"ბორჯღალოსნები" | მესამე მეტოქე - ესპანეთი

AutoSharing Option
2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე შეხვედრას "ბორჯღალოსნები" 18 თებერვალს, საქართველოს დროით 22 საათზე ესპანეთთან, ტორელავეგაში გამართავს.

მონაწილეთა 8-მდე გაზრდილ და სახეცვლილ ტურნირში ეს ჯგუფური ეტაპის დასკვნითი თამაშია. უკვე ცნობილია, რომ „ა“ ჯგუფიდან თასის ნახევარფინალში საქართველო და ესპანეთი გავლენ, ხოლო „ბ“ ჯგუფიდან - პორტუგალია და რუმინეთი, თუმცა გასარკვევი ჯერ კიდევ ბევრი რამ დარჩა.

ჯგუფში პირველადგილოსნები ნახევარფინალში მასპინძლის უფლებით ისარგებლებენ და ზემოთ ჩამოთვლილი ოთხეულისთვის ეს მნიშვნელოვანი ამბავია. საქართველო 10 ქულით პირველ ადგილზეა და 1-ით უსწრებს ესპანეთს, რომელმაც ნიდერლანდებთან ბონუსი ვერ აიღო,
თუმცა კი 28:20 გაიმარჯვა. 12 თებერვალს მათ გერმანია ჰაიდელბერგში 32:14 დაამარცხეს.

საქართველომ პირველ ტურში გერმანიას 75:12, ხოლო 11 თებერვალს ნიდერლანდებს 40:8 სძლია და ორივეჯერ აიღო დაგეგმილი ბონუსი. მაგრამ იმისათვის, რომ ქართველი ქომაგი რაგბის გარეშე არ დარჩეს, მათ ტორელავეგაშიც გამარჯვება მართებთ. ნახევარფინალები 4-5 მარტს გაიმართება, ფინალი კი 19 მარტსაა ჩანიშნული და მასპინძელი ქალაქიც უკვე გარკვეულია – ესპანური ბადახოსი.

აღსანიშნავია, რომ „ბ“ ჯგუფს პორტუგალია და რუმინეთი 10-10 ქულით ლიდერობენ. ისინი 19 თებერვალს ერთმანეთს ლისაბონში ერკინებიან და იქ გაირკვევა, ვინ დაიკავებს პირველ და ვინ მეორე ადგილს.

მე-20 გამარჯვებისთვის

ესპანეთში რაგბის თამაში მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დაიწყეს, 1923 წელს კი რაგბის ფედერაცია დააარსეს და 1934 წლიდან რაგბი ევროპის წევრები გახდნენ. ნაკრები პირველად 1929 წელს შეიკრიბა და იტალიასთან ითამაშა. გუნდმა არსებობის განმავლობაში ერთადერთხელ, 1999 წელს ითამაშა მსოფლიო თასზე. ყველაზე დიდი სხვაობით – 90:8, 1995 წელს ჩეხეთი დაამარცხა, თავად კი 2001 წელს ავსტრალიასთან დამარცხდა – 10:92.

2000 წელს ერთა თასის (ამჟამად რაგბი ევროპის ჩემპიონატი) დაარსებიდან დღემდე, საქართველო ესპანეთს თითქმის ყოველ წელს ერკინებოდა. გამონაკლისი მხოლოდ 2005 წელი იყო, რის საპირწონედაც იბერიელებს 2014 წელს ორჯერ ვეთამაშეთ. ჯამში 23 შეხვედრიდან 12 შინ გავმართეთ და 11 სტუმრად; მოვიგეთ 19, ერთი შეხვედრა ფრედ დავასრულეთ, 3-ჯერ კი მეტოქემ იმარჯვა – ბოლოს 2012 წელს.

ესპანელებმა სამივე გამარჯვება საკუთარ მოედანზე ჩაიწერეს – 2000 წელს, პირველ შეხვედრაში 36:32, 2007 წელს 31:17 და 2012 წელს 25:18. ფრე 6:6 ასევე სტუმრად, ტარაგონაში დაფიქსირდა.

"ბორჯღალოსნებმა" ესპანეთს სარეკორდო სხვაობით 2011 წელს მოუგო – 60:0 „მიხეილ მესხზე“. ბოლო 11 თამაშია გამარჯვება საქართველოს რჩება, თუმცა მეტოქე საკუთარი გულშემატკივრის წინაშე მუდამ თავგამოდებით იბრძვის და 2021 წელს მადრიდში მხოლოდ 6 ქულის სხვაობით (25:19) ვიმარჯვეთ. ისე მოხდა, რომ შარშანდელი ჯახი ბოლო ტურს დაემთხვა, ერთგვარ არაოფიციალურ ფინალს წარმოადგენდა, ლევან მაისაშვილის შეგირდებმა კარგი, სანახაობრივი რაგბი აჩვენეს, დამაჯერებლად, 49:15 გაიმარჯვეს და თასი მე-14-ედ შემართეს.

ტორელავეგაში ეს გუნდები ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან და საქართველო მეტოქის მე-20-ედ დამარცხებას შეეცდება. განვლილი მატჩების ჯამში მეტოქეს გავუტანეთ 96 ლელო და მივიღეთ 36, ქულათა ბალანსი კი 711:334-ზეა.

ამსტერდამში გამარჯვების შემდეგ "ბორჯღალოსნები" პორტუგალიაში ჩავიდა, ვილამოურაში დაბინავდა და იქ 16 თებერვლამდე დარჩება, მერე კი გეზს ესპანეთისკენ აიღებს.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული