რაგბი ევროპა - მსოფლიოდან ერთ ნაბიჯში

AutoSharing Option
12 თებერვალს 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართება. ის აგრეთვე 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასის ევროპის შესარჩევი ზონის მეშვიდე ტურიცაა.

ექვსი ტურის შემდეგ, მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპს საქართველო 26 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ რუმინეთს მთელი 8 ქულით უსწრებს. 12 თებერვალს "ბორჯღალოსნები" ჩვენი დროით 16:15 საათზე, ამსტერდამში ნიდერლანდებს ეთამაშებიან და თუ დაგეგმილი ბონუსით მოიგეს, მდევართან სტატუსქვოს მინიმუმ შეინარჩუნებენ, საფრანგეთის საგზურის ოფიციალურად დაბევებამდე კი ერთი ნაბიჯიღა დარჩებათ.

ნიდერლანდებს საქართველო 5-ჯერ შეხვედრია და თუ არ ჩავთვლით პირველ თამაშს, ყოველთვის
ახერხებდა დიდი სხვაობით გამარჯვებას. 1995 წელს, ჯერ კიდევ ფირას თასზე, როდესაც დამოუკიდებელი ქართული რაგბი პირველ ნაბიჯებს დგამდა, ჰოლანდიამ (ამჟამინდელმა ნიდერლანდებმა) 55:3 იმარჯვა.

მას შემდეგ, 2000-2002 წლებში მეტოქეს სამჯერ ისე მოვუგეთ, ლელო არ მიგვიღია – 41:6, 32:3 და 88:0, შარშან კი, ელიტაში დაბრუნებულ ნიდერლანდებს თელავში ვუმასპინძლეთ და 48:15 დავამარცხეთ.

მთლიანობაში, ბორჯღალოსნებს მეტოქისთვის გატანილი აქვთ 33 ლელო და 212 ქულა, მიღებული კი 11 ლელო და 79 ქულა.

სანამ ამსტერდამში თამაში დაიწყება, ჩვენი დროით 14 საათზე რუსეთი ესპანეთს სოჭში მიიღებს. მასპინძლები მსოფლიო თასის შესარჩევ ჯგუფში 9 ქულით მე-5 ადგილზე არიან, ესპანეთი კი 17 ქულით მესამეა. გასულ კვირაში რუსეთი რუმინეთთან 25:34 დამარცხდა, ესპანეთმა კი ნიდერლანდებს შინ ბონუსით მოუგო – 43:0.

რუსებისთვის ეს თამაში საფრანგეთის საგზურისთვის ბრძოლაში პრაქტიკულად ბოლო შანსია. შეგახსენებთ, მსოფლიო თასის საგზურს ევროპიდან ორი მოწინავე გუნდი პირდაპირ იღებს, მესამე კი საკონტინენტთაშორისო ფლეი ოფში ჩაებმება. ამრიგად, გამარჯვება ესპანეთსაც ჰაერივით სჭირდება, რათა ორ მოწინავეს შორის შევიდეს და ესეც რომ არა, უახლოეს კონკურენტ პორტუგალიას ის მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს.

12 თებერვალს, ჩვენი დროით 19:30 საათზე რუმინეთი პორტუგალიას მასპინძლობს. რუმინელებისთვის ეს არის შანსი, რომ ერთის მხრივ მეორე ადგილი გარანტირებულად შეინარჩუნონ და მეორეს მხრივ, ერთ-ერთი მდევარი ჩამოიშოროს. პორტუგალიელებს მსოფლიო თასზე ერთადერთხელ, 2007 წელს უთამაშიათ და წელს ამ შედეგის გამეორებას გეგმავენ. ბორჯღალოსნებთან ფრედ დასრულებული მატჩის (25:25) შემდეგ, მათ ამის კარგი შანსი აქვთ და ბუქარესტში გამარჯვების შემთხვევაში, მიზანს კიდევ უფრო დაუახლოვდებიან.

მოცემულ მომენტში პორტუგალია 16 ქულით მეოთხე ადგილზეა და ერთით ჩამორჩება ესპანეთს, ორით რუმინეთს და 10-ით საქართველოს.

2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი
12 თებერვალი. VII ტური

რუსეთი – ესპანეთი (14:00 საათი)

ნიდერლანდები – საქართველო (16:15 საათი)

რუმინეთი – პორტუგალია (19:30 საათი)

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული