რაგბი ევროპა - მზადება რუმინეთისთვის

AutoSharing Option
კალინინგრადიდან შინ დაბრუნებულმა "ბორჯღალოსნებმა" ორი დღე დაისვენა და 28 მარტს რუმინეთთან გასამართი მატჩისთვის მზადებას შეუდგა.

შეგახსენებთ, 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე მატჩი თბილისში, კვირას, 28 მარტს „მიხეილ მესხზე“, 15 საათზე დაიწყება და რაც მთავარია, მას გულშემატკივრებიც დაესწრებიან! კოვიდ 19-ის რეგულაციებიდან გამომდინარე, სტადიონზე ქომაგთა მხოლოდ 30% დაიშვება. შეგახსენებთ, რომ თამაშზე დასასწრებად ქვეყანაში მოქმედი კოვიდ-რეგულაციების შესაბამის წესებს უნდა დავემორჩილოთ.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა თავდაპირველად რუსეთთან გამართული შეხვედრა შეაფასა, რომელიც ხარისხობრივად წელს საუკეთესო იყო და საქართველომ რუსეთი ბონუსით, 23:6 დაამარცხა.

„უდავოდ
კარგი თამაში იყო და ეს ლოგიკურიცაა. „შემოდგომის ერთა თასის“ შემდეგ სხვადასხვა მიზეზით მოთამაშეთა დიდი ჯგუფი დაგვაკლდა. პირველ ორ კვირაში მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა, შესასრულებელი იყო დიდი მოცულობის სამუშაო და ამას გარკვეული დრო დასჭირდა, თუმცა თამაშიდან თამაშამდე ვუმატებდით. გარდა ამისა, რუსეთთან მუდამ განსაკუთრებული მობილიზებით ვთამაშობთ, მოედანზეც უფრო თავდაჯერებულნი გავედით და მიუხედავად იმისა, რომ შეცდომები გვქონდა, დაგეგმილი გამარჯვება მოვიპოვეთ და ბონუსიც ავიღეთ. გვქონდა კიდევ არაერთი ლამაზი ლელოს გატანის შანსი, მაგრამ რიგ შემთხვევებში არ გაგვიმართლა ან შეცდომები დავუშვით, თორემ სხვაობა კიდევ უფრო დიდი იქნებოდა“.

აღსანიშნავია, რომ გუნდმა ხელდახელ რაგბი ითამაშა და რუსებს სამივე ლელო ხაზის მოთამაშეებმა გაუტანეს, თუმცა მთავარი მწვრთნელი ფორვარდებს გარჯას უფასებს და ამბობს:

„ტაქტიკაში პატარ-პატარა სიურპრიზები მუდმივად გვაქვს, თუმცა კალინინგრადში მეტოქე ფიზიკურ ორთაბრძოლებშიც დავჩაგრეთ და მოლშიც დიდი უპირატესობა გვქონდა, რაც ხაზმა კარგად გამოიყენა. სწორედ ძალისმიერი თამაშის შედეგი იყო, რომ ხაზი სწრაფად თამაშობდა. დავალება იყო, რაქი სწრაფად გაწმენდილიყო და სწრაფი ბურთი გვქონოდა, რადგან ამას მეტოქე ვერ უძლებდა და გადაწყობა უჭირდა“.

საღინაძე და ლობჟანიძე ბრუნდებიან

ტრავმები მოიშუშეს და რუმინეთთან გასამართი მატჩისთვის ემზადებიან ვასილ ლობჟანიძე და ბექა საღინაძე, რომელთაც ესპანეთთან და რუსეთთან არ უთამაშიათ. გუნდს დააკლდა ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი, რომელიც შეთანხმების თანახმად, კლუბს დაუბრუნდა. გაფართოებულ რაზმშია ლუკა გოგინავა, ასევე - ნიკა აბულაძე, რომელმაც ტრავმა მოიშუშა. მცირე ტრავმა აქვს და გუშინ ინდივიდუალურად ივარჯიშა დავით ნინიაშვილმა.

მზადების შესახებ მაისაშვილი ამბობს:

„რუსეთთან მატჩის წინ მთელი კვირა, ფაქტობრივად, მგზავრობაში გავატარეთ და მხოლოდ ერთი სრულფასოვანი ვარჯიში გვქონდა დიდი შრომა გასწიეს მწვრთნელებმა, ვიდეოანალიტიკოსებმა, ფიზმომზადების მწვრთნელმა და სამედიცინო ჯგუფმა. კალინინგრადიდან დაბრუნების შემდეგ ბიჭები ორი კვირა დავასვენეთ, სამშაბათს მსუბუქი ვარჯიში გვქონდა, დღეს და ხვალ კი საშუალო და მაღალი ინტენსივობის ვარჯიშები გვაქვს. იმისათვის, რომ ძალების სრულფასოვანი აღდგენა მოხდეს, დასვენება გვექნება პარასკევს, შაბათს კი უკვე კაპიტნის ვარჯიშია“.

გაფართოებული შემადგენლობა რუმინეთთან

შერკინება

ბურჯები: ბექა გიგაშვილი (22 კეპი, 5 ქულა), გია ხარაიშვილი (3 კეპი), გიორგი მელიქიძე (26 კეპი, 15 ქულა), ნიკა აბულაძე (უკეპო), ლუკა გოგინავა (უკეპო);

კვაჭები: შალვა მამუკაშვილი (81 კეპი, 55 ქულა), ჯაბა ბრეგვაძე (65 კეპი, 25 ქულა), გიორგი ჭყოიძე (15 კეპი, 5 ქულა);

მეორე ხაზი: ნოდარ ჭეიშვილი (29 კეპი), ლაშა ჯაიანი (10 კეპი), გიორგი ჯავახია (5 კეპი), დავით გიგაური (10 კეპი, 5 ქულა);

მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი (64 კეპი, 60 ქულა), ბექა საღინაძე (19 კეპი, 15 ქულა), ირაკლი ცხადაძე (3 კეპი), მიხეილ გაჩეჩილაძე (15 კეპი, 10 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (8 კეპი, 10 ქულა);

ღერძი

ვასილ ლობჟანიძე (57 კეპი, 45 ქულა), გელა აფრასიძე (33 კეპი, 24 ქულა), მიხეილ ალანია (4 კეპი), გიორგი მარგალიტაძე (უკეპო); თედო აბჟანდაძე (23 კეპი, 152 ქულა), გიორგი ბაბუნაშვილი (1 კეპი), ლაშა ხმალაძე (86 კეპი, 53 ქულა);

ხაზი: მერაბ შარიქაძე (75 კეპი, 60 ქულა), აკა ტაბუცაძე (10 კეპი, 40 ქულა), დემე თაფლაძე (8 კეპი, 5 ქულა), მირიან მოდებაძე (15 კეპი, 35 ქულა), გიორგი კვესელაძე (32 კეპი, 25 ქულა), სანდრო თოდუა (92 კეპი, 65 ქულა), სანდრო სვანიძე (1 კეპი), სოსო მათიაშვილი (32 კეპი, 156 ქულა), დავით ნინიაშვილი (5 კეპი, 5 ქულა).


მკითხველის კომენტარები / 2 /
ყველას შემოგევლეთ. ბებრებს ვენაცვალე თოდუა - ხმალაძე.
კაცი
02:51 25-03-2021
0
ვფიქრობ, ახალ მოთამაშეებს ცოტა მეტი დრო უნდა მიეცეთ თავის გამოსავლენად და გამოცდილების დასაგროვებლად
კობი
01:00 25-03-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული