საქართველო v პორტუგალია - დაპირისპირების ისტორია

AutoSharing Option
7-წლიანი შესვენების შემდეგ "ბორჯღალოსნების" ერთ-ერთი ტრადიციული მეტოქე პორტუგალია „მიხეილ მესხზე“ ბრუნდება.

საქართველოს „ლობოშთან“ დაპირისპირების ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ისტორია აქვს. "ბორჯღალოსნებს" ყველაზე მეტჯერ – 25-25-ჯერ რუსეთთან და რუმინეთთან უთამაშია, მესამე-მეოთხე ადგილებს კი ესპანეთი და პორტუგალია იყოფენ, რომელთაც 22-22-ჯერ ვეთამაშეთ.

ურთიერთშეხვედრები

იყო დრო, პორტუგალია ჩვენთვის უხერხულ მეტოქედ ითვლებოდა და 2006 წლამდე მეტოქეს დადებითი ბალანსიც ჰქონდა – 4 მოგება სამი მარცხის წილ, თუმცა მას შემდეგ ქართულმა რაგბიმ სწრაფი პროგრესი განიცადა და 15 თამაშიდან 13 მოიგო, ის ორი კი ფრედ დაასრულა (2006 წელს სტუმრად
11:11 და 2009 წელს თბილისში 20:20).

"ბორჯღალოსნებისა" და „ლობოშის“ გზები პირველად 1997 წელს, „ფირას თასზე" (რაგბი ევროპის ჩემპიონატების წინამორბედი) გადაიკვეთა და ლისაბონში მასპინძლებმა 21:17 მოიგეს.

2000 წლიდან ორივე გუნდი „ევროპის ერთა თასზე" ჩაერთო და 2017 წლამდე ერთმანეთთან რეგულარულად თამაშობდა. პირველი სამი მატჩი – ორჯერ სტუმრად და ერთხელ თბილისში, „ბორჯღალოსნების" გამარჯვებით დასრულდა, რასაც მეტოქის მიჯრით სამი გამარჯვება მოჰყვა. 2009 წლის შემდეგ პორტუგალიას 9-ჯერ ვეთამაშეთ და ყველა ჩვენი გამარჯვებით დასრულდა.

2016 წელს „ლობოში“ რაგბი ევროპის ჩემპიონატიდან „ალაფაზე“ დაქვეითდა და უძლიერესთა შორის 2020 წელსღა დაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ მასთან ბოლო 3 თამაში (2016, 2020 და 2021 წლებში) სტუმრად გვქონდა – ორჯერ ლისაბონში, ერთხელ კი მასპინძლობისთვის პარიზი აირჩია. ჩემპიონატზე დაბრუნების შემდეგ მომავალ მეტოქეს ორივეჯერ ბონუსით ვძლიეთ – 39:24 და 29:16.

მეტოქეს ყველაზე დიდი სხვაობით 2006 წელს „დინამოზე“ მოვუგეთ – 40:0. 2008 წელს „მიხეილ მესხზე“ სხვაობა 28 ქულა იყო (31:3). მას ჯამში 9-ჯერ ვუმასპინძლეთ – 4-4-ჯერ „დინამოსა“ და „მესხზე“, ერთხელ კი „ავჭალაზე“.

ჯამში „ბორჯღალოსნებს" პორტუგალია 16-ჯერ ჰყავს დამარცხებული, ორჯერ კი ფრე დაფიქსირდა. ლელოების სხვაობა 67/20-ზე, ხოლო ქულათა ბალანსი 537:308-ზეა.

ისტორია

პორტუგალიაში რაგბის თამაში მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყეს, ნაკრებმა კი პირველი შეხვედრა 1935 წელს გამართა და მეზობელ ესპანეთთან ლისაბონში 5:6 დამარცხდა.

პორტუგალიის ნაკრები ერთადერთია რაგბი ევროპის ჩემპიონატისა და მისი წინამორბედი ევროპის ერთა თასის ისტორიაში, რომელიც საქართველოსა და რუმინეთის დავაში ჩაერია და 2003/04 წლების სეზონში ტურნირის გამარჯვებული გახდა.

2007 წელს პორტუგალიის ნაკრები პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად გავიდა მსოფლიო თასზე. მანამდე, ევროპის პლეი-ოფში, პორტუგალია ორი მატჩის ჯამში საქართველოსთან დამარცხდა (17:3 თბილისში, 11:11 ლისაბონში) და „ბორჯღალოსნები" მეორედ გავიდა მსოფლიო თასზე. პორტუგალია რეპეშაჟში ჩაერთო და მანაც მოიპოვა საფრანგეთის საგზური.

წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა და პორტუგალიას საფრანგეთის საგზურის მოპოვების კარგი შანსი აქვს. პირველი წრის შემდეგ მას 14 ქულა აქვს, მესამე ადგილზეა და რუმინეთს მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლით ჩამორჩება. საქართველო 23 ქულით პირველია.

იმ მსოფლიო თასზე პორტუგალიამ არსებობის ისტორიაში სარეკორდო სხვაობით მარცხი ახალი ზელანდიისგან იწვნია – 13:108. თავად პორტუგალიამ სარეკორდო გამარჯვება 2019 წელს ჩეხეთთან დააფიქსირა – 93:0.

ბოლო მონაცემებით, პორტუგალიაში რეგისტრირებულ მოთამაშეთა რაოდენობა 50 ათასს აღწევს.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული