინგლისთან და მისი დონის გუნდებთან თამაშისას უნდა ვეცადოთ, რომ დაცვაში ნაკლები დრო გავატაროთ, რადგან ისინი შეცდომებს ნაკლებად გპატიობენ".

"უნდა დავივიწყოთ, ვის ვეთამაშებით"

"შემოდგომის ერთა თასის" მეორე ტურში "ბორჯღალოსნები" უელსს ჰლანეჰლიში, 21 ნოემბერს ეთამაშება. აქამდე "დრაკონებს" ორჯერ შევხვდით – 2017 წელს "მილენიუმზე" (6:13) და 2019 წლის მსოფლიო თასზე იაპონიაში (14:43).

აღსანიშნავია, რომ უელსელებს 2020 წლის პირველ მატჩში, პირველ თებერვალს იტალიასთან მოგების შემდეგ, ზედიზედ ექვსი მარცხი დაუგროვდათ. კოტეს აზრით, ეს მეტოქის მოტივაციას ამაღლებს, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი თამაშის ხარისხის გაუმჯობესება:

"ბოლოდროინდელი შედეგების მიუხედავად, უელსი ძალიან ძლიერი ნაკრებია და სწორედ იმიტომ, რომ ამდენი ხანია არ მოუგია, ჩვენთან გაათმაგებული მოტივაციით ითამაშებს", - აღნიშნავს მიქაუტაძე და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი თამაშის გაუმჯობესება:

"თუ პროგრესი გვინდა, უნდა დავივიწყოთ, ვის ვეთამაშებით და კონცენტრაცია მოვახდინოთ იმაზე, ჩვენ რას გავაკეთებთ. განვლილი თამაშების ანალიზის შედეგად უნდა გამოვასწოროთ ჩვენი სუსტი მხარეები. მნიშვნელოვანია მეტი თვითდაჯერებულობა, მეტი თვითკრიტიკა ინდივიდუალურად და საკუთარ თავზე მუშაობა".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
ნამდვილად კოტე. არც ერთ სპორტში არ მესმის ვის ვეთამაშები იმაზე ფიქრი და შიში, პირიქით უნდა გიხაროდეს რომ უკეთესს ეთამაშები და საუკეთესოდ უნდა წარმოაჩინო თავი. აბა რისთვის ვარჯიშობს ადამიანი, თუ გინდ ხელჩართული ბრძოლა იყოს. ამას გარდა მთელი ქვეყნის დგომას გვერდში უნდა გრძნობდეთ და ამის გულისთვის კიდევ. უფრო მეტად მოინდომოთ. ბევრს არ ეძლევა საშუალება და მხოლოდ რჩეულთა ხვედრია ქვეყნის მაისურის მორგება. აქტიურ სპორტს რომ თავი დავანებე მუხლის ტრამვების გამო ბილიარდს მივყევიხელი რომელიც ბავშვობიდან მიყვარდა. ერთი პროფესიონალი ჩემპიონი მეგობარი მყავდა რომელიც გარდაიცვალა და როდესაც ახალი დაწყებული მქონდა შეჯიბრებებზე თამაში ყოველთვის თვალს მადევნებდა რადგან ერთ საბილიარდოში ვვარჯიშობდით და ხშირად მაძლევდა მითითებებს თუ რა მევარჯიშა ხშირად მხედავდა რომ 6-7 საათი ვვარჯიშობდი. ერთი ტურნიტის დროს მიყურებდა რადგან რამოდენიმე გავმაზდე და რაც მეტი შეცდომა მომივიდა ნერვებზე შემატყო რომ ავღელდი და კიდევ ცასაგდები 9-იანი დავტოვე ლუზაში. მანიშნა შესვენება აიღე და გერეთ გამოდიო. გავედი მეკითხება რომ გამაზე იმის შემდეგ რა ფიქრი გქონდა თავშიო? მე ვუთხარი რომ ვფიქრობდი რომ არ გამემაზა შემდეგი ჩემი რიგი რომ მომივიდოდა მეთქიო. ხო და რა ჰქენი შემდეგ შარზეო? მე ვუთხარი კიდევ ვერ ჩავაგდე მეთქი. მითხრა არ შეიძლება ვერ ჩავაგდებ ამის თავში გაფიქრებაც კი დარტყმის წინ, ვერ ჩავაგდებ უკვე უარყოფითია და ამის გაფიქრების გამო უფრო დიდი შანსია რო ვერ ჩააგდო. მოდი დაგენიძლავები ის 9-ანი რომ დაგიდო წინ ვიცი რომ ალბათ 10 დან 10ს ჩააგდებ. ასევე არასდროს თავში არ გაიფიქრო რომ ვაი რომ წავაგო რადგან აუცილებლად წააგებ. და ყველა აგებს, მაგრამ ზოგი ნაკლებს ზოგი მეტს ამიტო ამაზე ფიქრი უნდა დაივიწყო. Gხედავ ბევრს ვარჯიშობ, რაც განახე ყველაფერს ასრულებ ხოდა გადი და იმაზეც ნუ იფიქრებ რომ ვიღაცას ეგთამაშები, რადგან შენი ჯერი რომ მოვა მაგიდას ეთამაშები შენ, მაგიდა და შარები ამიტომ ხელს არავინ არ უნდა გიშლიდეს არ მოწინააღმდეგე არც გვერდზე გამვლელი შენ და ბილიარდის მაგიდა და ერთი შარი მეორეს შემდეგ და ასე მიყოლებით სანამ ყველა არ გაქრება მაგიდიდან... შევედი უკან საბილიარდოსი და ძალაინ გამიჭირდა თავიდან ამის ყველაფრის გააზრება, მაგრამ ნელ ნელა ერთი შარი მეორეს შემდეგ და ასე ნელა მთლიანად გამოვთიშე გარემოება მოწინააღმდეგე და მხოლოდ შარებს , განლაგებას და ლუზებს ვხედავდი და ლუზები დიდი მეჩვენებოდა და თამაშიც ნელ ნელა მოვატრიალე და იმ ტურნირზე მეორე ადგილას გავედი 128 მოთამაშეს შორის...ასე რომ ბევრი ჩვენი ნაკრებები და გუნდები თამაშებს მოედანზე გასვლამდე აგებენ, თუ გინდ რაგბი იყოს თუ გინდ ფეხბურთი ან კალათბურთი და როდესაც ეს ჩვევაში გადადის იქიდან გამოძრომა ძნელია. სპორტში კი, თავმდაბალი უნდა იყო ვარჯიშისას, ინტერვიუების მიცემის დროს მაგრამ მოედანზე რომ გახვალ უდედესი ამპარტავანი უნდა გახდე ისეთი რომ შენი დამმარცხებელი არავინ არ უნდა შენს ტვინში და გადი თავისუფლად მოედანზე და ის დიდი ჯაფა ვარჯიშის დროს გაწეული თავისას გაიღებს.
niko
17 ნოემბერი 2020 07:06
0
მართალია კოტე. მთავარი ფრაზებია: 1) "უნდა დავივიწყოთ ვის ვეთამაშებით". 2) "მნიშვნელოვანია მეტი თავდაჯერებულობა". ესაა ჩვენთვის რაგბიში ყველაზე მთავარი.
პ.ს. ისე ცხოვრებაშიც ასეა )
SL
17 ნოემბერი 2020 01:05
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული