"რაგბი ჩვენი თამაშია, ქართველებისთვის ეს სპორტი განუფელი ნაწილია" - სოსო ტყემალაძის ინტერვიუ იტალიურ მედიასთან

AutoSharing Option
მიმდინარე წლის 10 ივლისს, საქართველოს შავიზღვისპირეთის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქ ბათუმში რაგბიში ერთმანეთს იტალია და საქართველო ხვდებიან. იტალია "ექვს ერის" მონაწილე ნაკრებია, თუმცა საქართველოს ნაკრები საკმაოდ კარგად მომზადებული გუნდია. იტალიასა და საქართველოს თამაშთან დაკავშირებით, ინტერვიუ საქართველოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტთან ბატონ სოსო ტყემალაძესთან იტალიურმა მედიამ ჩაწერა.

- ბატონო პრეზიდენტო, როგორი იქნება ეს თამაში და რა მოლოდინები გაქვთ?
- წინასწარ რთულია საუბარი. იტალიის რაგბის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია, "ექვს ერის” წევრი, ბუნებრივია მასთან თამაში რთული იქნება, თუმცა მთავარი მაინც თავად ამ შეხვედრის მნიშვნელობაა,
იტალიასთან მატჩის გამო საქართველოში დიდი ზეიმია, რაგბის გულშემატკივარი ყველა ქართველისთვის იტალიის ნაკრების სტუმრობა დიდი პატივია. დამარცხების სერიების მიუხედავად, იტალია ბოლო წლებია სწრაფად აუმჯობესებს თამაშს, ეს ის გუნდი ნამდვილად აღარ არის, რომელსაც საქართველო 5 წლის წინათ ეთამაშა, იტალიის ნაკრები ახლა გაცილებით ძლიერია. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის.

ბათუმში შეხვედრას იტალიის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი დოქტორი მარციო ინოჩენტი ესწრება, ის უკვე საქართველოშია და კიდევ ერთხელ მადლობა მას ასეთი ყურადღებისთვის. მისგან მუდმივად ვგრძნობთ მხარდაჭერას. ორი თვის წინ, იტალიამ უელსთან მოიპოვა გამარჯვება და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო მათ ეს წარმატება.

მე პერსონალურად რისთვისაც მიყვარს რაგბი, ესაა ის ფაქტორიც, რომ წაგებული და მოგებული ერთმანეთს ტაშს გულწრფელად უკრავს. ჩვენ ამ თამაშს ვამჯობინებდით ცოტა მოგვიანებით, რომ უფრო მოვძლიერებულიყავით კოვიდის ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჩვენ გვქონდა ფრენჩაიზის თამაშები, რათა მეტი გვეთამაშა აფრიკაში იქნებოდა თუ სუპერ თასზე, ძალების მნიშვნელოვანი მობილიზება მოხერხდა, თუმცა თამაში იტალიასთან რთული იქნება.

- რა ადგილი უკავია რაგბის ქართველების ცხოვრებაში, არის თუ არა რაგბი თქვენი ქვეყნის საყვარელი სპორტი?
- ქართველებისთვის განუყოფელი ნაწილია რაგბი, საქართველოში გვაქვს სლოგანი "რაგბი ჩვენი თამაშია". ჩემს ქვეყანაში უყვართ, როცა შენი ქვეყნის სახელით იმარჯვებ. ყველა ქვეყანაში უყვართ ცხადია, მაგრამ საქართველოში ეს პატრიოტული მუხტი იმდენად ძლიერია, რომ ხშირად, ესა თუ ის თამაში, ან სპორტის მიმდინარეობა, სწორედ ამ ლაიტმოტივით ხდება პოპულარული, ეს პატარა ერებისთვის დამახასიათებელი თვისებაცაა. ამის გარდა, რაგბი განსაკუთრებით პოპულარულია საქართველოში რადგან ჩვენ გვაქვს სახალხო თამაში "ლელობურთი", რომელიც სათავეს ქრისტესშობამდე პერიოდიდან იღებს, ძალიან ახლოსაა რაგბის ელემენტებთან და თამაშის პრინციპთან და მას დღემდე თამაშობენ - სოფლები-სოფლებს ეჯიბრებიან. რაგბი უყვართ საქართველოში იმიტომაც, რომ ის გამოკვეთილად გუნდური თამაშია - და ეს ძალიან ფასეულია ჩვენთვის, არა მხოლოდ სპორტში, პოლიტიკაშიც, პირად ურთიერთობებშიც.

თქვენ ნახეთ ჩვენი 20 წლამდელთა თამაში შოტლანდიასთან, თუ როგორი ანგარიშით დასრულდა (77-15) და ეს ახლა დამატებით მუხტს აძლევს ქართველ გულშემატკივარს იტალიის ნაკრებთან თამაშის წინ.

ქართველებს განსაკუთრებულად უყვართ იტალიელები, ამაში თავადაც დარწმუნდებით ალბათ, როცა საქართველო არ თამაშობს ქართველების უმრავლესობა იტალიას გულშემატკივრობს. ყველას მოვუწოდებთ, რომ ჩაერთოს, უყუროს ამ თამაშს, მოგება-წაგების შემთხვევაში ჩვენ ძმები ვართ და ერთი მიზანი გვაქვს: ვცდილობთ, მეტი რაგბი იყოს მთელი მსოფლიოში, მეტად იყვნენ ახალგაზრდები დაინტერესებულები სპორტის ამ სახეობით.

- მოგების შემთხვევაში, საქართველოს გაუჩნდება მეტი შანსი გახდეს 6 ერის წევრი?
- მე არ ვფიქრობ, რომ ეს თამაში რაიმე გადამწყვეტი იქნება ამ კუთხით, ნამდვილად იქნება ერთი აგური წინ დადებული. 6 ერი ეს არის კერძო ორგანიზაცია და სულაც არ ვთვლი, რომ საქართველო მზად არის, ჩაანაცვლოს იტალია. საქართველოს 3-4 წელი სჭირდება რომ იყოს მზად იმისთვის, რომ ამ დიდი შოუს და დიდი რაგბის მონაწილე გახდეს, ახალგაზრდებმა კარგი თამაში გვაჩვენეს. ისიც გვაჩვენეს, რომ 3-4 წელიწადში 20 წლამდელები ეროვნულებში მოხვდებიან და ეს უკვე ჩვენი მზადყოფნაც იქნება, თუმცა ბევრი ნაწილი გვაქვს დასახვეწი, თუნდაც, ბილეთის ღირებულება, რომელიც მნიშვნელოვნად არის გასაზრდელი, თუნდაც, შესაბამისად რამდენიმე მოედანი ამ თამაშებისთვის. ჯერჯერობით აქ, აჭარაში გვაქვს ასეთი ახალი მოედანი. ვფიქრობთ კიდევ დედაქალაქში აშენებას ასეთი ხარისხის მოედნის. ასევე უნდა მივაღწიოთ სტაბილური თამაშის დონეს, ნელ-ნელა ამისკენ უნდა ვიაროთ და იმედი მაქვს, იტალიელები მოგვეხმარებიან ამაში.. თუმცა 6 ერის გადასაწყვეტია 6 ერი თუ 8 ერი.

15-18 წელია, რაგბის ევროპის ტურნირს ვიგებთ და არანაირი ახალი მოტივაცია არაა. ცოტა ხალხიც დაიღალა, თვითონ ბიჭებსაც გაუჩნდებათ დემოტივაცია. აღარ უნდათ ჩამოსვლა იმ თამაშებზე, რაც დააგდებს განვითარების დონეს. იქ არიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა, რუმინეთი, ესპანეთი, პორტუგალია და ასე შემდეგ. ამიტომ, ეს მსჯელობის საგანია.

ახლა კი გამარჯვებულია რაგბი, რომ ასეთი დიდი ზეიმია საქართველოში, ასეთი მნიშვნელოვანი ნაკრები ჩამოვიდა და მოუთმენლად ველით 10 ივლისის თამაშს. ჩვენთვის დიდი მოტივაცია და პატივია რომ გვეწვია იტალიის ნაკრები. ბევრი ცნობილი სახე ჩამოდის და გულშემატკივარს დაუვიწყარ თამაშს ვპირდებით".

R

მკითხველის კომენტარები / 9 /
ძალიან საწყენია ესეთ მაგარ გუნდს ესეთი მწვრთნელი რომ ყავს ამ თაობასაც დავკარგავთ და არავითარი წინსვლა არ გვექნება.
Vakho
20:53 09-07-2022
7
ბატონო დაუბრუნეთ საქართველოს ნაკრებს ტრადიციული შინდისფერი კვართი! დააბრუნეთ კვართზე ვაზის ლერწი! და ნუ ებრძვით უკვე შექმნილ ტრადიციებს! სხვა რამით გამოიჩინეთ თავი, არ არის საჭირო თქვენი წინამორბედების მიერ შექმნილ ლამაზ ტრადიციებთან ბრძოლა, მხოლოდ იმიტომ რომ რომ ის თქვენ არ შეგიქმნით! ყოველი ახალი ჩინოვნიკის მოსვლა არ უნდა იწვევდეს მანამდე არსებულის ხაზის გადასმას! მარტო მე ვერ ვეგუები ამას? რატო არავინ არ იღებს ხმას? რატომ დუმან ამ თემაზე ჟურნალისტები? რატომ არ უსვავენ შეკითხვას? წარმოგიდგენიათ იტალიას არ ემოსოს ცისფერი, ან ნიდერლანდებს ნარინჯისფერი, ან არგენტინას თეთრ-ცისფერი? არ არის ეს მარტო ფორმა, არ მეთანხმებით?
სულ ვწერ ამაზე კომენტარს, ხან მიქვეყნებენ და ხან არა (( იმედია ადმინი ამჯერადაც გამომიქვეყნებს.
ბს
01:19 10-07-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული