"რაგბი ევროპა" მიხეილ ალანიაზე - მამის ნაკვალევზე

AutoSharing Option
რუსეთთან 7 თებერვალს გასამართ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე „რაგბი ევროპის“ ოფიციალურმა საიტმა ახალგაზრდა "ბორჯღალოსნის", მიხეილ ალანიას ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელსაც დებიუტი „შემოდგომის ერთა თასზე“ ირლანდიასთან ჰქონდა:

„მიხეილ ალანია ორი წლისაც არ იყო, როდესაც საქართველომ 2002 წლის ოქტომბერში რუსეთი დაამარცხა და პირველად ისტორიაში, მსოფლიო თასზე ავსტრალიაში ითამაშა. ეს იყო ღირსშესანიშნავი მომენტი ქვეყნისა და ალანიების ოჯახისთვის, რადგან 17:13 მოგებულ მატჩში მიშიკოს მამა, კახა თამაშობდა.

„მამის თამაში არ მინახავს, მაგრამ ხშირად მსმენია, რომ ის დიდი მორაგბე იყო“ – ამბონს 20 წლის მიშიკო მამაზე, რომლის
ანგარიშზე 25 კეპია:

„ის იყო ტექნიკური და გამოირჩეოდა კარგი ხელის ტექნიკით. 2002 წელს რუსეთთან მოგებული მატჩის შესახებ ბევრი მსმენია, თუმცა თავად ძალიან პატარა ვიყავი და მხოლოდ ფრაგმენტები მახსოვს. ძალიან მინდა ამ თამაშის ნახვა, თუმცა ჩანაწერს ვერსად მივაგენი. ამაყი ვარ, რადგან მამაჩემმა ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა“.

მიუხედავად იმისა, რომ კახა ნაკრებში 1993-2004 წლებში თამაშობდა, მას არასდროს დაუძალებია შვილისთვის რაგბის თამაში და მიშიკო ბავშვობაში ფეხბურთზე დადიოდა:

„რაგბიზე არჩევანი ჩემით გავაკეთე და 13-14 წლისას უკვე მქონდა მიზანი, რომ მოვხვედრილიყავი ჯერ შესაბამის ასაკობრივ და მერე ეროვნულ ნაკრებში. მსურდა მენახა, რამდენად შორს შევძლებდი წასვლას“.

„თამაში მამის მეგობრის შვილებთან ერთად, "ჩოხოსნებში" დავიწყე. მე და კახა სხვადასხვა პოზიციაზე ვთამაშობთ – ის ცენტრი იყო, მე 9 ნომერი ვარ, თუმცა მამა ჩემთან დიდ დროს ატარებდა და მეხმარებოდა სარაგბო უნარების დახვეწაში“.

„ძალიან კარგად მახსენდება 20-წლამდელთა ნაკრებში გატარებული პერიოდი, რა დროსაც ბევრი რამ ვისწავლე. ძალიან ძლიერი სამწვრთნელო შტაბი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული პერსონალი გვყავდა. გუნდში პირველად სამი წლით ადრე დამიძახეს და როდესაც ასაკმა მომიწია, უკვე თავს კარგად ვგრძნობდი. ძალიან მაგარი იყო ახალი ზელანდიის წინააღმდეგ თამაში. რა ასაკშიც უნდა იყოს, ყველა მორაგბის ოცნებაა, რომ "ოლ ბლექსის" წინააღმდეგ ითამაშოს. ახლა ეს ბიჭები სუპერრაგბის თამაშობენ და ზოგიერთი მათგანი ეროვნულ გუნდშიც მოხვდა. სწორედ 20-წლამდელთა ნაკრებიდან დამიძახეს ეროვნულ გუნდშიც. ასე რომ, ეს პერიოდი ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო მოგონებაა და ასეთად დარჩება“.

Sportall.Ge

2019 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე წარმატებული თამაშის შემდეგ მიშიკოს უკვე ეროვნულ გუნდში, 2019 წლის მსოფლიო თასის წინ შეკრებაზე უხმეს. ალანია იხსენებს:

„20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ვთამაშობდი, როდესაც ეროვნული გუნდის მენეჯერის მესიჯი ვნახე. გუნდის შეკრებაზე დამიძახეს და ძალიან აღელვებული ვიყავი. გახარებული იყო ჩემი ოჯახის თითოეული წევრი, რომლებიც მაქსიმალურად მეხმარებიან. მაშინ თამაშმა არ მომიწია, თუმცა შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი“.

ალანიამ პირველი კეპი 2020 წლის ნოემბერში დუბლინში, „შემოდგომის ერთა თასზე“ ირლანდიასთან მოიხვეჭა. ის ფიქრობს, რომ მას და სხვა ახალგაზრდა მოთამაშეებს 2021 და მომდევნო წლებში კიდევ უფრო მეტი შანსი მიეცემათ.

ალანიას ამის შესაძლებლობა ნამდვილად ექნება, რადგან ის რუსეთთან გასამართი მატჩისთვის გაფართოებულ შემადგენლობაშია გამოძახებული:

„მოედანზე თავდაჯერებულები გავალთ, რადგან შემოდგომაზე მსოფლიოს საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ ღირსეულად ვითამაშეთ და ყველას ვაჩვენეთ, რომ ასეთ შანსებს ვიმსახურებთ. ამ პერიოდში ერთად თვეზე მეტი დრო გავატარეთ და შევიკარით. მატჩიდან მატჩამდე ვვითარდებოდით, შევთამაშდით და უფრო კარგად გვესმოდა ერთმანეთის“.

„ჩემი მიზანია, რომ 2021 წელს ეროვნული გუნდის სრულფასოვან წევრად ვიქცე, სამწვრთნელო შტაბის ნდობა დავიმსახურო და მეტი სათამაშო დრო მივიღო. ვფიქრობ, შანსი აუცილებლად მომეცემა და მის გამოყენებას ვეცდები“.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჭარმატებები მიშიკო
daviti
12:12 04-02-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული