"ასე იქნებ საქართველოს ფეხი დაუცდესო - ყველა დაინახავს, სად არის საქართველო და სად პორტუგალია" - მაისაშვილის და შარიქაძის პრესკონფერენცია

AutoSharing Option
რაგბი ევროპის ნახევარფინალში რუმინეთის 31:7 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ისაუბრეს, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

ლევან მაისაშვილი: "შარშან მეტოქე სათანადოდ ვერ დავაფასეთ და ერთგვარი მოულოდნელობა იყო მათი მხრიდან შეჯგუფებებში: რაქში, მოლსა და შერკინებაში თამაში. რუმინეთი ძალისმიერი რაგბის მიმდევარია და ცდილობს, სწორედ აქ მოიპოვოს უპირატესობა. ვფიქრობ, ამჯერად მათ სრულად გავეცით პასუხი და სხვა დანარჩენებთან ერთად, ამ კომპონენტებშიც სრულად ვდომინირებდით. ყველაზე კარგი კი ის იყო, რომ დასახულ გეგმას მივყევით, წელს საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ და
დაგვიფასდა ვარჯიშებზე გაწეული შრომა.

გიორგი კვესელაძემ ფეხის უკანა კუნთი დაიზიანა. ტრავმის სიმძიმე დაახლოებით 2 დღის შემდეგ გვეცოდინება, როდესაც ზუსტი დიაგნოზი დადგინდება. ვიმედოვნებ, სერიოზული არაფერი იქნება. პორტუგალიასთან მატჩის კვირაში ველოდებით ბექა გორგაძის დაბრუნებას, რომელიც რეაბილიტაციას ასრულებს და მომავალ კვირაში ვარჯიშს განაახლებს.

ფინალში პორტუგალიას ვეთამაშებით, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ შემდეგ უდავოდ საუკეთესო გუნდია. ის ესპანეთზეც ძლიერია და რუმინეთზეც, რაც დაამტკიცეს კიდეც. შარშან მათ ორჯერ შევხვდით და არცერთხელ დავრჩით ბოლომდე კმაყოფილი. იყო მიზეზები – კოვიდ-პანდემია თებერვალში და ენტერო-ვირუსი ზაფხულში. ამიტომ მათთვისაც პასუხი გვაქვს გასაცემი. გარდა ამისა, ეს არის ფინალი, რაც მოტივაციას ასმაგად ზრდის. იმედი მაქვს, ფინალისთვის კარგად მოვემზადებით და მსოფლიო თასამდე ყველა დაინახავს, სად არის საქართველო და სად პორტუგალია".

მერაბ შარიქაძე: "რაგბი ზედმეტად გუნდური თამაშია იმისთვის, რომ ვინმეს თავი ყველაზე მაგარი ეგონოს. თუ ზურგს 14 მოთამაშე არ გიმაგრებს, კაპიკია შენი ფასი. არ არსებობს საუკეთესო მოთამაშე, არსებობს საუკეთესო გუნდი. რაც შეეხება ნახევარფინალს და ანთიმოზ ივერიელის თასს, ძალიან მოტივირებული ვიყავით, გვსურდა თასი საქართველოში დარჩენილიყო. ამავდროულად, სასწორზე იდო ფინალის საგზური. წინ საინტერესო ფინალი გველის, თუმცა ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო ის ესპანეთში, პორტუგალიის საზღვარზე, ფაქტობრივად, პორტუგალიაში იმართება.

რაგბი ევროპის პრეზიდენტმა ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით თქვა – ასე იქნებ საქართველოს სადმე ფეხი დაუცდესო, მაგრამ იმედი მაქვს, ეს არ მოხდება. როდესაც "ექვს ერში" არაფერი იცვლება, მე ასეთი ცვლილება უსამართლობად მიმაჩნია, თუმცა ტიტული ასეც უნდა მოვიგოთ".

მკითხველის კომენტარები / 12 /
ჩვენი ნაკრები,უკვე იმდენად სჯობია სხვებს,რომ მსაჯის არაობიექტურობა,სასურველიც კია მათთვის.რაც უფრო მძიმე მატჩები მოუწევთ,მით უკეთ მოემზადებიან მსოფლიოს თასისათვის.აქაც ხომ ვნახეთ,კაცნაკლულებისაგან გავუშვით ის ერთადერთი ლელო.იმ მომენტში,მოტივაცია აღარ გვქონდა და იმიტომ.ესპანელები კი,რა დღეში ჩავყარეთ,ორკაცნაკლულებმა...
სოსო
07 მარტი 2023 01:05
0
ნამეტანი არ მოგივიდეთ. სქემები შედარებით ამუშავდა და უფრო თვალსაჩინო გახდა მაგრამ ჯარიმები და განსაკუთრებულად უნებლიე შეცდომები ისევ მოუშორებელი ჭირია და სამი ლელოთი ნაკლები დავდეთ ამ მიზეზით, სერიოზული ქულები გვაკლდება. კლასზე თუ მიდგა ჯერი საკუთარ თავს არ უნდა ვაკადროთ პირველ რიგში და არა მეტოქეს, რუმინეთი იქნება თუ პირველი ეშელონის რომელიმე გუნდი.
გიორგი
06 მარტი 2023 21:38
0
ნამეტანობის მოსვლის ვერაფერს ვატყობ გუნდს. ხოლო რაც შეეხება ქულებს, რაღაც სხვა თამაშს თუ გულისხმობ არ ვიცი, რუმინელებს 5 ლელო დავუდეთ ერთის საპირწონედ და ანგარიშშიც სხვაობა 16 ქულაზე მეტი იყო, მაგრამ რეიტინგში რუმინეთზე ისე წინა ვართ, სახლში თამაშისას არანაირი სარეიტინგო ქულა არ მოგვმატებია
რამაზ
07 მარტი 2023 06:32
0
უსამართლო მსაჯობამ თითქმის ყველა თამაშში 15-20 ქულა მოგვპარა!!
1964 ავთო
06 მარტი 2023 13:50
1
მე პირადად მგონია რომ ეს ფორმატი 6 ერისთვისაა რეპეტიცია, ანუ თუ აქ მოიმატა სანახაობამ დაძაბულობამ ან სხვა რამე სასიკეთო 6 ერს გადააკეთებენ 8 ერად და ჩვენ და ერთს დაამატებენ, გათვლაა რომ ჩვენ და ის ერთი ხან გავარდებით ხან ამოვალთ, რამოდწნიმე წლის მერე დაიწყებენ ამაზე საუბარს მგონია
???
06 მარტი 2023 13:05
0
რაგბი ევროპა უკვე იმ დონეზე დაეცა და მაპატიეთ, გაბანძდა, რომ ტურნირის გაუმჯობესებას ჩემპიონის ფეხის დასცდენით ცდილობს. გათვლილი აქცთ, რომ საქართველო მესამე გუბდით ითამაშებს, ვინმესთან წააგებს პლეი ოფში და იტყვიან, რომ ეს პროგრესია. თუ აქედან თავი დროზე არ დავაღწიეთ, ყველაფერს ჩემს წინააღმდეგ აამოქმედებენ
: )))))))
06 მარტი 2023 11:13
0
რას უნდა დააღწიო თავი? ყველანაირად ევროპის ნაწილია საქართველო და ევროპის ლიგაში თამაშზე უარს ვერ იტყვის. დამატებით შეიძლება ფიჯი-სამოა-ტონგასთან, ასევე აშშ-ურუგუაისთან სპარინგ მატჩების მოწყობა რეგულარულად
თორნიკე
06 მარტი 2023 17:31
0
ასეთი ძლიერი ნაკრები არასდროს ყოფილა და იმედია ბიჭები კიდევ მოუმატებენ.პორტუგალიამ პროგრესი განიცადა,თუმცა ჩვენ სულ სხვა დონე ვართ და პორტუგალიაც 19-ში კიდევ ერთხელ დარწმუნდება.ნეტავ საფეხბურთო ნაკრებიც ასეთი მაგარი გვყავდეს!ისე,ფეხბურთის ფედერაციას თავის დროზე,რომ რაგბის ფედერაციასავით ემუშავა,არანაკლები გუნდი გვეყოლებოდა.
ენძო
06 მარტი 2023 09:52
0
ივანიშვილმა ფეხბურთის ფედერაციასაც შესთავაზა დაფინანსება,მაგრამ ერთი პირობაც დაუდო.ჩემი კაციც უნდა იჯდეს მანდ და ფულის ხარჯვაზე,სრული ინფორმაცია ჰქონდესო...ფედერაციაში თქვეს,თუ ფულს ჩვენ სურვილზე ვერ დავხარაჯავთ და ვიღაცას ეცოდინება,სად მიგვაქვს,რაში გვჭირდება ესეთი ფულიო.ჰოდა უარი თქვეს.ახლაც,ამ აგენტობის კანონზე ასეთი ამბავი რომაა ატეხილი,რაღაცით წააგავს,მაშინდელს.არც ახლა უნდათ სხვებმა იცოდნენ,რას უშვრებიან სხვის მოცემულ ფულს.
სოსო
07 მარტი 2023 20:10
0
როცა 6 ერი არ გვღებულობს,რითაც უსამარტლოდ იქცევიან. უნდა ვეძებოთ ალტერნატიული გზები.მოვსინჯოთ 4 ერი.თუ ეგეც არ გამოდის.მაშინ ჩვენ,იაპონია,ფიჯი,სამოა,ტონგა,აშშ.ურუგვაი და ერთიც რომლიმე ევროპიდან ვინც საუკეთესო იქნება ჩვენს მერე.მაგარი ჯგუფი იქნება და რამოდენიმე წელიწადში 6 ერის და 4 ერის დონეს გაუთანაბრდება,ამაში დარწმუნებული ვარ რომ ასე იქნება. და ცოტა ხანში ამ ჯგუფის ტამაშები მსოფლიოსთვის უფრო საინტერესო იქნება,ვიდრე 4 და 6 ერი. ოღონდ პლეი ოფის სისტემით ბოლო ადგილოსანი გავარდება და მის მაგივრად სხვა შემოვა,ასე უფრო საინტერესოს გახდის ტურნირს
კახა
06 მარტი 2023 09:47
2
გეოგრაფიულად ეგ შეუძლებელია, სამწუხაროდ.
გიორგი
14 მარტი 2023 00:33
0
კოვიდპანდემია და ენტეროვირუსი მხოლოდ ჩვენთან იყო?)))
-წარმატება საქართველს
rable
06 მარტი 2023 09:26
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული