"ბორჯღალოსნები" | მეორე მეტოქე - ნიდერლანდები

AutoSharing Option
გერმანიასთან 75:12 გამარჯვების შემდეგ, "ბორჯღალოსნებმა" ერთი დღე აღდგენას დაუთმეს და „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მომდევნო შეხვედრებისთვის მზადება განაგრძეს, რომელიც საფრანგეთის მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპიცაა.

წლის პირველი შეხვედრის შემდეგ ყველა მორაგბე ჯანმრთელადაა. როგორც წინდაწინ იყო დაგეგმილი, გაფართოებულ რაზმს ახლაღა შეუერთდა ბექა გორგაძე. გასულ შაბათს მან ტოპ 14-ის მე-17 ტურში "რასინგ 92"-ის წინააღმდეგ 71 წუთი ითამაშა. გორგაძის "პომ" მეტოქე ბონუსით – 38:19 დაამარცხა და ამაში გუნდის ქართველ კაპიტანს უდიდესი წვლილი მიუძღვის. 6 ლელოდან ორი სწორედ ბექას ანგარიშზეა –
ერთი მან ძალისმიერ სტილში გაიტანა, მეორე შემთხვევაში კი კონტრშეტევას მიყვა.

11 თებერვალს, საქართველოს დროით 16:15 საათზე "ბორჯღალოსნები" ნიდერლანდებს ამსტერდამში ეთამაშებიან. გასულ კვირაში ჩვენი მომავალი მეტოქე მადრიდში ესპანეთს ეწვია და მეორე ტაიმის დასაწყისში 6:25 ჩამორჩა, თუმცა ნიდერლანდებმა ბოლომდე იბრძოლა და ნუგეშ-ქულამდე სულ ცოტა დააკლდა. საბოლოოდ ესპანეთმა მოახერხა უპირატესობის შენარჩუნება 28:20 მოიგო.

აქამდე ნიდერლანდებთან სულ 6-ჯერ გვითამაშია და ის 5-ჯერ დავამარცხეთ. ერთადერთი წარუმატებელი შეხვედრა შორეულ 1995 წელზე მოდის. დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე ეს "ბორჯღალოსნების" ერთ-ერთი პირველი გასვლითი შეხვედრა იყო და ამსტერდამში მეტოქემ 55:3 იმარჯვა. ის, რომ შედეგი არალოგიკური იყო, მომდევნო დაპირისპირებებისას გამოჩნდა.

2000-2002 წლებში საქართველომ ნიდერლანდებს სამივე შეხვედრა ისე მოუგო, ლელო არ გაუშვია – 41:6, 32:3 და 88:0. 2007 წლამდე, როდესაც ჩეხეთს 98:3 ვძლიეთ, ნიდერლანდებთან 88:0 მოგება საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით გამარჯვება იყო.

მას შემდეგ ნიდერლანდები რაგბი ევროპის ქვედა დივიზიონის ბინადარი იყო და ელიტას 2021 წელსღა დაუბრუნდა. ორი წლის წინ, ზაფხულში, "ბორჯღალოსნებმა" მეტოქე თელავში, „კავკასიონი არენაზე“ მიიღეს და 48:15 დაამარცხეს, შარშან კი ამსტერდამში 12 ლელო გაუტანეს და 72:10 სძლიეს. სულ ნიდერლანდებს გავუტანეთ 45 ლელო და 284 ქულა; მივიღეთ 12 ლელო (აქედან 9 – 1995 წელს) და 89 ქულა.

ხვალ 17 საათზე "ბორჯღალოსნები" „შევარდენზე“ ღია ვარჯიშს გამართავენ, ამსტერდამში კი 9 თებერვალს მიემგზავრებიან.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
ასი ქულა გვინდა, ასი!
რეზო
15:19 08-02-2023
0
ნინიაშვილი ითამაშებს?
ძველი გულშემატკივარი
11:59 09-02-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული