რიჩარდ კოკერილი – ტიტულოვანი კაცი რაგბიდან

AutoSharing Option
ტიტულოვანი სპეციალისტი რიჩარდ კოკერილი დღეიდან "ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელია!

მას 4-ჯერ მწვრთნელის და 5-ჯერ მოთამაშის რანგში აქვს მოგებული ინგლისის პრემიერშიფი, ასევე 2-2-ჯერ დაეუფლა ჩემპიონთა და ინგლისის თასს, რამდენჯერმე კი მისმა გაწვრთნილმა გუნდმა ფინალი ითამაშა. კოკერილი სტივ ბორტვიკის დანიშვნამდე ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

ქართულმა რაგბმა 53 წლის ინგლისელთან კონტრაქტი 1+3 წლის ვადით გააფორმა. საქართველოს ნაკრების დამრიგებლის რანგში მისი დებიუტი 4 თებერვალს დესაუში, გერმანიასთან შედგება.

მოთამაშის კარიერა

რიჩარდ კოკერილი 1970 წლის 16 დეკემბერს, რაგბის სამშობლოში, ქალაქ რაგბიში
დაიბადა. მისი, როგორც მოთამაშის დებიუტი "ქოვენთრიში" შედგა, 1992 წლიდან კი "ლესთერ თაიგერს" შეუერთდა, სადაც კარიერის უმეტესი ნაწილი გაატარა. კვაჭის პოზიციაზე მოთამაშე რიჩარდმა "ლესთერში" 2002 წლამდე ითამაშა, რის შემდეგაც საფრანგეთში, "კლერმონში" გადავიდა და იქ ორი სეზონი დაჰყო, მოთამაშის კარიერა კი კვლავ "ლესთერ თაიგერსში" დაასრულა.

ჯამში კოკერილმა "ლესთერ თაიგერსის" კვართით 255 თამაში ჩაატარა (14 ლელო) და გუნდთან ერთად 5-ჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, ორჯერ დაეუფლა ჩემპიონთა თასს და ორჯერ ინგლისის თასს.

ინგლისის ნაკრებში კოკერილის დებიუტი 1997 წელს არგენტინასთან შედგა და 1999 წლის მსოფლიო თასზეც ითამა. ჯამში მის ანგარიშზე 27 კეპი და 3 სანაკრებო ლელოა.

სამწვრთნელო კარიერა

მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, 2005 წლიდნ, კოკერილი "ლესთერ თაიგერსის" შერკინების მწვრთნელად დაინიშნა, 2009 წლიდან კი მთავარი მწვრთნელი გახდა და პოსტზე 2017 წლამდე დარჩა. მთავარი მწვრთნელის რანგში მან სამჯერ მოიგო ინგლისის პრემიერშიფი – 2009, 2010 და 2013 წლებში (2007 წელს შერკინების მწვრთნელის რანგში) და ორჯერ დაიკავა მეორე ადგილი.

2017 წელს კოკერილი საფრანგეთში გადაბარგდა, "ტულონის" დროებითი მთავარი მწვრთნელის რანგში და გუნდი ტოპ 14-ის ფინალში გაიყვანა, სადაც "კლერმონთან" დამარცხდა. ამ პერიოდში "ტულონის" რიგებში თამაშობდნენ "ბორჯღალოსნები" მამუკა გორგოძე და ლევან ჩილაჩავა.

2017 წლის შემოდგომიდან რიჩარდი გინეს პრო 14-ის შოტლანდიური გუნდის, "ედინბურგის" მთავარი მწვრთნელი გახდა და ის ისტორიაში პირველად გაიყვანა ფლეი ოფში, რის შემდეგაც კონტრაქტი 2021 წლამდე გაუხანგრძლივეს.

"ედინბურგთან" კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, რიჩარდ კოკერილი ედი ჯონსის სამწვრთნელო შტაბში, ინგლისის ნაკრების შერკინების მწვრთნელად დაინიშნა. მას შემდეგ რაც ჯონსმა ინგლისის ნაკრები დატოვა, 2022 წელს, სტივ ბორტვიკის დანიშვნამდე, კოკერილი ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა.

2023 წელს ინგლისელი სპეციალისტი ტოპ 14-ის ჩემპიონმა გუნდმა, "მონპელიემ" მიიწვია, თუმცა გუნდში ურთიერთობები ვერ აეწყო და ის მალევე, დაახლოებით 2 თვეში დატოვა.

2024 წლიდან რიჩარდ კოკერილი საქართველოს ნაკრებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელია!

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამას დასამტკიცებლად ექნება რომ შავმა ლომმა ჯგუფში დარჩენილ მატჩებში გუნდა ახალი კომბინაციების სწრაფად დამუშავება და საქმეში ზუსტად შედეგიანი დასასრულით თამაშებში აჩვენოს,ამასთანავე გრანდების გარდა ნაკრებმა ყველას მარტო ღირსეულად ვითამაშეთ და წავაგეთ კიარა იტალიას და უელსის გზას გავუყევით გამარჯვებების დროა იჭებმა ახალგაზრდა თაობასთან ახალ ისტორიის წერას შევუდგეთ და რუმინეთს პორტუგალიას იტალიის კიარა ბევრი გვეხვეწებოდნენ გვეთამაშეთო.ახალ თაობას ძალა შესწევს ნინიაშვილის დონეზე უნდა ითამაშოს ბირთვმა და ძველი თაობაც თავის ბოლოჟინამდე თამაშით ერთად გულშემატკივრებთან გაიხაროს ქვეყანამ ყველა ქართველს ეროვნულ ნაკრების მაიკით შურის თვალს გვაყოლებდეს მთელი მსოფლიო.
კახა
21:39 19-01-2024
0

სიახლეები პოპულარული