"ბორჯღალოსნები" - რუმინეთთან ორი თასისთვის

AutoSharing Option
28 მარტს "ბორჯღალოსნები" 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე მატჩს შინ, „მიხეილ მესხზე“ რუმინელების წინააღმდეგ გამართავს და მოგების შემთხვევაში, ვადაზე ადრე მოიპოვებს მთავარ ჯილდოს.

აღსანიშნავია, რომ თამაშს სამმაგი დატვირთვა ექნება. გარდა 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტულისა, ამ გუნდებს შორის გათამაშდება ტრადიციული, „ანთიმოზ ივერიელის თასი“; გარდა ამისა, წლევანდელი და მომავალი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯამის მიხედვით, ორი მოწინავე 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურს მიიღებს.

ჩვენ და რუმინეთი 2000 წლიდან მინიმუმ ერთხელ ყოველწლიურად ვეთამაშებით ერთმანეთს
და დღემდე გამართული 24 მატჩიდან (11-11 შინ და გარეთ, 2 ნეიტრალურზე), 14 "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით დასრულდა, 9 - „მუხების“ (რუმინეთის ნაკრების თიკუნი), ერთხელ კი ფრე დაფიქსირდა. საქართველომ მეტოქეს გაუტანა 45 ლელო და 476 ქულა, თავად კი 32 ლელო და 394 ქულა გაუშვა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატზე (და მის წინამორბედ ერთა თასზე) რუმინეთი ერთ დროს ჩემპიონობის მთავარი კანდიდატი იყო და 5-ჯერ შემართა ჯილდო, თუმცა მერე "ბორჯღალოსნებმა" იმძლავრა და ტიტული 12-ჯერ მოიპოვა.

მთავარ და პრინციპულ მეტოქესთან, ქართული მხარის ინიციატივით, 2002 წლიდან თამაშდება საზიარო, „ანთიმოზ ივერიელის თასი“, რომელიც "ბორჯღალოსნებმა" 13-ჯერ მოიგო, რუმინელებმა კი - 6-ჯერ.

ამ გუნდების ნაცნობობა 1998 წლიდან დაიწყო, როდესაც მეტოქეს 1999 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე ირლანდიაში, დუბლინში ვეთამაშეთ და 23:27 ჩამოვრჩით. 2000-06 წლებში გამართული რვა მატჩიდან ექვსი მეტოქემ მოიგო, ხოლო "ბორჯღალოსნებმა" - ორი. „მუხებთან“ პირველი გამარჯვება 2001 წელს ბუქარესტში ვიზეიმეთ, 2005 წელს კი თბილისში 20:13 ვძლიეთ.

2007 წლიდან დღემდე, რუმინეთმა მხოლოდ ორი ჯახი მოიგო, ორივე ბუქარესტში (2010 და 2017), 2013 წელს კი ფრე დაფიქსირდა – 9:9. საქართველო განსაკუთრებით ძლიერად თბილისში თამაშობდა და 2016 წელს მეტოქე სარეკორდო სხვაობით დაამარცხა – 38:9, შარშან კი ერთ მატჩში ყველაზე მეტი ქულა მოიხვეჭა და 28 ქულის სხვაობით მოიგო – 41:13.

2003 წლის შემდეგ რუმინეთს საქართველოში არ მოუგია, ამ გუნდების 25-ე დაპირისპირება კი „მიხეილ მესხზე“ 15 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, სტადიონზე მისი ტევადობის 30% დაიშვება, ბილეთები კი უკვე გაყიდვაშია.


მკითხველის კომენტარები / 1 /
დიდი საქმე ყოველთვის ერთად თანდგომით კეთდება.ქართველმა ერმა ყველა დიდი ბრძოლის მოგება, მხლოდ გაერთიანების შედეგად შეძლო . თქვენც შესძელით ეს და, შედეგსაც ნახავთ,თქვენთან ერთად ერი და ბერი.
რამაზი
11:14 26-03-2021
0

სიახლეები პოპულარული