"ბორჯღალოსნები" | ესპანეთთან ჯგუფში პირველობისთვის

AutoSharing Option
17 თებერვალს "ბორჯღალოსნები" და ესპანელი "ლომები" რაგბი ევროპის ჩემპიონატის "ა" ჯგუფში პირველობისთვის შეიბმებიან. თამაში „ავჭალაზე“ 16 საათზე დაიწყება.

ჯგუფური ეტაპის განვლილ ორ ტურში ორივე გუნდმა გამარჯვებები მოიპოვა და თასის ნახევარფინალში ორივე გავიდა. მაგრამ ამ თამაშმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ დაიკავებს პირველ ადგილს და შესაბამისად, ვინ ისარგებლებს საკუთარი მოედნის უპირატესობით.

განვლილ მატჩებში საქართველომ გერმანია დესაუში 28:17, ხოლო ნიდერლანდები "ავჭალაზე" 31:10 დაამარცხა; ესპანეთმა ნიდერლანდებს ამსტერდამში ერთი გარდასახული ლელოთი, 20:18 სძლია, გერმანიას კი მადრიდში 27:5 აჯობა. შედეგად, ორივე გუნდს 9-9 ქულა აქვს და საქართველო
უკეთესი ბალანსის შედეგად პირველ ადგილზეა.

აქვე გეტყვით, რომ "ბ" ჯგუფს ორი ტურის შემდეგ 9 ქულით რუმინეთი ლიდერობს, პორტუგალიას 6 ქულა აქვს, ბელგიას - 4 და პოლონეთს - 0. ბოლო ტურში ბელგია აუტსაიდერ პოლონეთს მასპინძლობს, რუმინეთი კი პორტუგალიას ბუქარესტში დაუხვდება და სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა ნახევარფინალში გამსვლელთა ვინაობა. ნახევარფინალები 2-3 მარტსაა ჩანიშნული.

Sportall.Ge

25-ედ

ესპანეთში რაგბის თამაში მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დაიწყეს, 1923 წელს კი რაგბის ფედერაცია დააარსეს და 1934 წლიდან რაგბი ევროპის წევრები გახდნენ. ნაკრები პირველად 1929 წელს შეიკრიბა და იტალიასთან ითამაშა (9:0). გუნდმა არსებობის განმავლობაში ერთადერთხელ, 1999 წელს ითამაშა მსოფლიო თასზე. ყველაზე დიდი სხვაობით – 90:8, 1995 წელს ჩეხეთი დაამარცხა, თავად კი 2001 წელს ავსტრალიასთან დამარცხდა – 10:92.

2000 წელს ერთა თასის (ამჟამად რაგბი ევროპის ჩემპიონატი) დაარსებიდან დღემდე, საქართველო ესპანეთს თითქმის ყოველ წელს ერკინებოდა. გამონაკლისი მხოლოდ 2005 წელი იყო, რის საპირწონედაც იბერიელებს 2014 წელს ორჯერ ვეთამაშეთ. ჯამში 24 შეხვედრიდან 12 შინ გავმართეთ და 12 სტუმრად, მოვიგეთ 20, ერთი შეხვედრა ფრედ დავასრულეთ, 3-ჯერ კი მეტოქემ იმარჯვა – ბოლოს 2012 წელს.

ესპანელებმა სამივე გამარჯვება საკუთარ მოედანზე ჩაიწერეს – 2000 წელს, პირველ შეხვედრაში 36:32, 2007 წელს 31:17 და 2012 წელს 25:18. ფრე 6:6 ასევე სტუმრად, ტარაგონაში დაფიქსირდა.

"ბორჯღალოსნებმა" ესპანეთს სარეკორდო სხვაობით 2011 წელს მოუგეს – 60:0 "მიხეილ მესხზე". ბოლო 12 თამაშია გამარჯვება საქართველოს რჩება, თუმცა მეტოქე საკუთარი გულშემატკივრის წინაშე მუდამ თავგამოდებით იბრძვის და 2021 წელს მადრიდში მხოლოდ 6 ქულის სხვაობით (25:19) ვიმარჯვეთ, თუმცა შარშან ეს ტრადიცია დავარღვიეთ და ტორელავეგაში 41:3 დავამარცხეთ.

განვლილ 24 თამაშში საქართველომ ესპანეთს 103 ლელო და 752 ქულა გაუკეთა, თავად კი 36 ლელო და 337 ქულა მიიღო. მოცემული მომენტისთვის ესპანეთი მსოფლიო რეიტინგში მე-19 ადგილზეა (63,46) და საქართველოს 6 საფეხურით ჩამორჩება.

"ბორჯღალოსნების" გაფართოებული შემადგენლობა ესპანეთთან

შერკინება:
დავით აბდუშელიშვილი (შავი ლომი), გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), გიორგი ახალაძე (ბეზიე), ლუკა ნიორაძე (ორიაკი), თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), ვანო კარკაძე (მონპელიე), ირაკლი აფციაური (გრენობლი), ბექა გიგაშვილი (ტულონი), ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი); ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), გრიგორ ქერდიყოშვილი (შავი ლომი), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), გურამ ღანიაშვილი (გრენობლი); გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), ბექა შვანგირაძე (ორიაკი), ოთარ გიორგაძე (მონტობანი), იოანე იაშაღაშვილი (ვალანსი).

ხაზი: მიხეილ ალანია (ორიაკი), დავით ხუროშვილი (კლერმონი), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი); ლუკა მატკავა (შავი ლომი), თედო აბჟანდაძე (მონტობანი); მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), დემურ თაფლაძე (შავი ლომი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი); ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), შაკო აფციაური (შავი ლომი); მირიან მოდებაძე (შავი ლომი), დავით ნინიაშვილი (ლიონი), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), ლუკა ხორბალაძე (ლიონი).

მკითხველის კომენტარები / 19 /
ასეთ ქვეჯგუფში ფეხბურთშიც იგივე დონეზე რას გაასწორებდა.
ესპანეთი, გერმანია და ნიდერლანდები ჩვენი ბულკები რომ იყოს
ვანჩოპე
23:24 13-02-2024
0
აფრასიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე გაირკვევოდა.იქნებ ინფორმაცია დაგედოთ?!არც ვასკაა განაცხადში და იმედია,ჯანმრთელადაა.მათი პოზიცია საკვანძოა და თამაშის წარმართვა,სწორედ მათ მიერ ხდება.კოკერილი ცდილობს,ამ გათამაშებაში,რეზერვები ნახოს და ნაკრების შედეგებზე პასუხისმგებლობა აგრძნობინოს.გამოცდილებას მიიღებენ და აუცილებლობის შემთხვევაში,ღირსეულად შეცვლიან,პირველ ნომრებს.გამოცდილებამ გვიჩვენა,რომ ტურნირში მონაწილეობისათვის,სულ ცოტა 4 სრულფასოვანი კაცი გვჭირდება ყოველ პოზიციაზე და ზოგჯერ,ესეც არ არის საკმარისი,ხშირი ტრავმიანობის გამო.
სოსო
01:31 14-02-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული