ჯო ვურზლი - "ბორჯღალოსანთა" ძველი-ახალი დაცვის მწვრთნელი

AutoSharing Option
45 წლის ჯო ვურზლი ერთ-ერთია იმ სამი ახალი სპეციალისტიდან, რომლებიც "ბორჯღალოსნებს" ზაფხულის ტესტ-სერიებისთვის დაემატნენ.

ინგლისელ დაცვის მწვრთნელს მთლად ახალი არ ეთქმის, რადგან 2019 წლის მსოფლიო თასზე ის უკვე მუშაობდა საქართველოს ნაკრებში. დასრულებულ საკლუბო სეზონში ის ტოპ 14-ის ფინალისტის, "კასტრის" დაცვის მწვრთნელი იყო, გასულ კვირაში კი „აია არენაზე“ "ბორჯღალოსნებს" შეუერთდა.

- თქვენ საქართველოს ნაკრებში 2019 წლის მსოფლიო თასზეც მუშაობდით. როგორ შეიცვალა გუნდი მას შემდეგ?
- საინტერესო კითხვაა. ჩვენ გვყავდა ახალგაზრდა მოთამაშეების ჯგუფი, რომლებიც ახლა უკვე გამოცდილი მორაგბეები არიან. მათ მიიღეს არა
მხოლოდ სანაკრებო გამოცდილება, არამედ გაიარეს ტოპ 14-ის ხანგრძლივი სეზონებიც. ამან მათ ის ცოდნა და სტაჟი მისცა, რომელიც მანამდე არ ჰქონდათ. ეს კი ძალიან გამოგვადგება. ახლა ისინი ზრდასრული (სენიორ) მოთამაშეები არიან, რომლებიც გუნდში უკეთეს სარაგბო გარემოს ქმნიან.

- რა კომპონენტებზე უნდა იმუშაოს გუნდმა, რომ ტიერ 1-ის ნაკრებებს გაუტოლდეს?
- ვფიქრობ, გუნდი ბოლო სამი წლის განმავლობაში უკეთესი გახდა. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი უნდა ვიმუშაოთ წნეხის ქვეშ სწორ გადაწყვეტილებებზე: როდის დავარტყათ ფეხი, როდის შევუტიოთ ხელით, როდის დავუთმოთ მეტოქეს ბურთი და თავი დავიცვათ. ეს ყველაფერი კომპლექტში საშუალებას მოგვცემს, უფრო სწრაფად ვიმოქმედოთ მოედანზე და უფრო სახიფათოები ვიყოთ მეტოქეებისთვის.

- ახლა უფრო ახლოს ვართ ტიერ 1-თან, ვიდრე მსოფლიო თასზე ვიყავით?
- უდავოდ. გარკვეულ კომპონენტებში შესამჩნევად წინ წავედით, მაგრამ ტიერ 1-იც სწრაფად ვითარდება. ამიტომ ტემპი არ უნდა დავაგდოთ, რომ დავეწიოთ.

- როგორც დაცვის მწვრთნელი, სად ხედავთ მთავარ საფრთხეებს იტალიელების მხრიდან და როგორ აპირებთ მათ განეიტრალებას?
- ახალი მწვრთნელის ხელში იტალია შესამჩნევად შეიცვალა. ის გუნდში უფრო სრულყოფილი სათამაშო გეგმით მოვიდა. ახლა გუნდს ფეხის დარტყმაც შეუძლია, შეტევაც და დაცვაც. მანამდე კი უფრო ერთგანზომილებიან თამაშს თამაშობდა. ხშირად ახერხებენ კონტრშეტევის პროვოცირებას, რასაც რამდენიმე ახალგაზრდა, სახიფათო მოთამაშე კარგად იყენებს.

- როგორია ჩვენი შანსები იტალიის წინააღმდეგ?
- თუ ჩვენს ფიზიკურ ძალას კარგად გამოვიყენებთ და შეჯახებებში ვაჯობებთ, მოგების შანსი ნამდვილად გვაქვს, მაგრამ ამისთვის ჩევნი საუკეთესო თამაში უნდა ვითამაშოთ.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული