პრეზიდენტი ნაკრების წევრებს დაჰპირდა, რომ მათი წარმომადგენელი აუცილებლად იქნება რაგბის კავშირის გამგეობაში და გარდა ამისა, რეგულარულად მოხდება შეხვედრები პრეზიდენტსა და ნაკრების კაპიტანს შორის, სადაც გუნდის საჭიროებებზე შუამავლის გარეშე ისაუბრებენ.
ტყემალაძემ შეხვედრისას აღნიშნა, რომ ახალი სეზონიდან მნიშვნელოვნად გაიზრდება ქართული კლუბების დაფინანსება და მისი ოდენობის განსაზღვრისას, გათვალისწინებული იქნება ბავშვთა გუნდების ვერტიკალი. ასევე დიდი ყურადღება მიექცევა კლუბების მენეჯმენტის საკითხს
"ქვეყნის ნაკრები ეროვნული საგანძურია და მას ყველა უნდა გავუფრთხილდეთ. პირველსავე გამგეობაზე დავაყენებ საკითხს, რომ მისი წარმომადგენელი იყოს გამგეობაში. გარდა ამისა, ნაკრების მიერ არჩეული პერიოდულობით, მოხდება შეხვედრა კაპიტანთან და სხვადასხვა საკითხს პირადად გავივლით" – უთხრა მორაგბეებს შეხვედრისას ტყემალაძემ და დასძინა:
"ეს ბიჭები საამაყონი არიან მთელი ქვეყნისთვის და უდიდესი მომავალი აქვთ. მათ ვესაუბრე სამომავლო გეგმებზე და აღვუთქვი თანადგომა ნებისმიერი საკითხის გადაჭრაში. მათ ეყოლებათ საკუთარი წარმომადგენელი გამგეობაში, რომელიც ნაკრების სათქმელს ჩვენამდე მოიტანს".
"ბორჯღალოსნების" კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ აღნიშნა, რომ სიტუაციის დამშვიდებით ყველა კმაყოფილია, რადგან არასტაბილური ფონი თამაშის ხარისხზეც აისახებოდა. ის ასევე მოხარულია, რომ ნაკრებს გამგეობაში ეყოლება საკუთარი წარმომადგენელი და რეგულარულ ხასიათს მიიღებს პირადი შეხვედრები:
"საინტერესო შეხვედრა იყო. ბატონმა სოსომ მოგვილოცა გამარჯვება და გვისურვა წარმატებები მომავალ შეხვედრაში. ვისაუბრეთ ნაკრების სამომავლო გეგმებზე. ხაზგასმით ითქვა, რომ იქნება ფრენჩაიზი, რაც ყველა ჩვენგანისთვის დიდი მოტივაციაა. ესაა ერთადერთი საშუალება, რათა მოხდეს როგორც მოთამაშეთა ინდივიდუალური, ასევე გუნდური განვითარება, რადგან ნაკრებს ფიზიკურად ვერ ექნება ამ რაოდენობის მაღალი დონის თამაშები" – თქვა შარიქაძემ და ერთიანობის ნიშნად, პრეზიდენტს "ბორჯღალოსნების" სათამაშო კვართი გადასცა.
შეხვედრით კმაყოფილი დარჩა "ბორჯღალოსანთა" გამოცდილი კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე:
"იმედისმომცემი შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებსა და კრიზისიდან გამოსვლის გზებზე. ყველას გაგვიჩნდა იმედი, რომ ქართულ რაგბის ნათელი მომავალი ექნება".
rugby.ge