"ბორჯღალოსნების" სამი ახალი სპეციალისტი

AutoSharing Option
ზაფხულის ტესტ-სერიებზე "ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბი სამი მაღალი დონის სპეციალისტით გაძლიერდება.

დაცვის მწვრთნელი ჯო ვურზლი, ფორვარდების მწვრთნელი პოლ ტიტო და სპორტის მეცნიერი, ფიზმომზადების კონსულტანტი ბენ პოლარდი, ჯერჯერობით გუნდში საცდელი ვადით იმუშავებენ. არაა გამორიცხული, რომ სამივე მათგანი სამწვრთნელო შტაბში 2023 წლის მსოფლიო თასისთვისაც დარჩეს.

ჯო ვურზლი

ჯო ვურზლი 1977 წელს ლონდონში დაიბადა და სასკოლო რაგბის შემდეგ, 16 წლისა "უოსპს" შეუერთდა. 1995 წელს ის ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებში მიიწვიეს და გახდა ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე, რომელსაც ამ ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია.

ვურზლი განსაკუთრებით ძლიერი დაცვაში თამაშისას
იყო, მესამე ხაზში სამივე პოზიციას ფარავდა და ეროვნულ გუნდში დებიუტი 1999 წლის მსოფლიო თასზე ტონგას ნაკრებთან ჰქონდა, მომავალ წელს კი, ექვს ერზე, შოტლანდიისა და იტალიის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშა.

ჯო ნაკრებს გაუშინაურდა და ინგლისთან ერთად 2003 წლის მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა. მან 2007 წლის მსოფლიო თასზეც ითამაშა, 2011 წელს კი კისრის ტრავმა მიიღო, რის გამოც ჯერ ნაკრებს დააკლდა, ნოემბერში კი აქტიურ სპორტს ჩამოშორდა. მანამდე, 2009 წელს, მან ბრიტანელი და ირლანდიელი "ლომების" შემადგენლობაში სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ითამაშა.

სულ 1999-2011 წლებში ვურზლიმ ინგლისის ნაკრების კვართით 78 მატჩი ჩაატარა და 10 ლელო გაიტანა. საკლუბო დონეზე ის "უოსპსის" ერთგული დარჩა და 275 შეხვედრაში გუნდს 195 ქულა შესძინა.

სპორტსმენის კარიერის იძულებით დასრულების შემდეგ მან მწვრთნელობას მიჰყო ხელი და ჯერ ტოპ 14-ის "ბორდოს" დაცვის მწვრთნელი იყო, ამ სეზონში კი ასევე ტოპ 14-ის "კასტრს" ავარჯიშებდა და მასთან ერთად ფინალში გავიდა.

2019 წლის მსოფლიო თასისთვის ვურზლი "ბორჯღალოსნებს" დაცვაში, ლევან მაისაშვილთან ერთად ავარჯიშებდა.

ბენ პოლარდი

ფიზმომზადების კონსულტანტი, სპორტის მეცნიერი ბენ პოლარდი, "ბორჯღალოსნებთან" 2023 წლის მსოფლიო თასის დასრულებამდე იმუშავებს. მას მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან მუშაობის 14-წლიანი გამოცდილება აქვს.

ის ტოპ 14-ის "სტად ფრანსეს" ფიზმომზადების მთავარი მწვრთნელია, პარალელურად კი ურუგვაის, ჩილეს, ნიდერლანდების მორაგბეთა ნაკრებისა და ბრიტანეთის ჩოგბურთის ასოციაციის კონსულტანტია.

2016-19 წლებში პოლარდი ინგლისის პრემიერშიფის "სარასენსში" მუშაობდა და ორჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, ორჯერ კი ჩემპიონთა თასის გამარჯვებული. მთლიანობაში, მან "სარასენსის" აკადემიაში 8 წელი იმუშავა, 4 წელი კი ინგლისის ნაკრებს ავარჯიშებდა. ინგლისში ასევე მუშაობდა "ბათის" და "კორნიშის" ფიზმომზადების მწვრთნელის ასისტენტად, ახალ ზელანდიაში კი - "ოკლენდის" მწვრთნელად.

პოლ ტიტო

ახალზელანდიელი პოლ ტიტო 1997-2012 წლებში მეორე ხაზის პოზიციაზე თამაშობდა "ჩიფსში", "ტარანაკში", "ჰარიკეინსა" და "კარდიფში", ასევე - 19 და 21 წლამდე "ოლ ბლექსსა" და "მაორი ოლ ბლექსში".

2012 წლიდან მან მწვრთნელობას მიჰყო ხელი და სხვადასხვა დროს "ნიუ პლიმუთში", "სანიქსში" (იაპონია), "ჩიფსის" 18 და 20-წლამდელთა გუნდებში და "ტარანაკის" კაცთა გუნდში იმუშავა, 2018 წელს საფრანგეთს მიაშურა და ჯერ "პოს" შერკინების მწვრთნელი იყო, მერე მთავარი მწვრთნელი. 2021 წლიდან ის სამშობლოში დაბრუნდა და ჯერ "ველინგტონის", მერე კი ავსტრალიური "ვესტერნ ფორსის" შერკინების მწვრთნელი იყო.

გუნდის გასაძლიერებლად

რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორის, ბაჩო ხურციძის განცხადებით, მოლაპარაკებები რამდენიმე სპეციალისტთან მიმდინარეობდა და არჩევანი ამ სამ კანდიდატზე შეჩერდა:

"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბს სამი მაღალი დონის სპეციალისტი შეემატა. მოლაპარაკებები რამდენიმე სპეციალისტთან გვქონდა და საბოლოოდ არჩევანი ვურზლიზე, პოლარდსა და ტიტოზე შევაჩერეთ. გვქონდა მსჯელობა, რა კომპონენტებში გვჭირდებოდა გაძლიერება და კანდიდატებიც ამის მიხედვით შეირჩა. მაქვს იმედი, რომ სამივე მათგანი გუნდს კარგად მოერგება და ასეთ შემთხვევაში ისინი 2023 წლის მსოფლიო თასზეც დაგვეხმარებიან“.

ახალ მწვრთნელებთან დაკავშირებით "ბორჯღალოსნების" თავკაცი ლევან მაისაშვილი ამბობს:

"სამიდან ორ სპეციალისტს კარგად ვიცნობ, რადგან მათთან ადრეც გვიმუშავია. ჯო ვურზლისთან ერთად დაცვის მწვრთნელად 2019 წლის მსოფლიო თასზე ვმუშაობდი და მასთან კარგი მოგონებები მაკავშირებს. ბოლო პერიოდში ის "კასტრში" მუშაობდა, რომელიც ტოპ 14-ის ფინალში გავიდა. მსოფლიო თასის მოახლოებასთან ერთად, მთავარი მწვრთნელის დატვირთვა იზრდება და საჭირო იყო ამ მიმართულების სპეციალისტის მოწვევა. ვურზლი ბიჭებს კარგად იცნობს, დაცვაში ერთი ფილოსოფიის მატარებლები ვართ და იმედს ვიტოვებ, ჩვენს გუნდს გააძლიერებს.

ბენ პოლარდი ფიზმომზადების კონსულტანტად რაგბი ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას ერთი კვირით გვყავდა. ის თავის საქმეში მაღალი დონის სპეციალისტია, რაზეც მისი სამუშაო გამოცდილებაც მეტყველებს.

შერკინების მწვრთნელია პოლ ტიტო და მისი ძლიერი მხარე დერეფანია. ბოლო პერიოდში ის ისეთ გუნდებში მუშაობდა, როგორებიც "პო" და "ვესტერნ ფორსია". ის შერკინებაში ფუნქციებს ილო მაისურაძესთან გაინაწილებს".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 14 /
მთავარი მწრთვნელის მოწვევა არა ხო?
ლევან
20:30 28-06-2022
4
მაისაშვილის მაგივრად რომ კარგი კვალიფიციური მთავარი მწვრთნელი მოიყვანონ ისე არ გამოვა?... აბა ამ ისე რა მწვრთნელების მისვლა მოსვლა წყლის ნაყვაა მეტი არაფერი.... დააბრუნეთ ნაკრებში ჩილაჩავა..... გაუშვით მაისაშვილი....
დავითი...
19:41 28-06-2022
3

სიახლეები პოპულარული