რაგბი ევროპა - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა რუსეთთან

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 7 თებერვალს რუსეთთან გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა, რომელიც აქამდე ორჯერ გადაიდო, „მიხეილ მესხზე“ 15:00 საათზე დაიწყება. სამწუხაროდ, კოვიდ-პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო მატჩს გულშემატკივარი ვერ დაესწრება.

მიუხედავად იმისა, რომ გაფართოებულ რაზმში ათი უკეპო მორაგბე იყო, 23-კაციან განაცხადში მათგან მხოლოდ ერთი, ბურჯი გიორგი ნუცუბიძე მოხვდა, რომელსაც აქამდე უმცროსი "ბორჯღალოსნების" რიგებში უთამაშია. 22 წლის მორაგბე, რომელიც ბოლო ორი სეზონია პრო დე2-ის "ბიარიცის" შეუცვლელ მორაგბედ იქცა, თამაშში მარქაფიდან ჩაერთვება.

შერკინება

შერკინების პირველ ხაზში
ორწლიანი შესვენების შემდეგ ბრუნდება გამოცდილი ბურჯი ზურაბ ჟვანია, რომელიც ბექა გიგაშვილს შეუწყვილდება, კვაჭი კი შალვა მამუკაშვილია. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 18 მატჩიდან 17 შემთხვევაში მამუკაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო.

მეორე ხაზში ერთმანეთს პირველად შეუწყვილდებიან ლაშა ჯაიანი და გიორგი ჯავახია, რომელთა კეპების საერთო რაოდენობა მხოლოდ 10-ია. ჯავახიას ნაკრების კვართით ოთხჯერ უთამაშია, თუმცა ყველა ჯერზე შეცვლაზე შევიდა და ახლა სასტარტოში პირველადაა.

2018 წლის ივნისის შემდეგ პირველადაა სასტარტო შემადგენლობაში მიხეილ გაჩეჩილაძე. მის ანგარიშზე 12 კეპია, თუმცა სასტარტოში აქამდე მხოლოდ 3-ჯერ უთამაშია და ბოლო ხუთ შემთხვევაში მარქაფაში იყო. მეორე ფლანკერი ბექა საღინაძე იქნება, რომელმაც ამ პოზიციაზე ადგილი დაიმკვიდრა, ხოლო შერკინების შემკვრელად ახალგაზრდა თორნიკე ჯალაღონიას ვიხილავთ.

სასტარტო შემადგენლობაში მყოფი მორკინალების კეპების ჯამი 179-ს შეადგენს და მათი დაახლოებით ორი-მესამედი ორ მორაგბეზე - ჟვანიასა და მამუკაშვილზე მოდის.

ხაზი

სასტარტო შემადგენლობაში პირველადაა 18 წლის დავით ნინიაშვილი, რომელიც ფულბეკის პოზიციას დაიკავებს. მან "შემოდგომის ერთა თასზე" ირლანდიასა და ფიჯისთან შეცვლაზე ითამაშა.

შარშან ესპანეთთან მატჩის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ბრუნდება თამაზ მჭედლიძე, რომელიც ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს შეუწყვილდება.

ერთწლიანი შესვენების შემდეგ "ბორჯღალოსნების" კვართს კვლავ მოირგებს მირიან მოდებაძე, რომელმაც შარშან, პირველ თებერვალს რუმინეთის წინააღმდეგ ითამაშა და ახლა გუნდს დაუბრუნდა. მეორე ფრთა აკა ტაბუცაძე იქნება, რომელიც "ბორჯღალოსნებს" შარშან გაუშინაურდა.

ცენტრში კვლავ ვასილ ლობჟანიძისა და თედო აბჟანდაძის წყვილს ვიხილავთ. 2018 წლის ნოემბრიდან დღემდე, ეს წყვილი მე-16 თამაშს იწყებს, თედოს ანგარიშზე კი სულ 20 კეპია.

სასტარტო შემადგენლობაში მყოფი ხაზის მოთამაშეების კეპების ჯამი 229-ს შეადგენს, ანუ შვიდ ბექს უფრო მეტი საერთაშორისო თამაში აქვს ჩატარებული, ვიდრე რვა ფორვარდს.

მარქაფა

დებიუტანტი გიორგი ნუცუბიძის გარდა, პირველი ხაზის მარქაფაში არიან გიორგი ჭყოიძე და გიორგი მელიქიძე, რომელთაც ნაკრებში თამაშის საკმარისი გამოცდილება დაუგროვდათ.

მეორე ხაზში შეცვლაზე დავით გიგაურს ვიხილავთ, რომელმაც "შემოდგომის ერთა თასი" გამოტოვა; ხოლო მესამე ხაზს გამოცდილი გიორგი (კოკი) თხილაიშვილი გააძლიერებს.

ლობჟანიძის შემცვლელად, ტრადიციულად, გელა აფრასიძეს ვიხილავთ. ხაზის მარქაფაში გამოცდილი ლაშა ხმალაძე და ახალგაზრდა დემე თაფლაძე არიან.

მარქაფაში მყოფი მორაგბეების კეპების ჯამი 220-ია.

Sportall.Ge

2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი
V ტური (გადადებული მატჩი)
7 თებერვალი. თბილისი. "მიხეილ მესხი". 15:00
საქართველო – რუსეთი

საქართველო

ხაზი:
15. დავით ნინიაშვილი (2 კეპი), 14. აკა ტაბუცაძე (7 კეპი, 30 ქულა), 13. თამაზ მჭედლიძე (60 კეპი, 35 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (71 კეპი, 60 ქულა), 11. მირიან მოდებაძე (13 კეპი, 30 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (20 კეპი, 118 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (56 კეპი, 40 ქულა);

შერკინება: 1. ზურაბ ჟვანია (40 კეპი, 55 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (78 კეპი, 50 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (18 კეპი, 5 ქულა), 4. ლაშა ჯაიანი (6 კეპი), 5. გიორგი ჯავახია (4 კეპი), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (12 კეპი, 10 ქულა), 7. ბექა საღინაძე (17 კეპი, 15 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (4 კეპი);

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (13 კეპი, 5 ქულა), 17. გიორგი ნუცუბიძე (უკეპო), 18. გიორგი მელიქიძე (22 კეპი, 10 ქულა), 19. დავით გიგაური (6 კეპი, 5 ქულა), 20. გიორგი თხილაიშვილი (60 კეპი, 60 ქულა); 21. გელა აფრასიძე (29 კეპი, 24 ქულა), 22. ლაშა ხმალაძე (85 კეპი, 53 ქულა), 23. დემე თაფლაძე (5 კეპი, 5 ქულა).

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 7 /
ოჰოო, ლამაზი და მაგარი თამაშის მოლოდინში ვარ. ბევრი საინტერესო ახალგაზრდაა შემოდგენლობაში. ჟვანიას დაბრუნებასაც მივესალმები. წარმატებები ჩვენს ბიჭებს და სამწვრთნელო შტაბს!
შოთა
09:29 06-02-2021
0
ჩილაჩავას ტრავმა მორჩენილი აქვს და თამაშებშიც მიიღო მონაწილეობა, რატომ არაა? აშკარად გვაკლდა ინგლისში...იაშაღაშვილისაც ვერაფერი გავიგე, გამორჩეული იყო როცა ათამაშეს.
emigranti
03:15 06-02-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული