შალვა მამუკაშვილი: მოედანზე ყველა თამაშში მხოლოდ მოსაგებად გავდივართ!

AutoSharing Option
„პორტუგალია მსოფლიო თასისთვის განსაკუთრებულად მოემზადა, თუმცა განსაკუთრებული მომზადება გავიარეთ ჩვენც. ვფიქრობ, პორტუგალიის დამარცხების საკმარისი გამოცდილება გვაქვს და თუ გეგმას მივყვებით, სასურველი შედეგის დაფიქსირებაც არ უნდა გაგვიჭირდეს“ – ამბობს ბორჯღალოსანი შალვა მამუკაშვილი, რომელიც ნაკრების კვართით 2011 წლიდან თამაშობს, 101 კეპი მოიხვეჭა და 14 ლელო გაიტანა.

32 წლის მორაგბე საფრანგეთში მესამე მსოფლიო თასს თამაშობს. 2015 წელს მან ჯგუფური ეტაპის ოთხივე, 2019 წელს კი სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

2023 წლის მსოფლიო თასამდე, მან შოტლანდიასთან მე-100 კეპი მოიხვეჭა და გახდა მეექვსე ქართველი ცენტურიონი (დავით
კაჭარავას, მერაბ კვირიკაშვილის, სანდრო თოდუას, გიორგი ჩხაიძისა და ლაშა მალაღურაძის შემდეგ), პორტუგალიასთან მატჩი კი მამუკაშვილისთვის 102-ე იქნება.

- 2023 წლის მსოფლიო თასი თქვენს კარიერაში მესამეა. რით განსხვავდებოდა წლევანდელი მოსამზადებელი ეტაპი წინამორბედებისგან?
- ადვილი არცერთი ყოფილა. ძირითადი განსხვავება ისაა, რომ წინა მსოფლიო თასზე თამაშებს შორის უფრო ცოტა დაშორება იყო, 5 დღეში ერთხელ გვიწევდა მოედანზე გასვლა და შესაბამისად, უფრო გრძელი მოსამზადებელი ეტაპი გვქონდა. ახლა ჯგუფური ეტაპის მატჩებს შორის ერთი კვირაა და მოსამზადებელი ეტაპიც უფრო მოკლე იყო. გარდა ამისა, წინა წლებში პირველი 3 კვირა ფიზმომზადებას ეთმობოდა და პრაქტიკულად უბურთოდ ვვარჯიშობდით, ახლა კი ბურთის გარეშე არცერთი ვარჯიში არ ჩატარებულა, რაც ძალიან მომეწონა. ვფიქრობ, კარგი მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა.

- მსოფლიო თასის დაწყებამდე თქვენ შოტლანდიასთან მე-100 კეპი მოიხვეჭეთ და გახდით მეექვსე ქართველი ცენტურიონი...
- ძალიან გახარებული ვარ და ვფიქრობ, იღბლიანი აღმოვჩნდი, რადგან 100 თამაშის ჩატარებაში ჯანმრთელობამაც უნდა შეგიწყოს ხელი. სხვანაირად ამდენ თამაშს ვერ ჩაატარებ.
საფრანგეთში პირველი თამაში ავსტრალიასთან გვქონდა. რა იყო კარგი და რა იყო ცუდი ამ შეხვედრაში?
პირველი ტაიმი ცუდად ჩავატარეთ, ბურთს ვერ ვაკონტროლებდით და მეტოქეს ძალიან ბევრი შანსი მივეცით. როგორც წესი, ტიერ1-ის გუნდები ამდენ შეცდომას არ გპატიობენ. მეორე ტაიმში გუნდმა ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა, თამაშში დაბრუნება ვცადეთ, მაგრამ სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა. იყო ეპიზოდები, სადაც არ გაგვიმართლა და შანსები ვერ გამოვიყენეთ. მაგრამ ის, რომ ავსტრალიასთან ბევრი მომენტი შევქმენით, ამ შაბათს პორტუგალიასთან და მერე მომდევნო შეხვედრებში, უკეთესი თამაშის იმედს მიტოვებს.

- როგორ მოემზადეთ პორტუგალიასთან თამაშისთვის?
- ავსტრალიასთან მატჩის შემდეგ სამი დღე დავისვენეთ, რის შემდეგაც ლა როშელში მზადება განვაახლეთ. პარასკევს გვქონდა ნაყოფიერი ერთობლივი ვარჯიში ‘ლა როშელთან’. მიმდინარე კვირაში სრულად გადავერთეთ პორტუგალიაზე, ძირითადი ვარჯიშები ოთხშაბათს დასრულდა, დაგვრჩა ერთი, კაპიტნის ვარჯიში. ვიმუშავეთ შეცდომების გამოსწორებაზე, სათამაშო სიტუაციებზე. ვფიქრობ კარგი სავარჯიშო კვირა გვქონდა, დანარჩენი კი შაბათს გამოჩნდება.

გასულ კვირაში პორტუგალიამ მიმდინარე მსოფლიო თასზე პირველი შეხვედრა გამართა (უელსთან 8:28).
პორტუგალიამ უელსთან საკმაოდ კარგი თამაში აჩვენა. ის ბრძოლისუნარიანი გუნდია, რომელიც ანგარიშის მიუხედავად, მთელი 80 წუთის განმავლობაში არ ჩერდება. ჩვენ პორტუგალიას ყოველ წელს ვეთამაშებით და კარგად ნაცნობი მეტოქეა, თუმცა, როგორც წესი, მსოფლიო თასზე ყველა გუნდი გაორმაგებული შემართებით და მოტივაციით მიდის. უელსთან მატჩმა დაგვანახა, რომ მოდუნება არ შეიძლება და ამ მხრივ გუნდში პრობლემა არ გვაქვს. მართალია პორტუგალია მსოფლიო თასისთვის განსაკუთრებულად მოემზადა, მაგრამ განსაკუთრებული მომზადება ჩვენც გავიარეთ. ვფიქრობ, პორტუგალიის დამარცხების საკმარისი გამოცდილება გვაქვს და თუ გეგმას მივყვებით, სასურველი შედეგის დაფიქსირებაც არ უნდა გაგვიჭირდეს.

- ამ მსოფლიო თასზე ჩვენი გაცხადებული მიზანი ორი თამაშის მოგებაა. ვისთან ფიქრობთ გამარჯვებას?
- ეს კითხვა ბევრჯერ მოვისმინე და ჩემთვის ცოტა არ იყოს გაუგებარია. რადგან ავსტრალიამ ჩვენ მოგვიგო და ფიჯიმ ავსტრალიას აჯობა, სახლში დავბრუნდეთ? მიკვირს, ასე რატომ იცვლება ხოლმე მოლოდინები. ნაკრებში 101 თამაში მაქვს ჩატარებული და მოედანზე წასაგებად არასდროს გავსულვარ. იმავეს გეტყვით ჩემი ნებისმიერი თანაგუნდელი ან მწვრთნელი. ვინც უნდა იყოს მეტოქე, მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის გავდივართ. უბრალოდ ხან არის შენი დღე, ხან არა.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
ნეტარ არიან მორწმუნენი... შალვა გონიერია, მაგრამ დიდი-10-ის დონის შესაბამისი კვაჭია. ნაკრები თუ ერთ თამაშზე მეტს მოიგებს, სასიამოვნო სენსაცია იქნება. წარმატებები ბიჭებს...
გიორგი-50
09:42 23-09-2023
0
მამუკაშვილი გონიერია
Რაგბის ფანი
23:47 22-09-2023
0

სიახლეები პოპულარული