მაისაშვილი: რუსეთი ცდილობს უსიამოვნო ტრადიცია დაარღვიოს - მზად ვართ შინ გამარჯვებულები დავბრუნდეთ

AutoSharing Option
კალინინგრადში რუსეთთან გასამართ მატჩამდე ერთი დღით ადრე, "ბორჯღალოსნებმა" კაპიტნის ვარჯიში გამართეს, მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა კი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

"წინასწარ ვიცოდით, რომ რუსეთთან მატჩისთვის, თამაშებს შორის 6-დღიანი სხვაობის და გადაფრენების გათვალისწინებით, მოსამზადებლად შედარებით მცირე დრო გვექნებოდა და ამისათვის მზად ვიყავით. ფიზმომზადებისა და სამედიცინო შტაბმა ფასდაუდებელი სამუშაო გაწია, რათა რეაბილიტაცია და აღდგენა მომხდარიყო. კვირის განმავლობაში სულ ორი ვარჯიში გვქონდა - სამშაბათს დატვირთვის გარეშე და ოთხშაბათს დაბალი ინტენსივობის, რადგან ამდენი გადაფრენის ფონზე, დიდი იყო ტრავმის მიღების საფრთხე. სამაგიეროდ, ეს კვირა დატვირთული იყო
ანალიტიკური კუთხით.

ვიცოდით, რომ დრო არ გვექნებოდა და ამიტომ, მოსამზადებელ ეტაპზე ძირითადი დატვირთვა ესპანეთთან მატჩის კვირაში გვქონდა. გუნდში მრავლად გვყავს ახალგაზრდები, რომლისთვისაც ესაა შანსი, რომელიც უნდა გამოიყენონ. არაერთი მაგალითია იმისა, რომ ტრავმების, თუ სხვა მიზეზით დანაკლისის გამო, ძირითადში დაწინაურებულ მორაგბეებს თავი გამოუჩენიათ და გუნდში ადგილი დაუმკვიდრებიათ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბიჭები იბრძოლებენ და მეტოქეს არაფერს დაუთმობენ.

რუსეთი მუდამ ცდილობს, რომ თავისთვის უსიამოვნო ტრადიცია დაარღვიოს და ეს ჩვეულებრივი მომენტია. თბილისში, თვენახევრის წინ, პირველი ტაიმის 0:0 დასრულების შემდეგ, მათ თავდაჯერებულობა მოემატათ. ისინი შემადგენლობაში ახალ სახეებს ხედავენ და საკუთარ კედლებში თამაშს ოპტიმიზმით ხვდებიან, მაგრამ ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს. ყველა მოთამაშეს გათვითცნობიერებული აქვს ამ თამაშის მნიშვნელობა და მზად ვართ იმისთვის, რომ შინ გამარჯვებულები დავბრუნდეთ.

ახალგაზრდული გუნდი გვყავს, თუმცა კარგად ვართ შეთამაშებული. რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგების პარალელურად, ჩვენი მიზანი ახალი მოთამაშეების გამოცდაა. ამ ტურნირზე აქცენტს შეტევაზე ვაკეთებთ, მოწინააღმდეგეებიც განსაკუთრებულად მონდომებული არიან პორტუგალიასა და ესპანეთისგან თითო ლელო გავუშვით.

რუსეთს მომატებული აქვს, განსაკუთრებით შერკინებაში, რაც ჩვენთანაც გამოჩნდა და რუმინეთთანაც. რაც შეეხება ამინდს, მას ჩვენ ვერ ვუკვეთავთ და ის ორივე გუნდისთვის ერთნაირი იქნება".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული