"ბორჯღალოსნები" | პირველი მეტოქე - "ოლ ბლექს XV"

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნები" 2024 წლის შემოდგომის პირველი შეხვედრისთვის საფრანგეთში ემზადებიან. მათი მეტოქე ახალი ზელანდიური "ოლ ბლექს XV" იქნება,რომელსაც მონპელიეში ჩვენი დროით 17 საათზე ვეთამაშებით.

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი ქართული რაგბის 35-წლიან ისტორიაში ახალი ზელანდიის გუნდის წინააღმდეგ მსოფლიო თასს მიღმა აქამდე არასდროს გვითამაშია. მსოფლიო თასზე კი "ოლ ბლექსს" 2015 წელს შევხვდით და მომავალმა ჩემპიონმა 43:10 იმარჯვა, თუმცა ქართველების თამაშმა საერთო მოწონება დაიმსახურა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც ქართული რაგბის ლეგენდა, მამუკა გორგოძე გახდა.

რაც შეეხება "ოლ ბლექს XV"-ს, ის 2022 წელს შეიქმნა და მასში მთავარი
გუნდის უახლოესი რეზერვი თამაშობს, მიზნად კი ყველა მატჩში გამარჯვება აქვს დასახული. "ოლ ბლექს XV" ყოველ წელს ორ-ორ თამაშს მართავს და აქამდე ჩატარებული 5 შეხვედრიდან ოთხი აქვს მოგებული. 2022 წელს, სადებიუტო მატჩში მან ირლანდია ა 47:19 დაამარცხა, ერთი კვირის თავზე კი "ბარბაროსებთან" 31:35 დამარცხდა.

შარშან ზელანდიელები იაპონიას ეწვივნენ და ჯერ მისი მეორე გუნდი დაამარცხეს 38:6, მერე კი ეროვნულ ნაკრებს სძლიეს 41:27.

გასულ შაბათს, 2 ნოემბერს "ოლ ბლექს XV" ირლანდიურ "მანსთერს" გადაჭედილ "ტომონდ პარკზე" შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 38:24 გაიმარჯვა. სტუმრები მაღალ ტემპში განხორციელებული ხელდახელ შეტევების შედეგად, ორი გარდასახული ლელოთი დაწინაურდნენ. მასპინძლებმა შესვენებამდე ორი ლელოთი უპასუხეს, მაგრამ მხოლოდ ერთი გარდასახეს.

შესვენების შემდეგ ზელანდიელებმა ძალისმიერი ლელო გაიტანეს, ხოლო მერე ლამაზი შეტევა დააგვირგვინეს ლელოთი. "მანსთერმა" ორივეჯერ უპასუხა და 75-ე წუთამდე 2-ქულიან სხვაობას ინარჩუნებდა, თუმცა მერე კონტრშეტევების შედეგად ორი ლელო გაუშვა და 14 ქულის სხვაობით დამარცხდა.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
ზელანდიის ნებისმიერი ნაკრები,ძალიან სერიოზული გამომცდელი იქნება,ჩვენი ბიჭებისათვის.მათ პირველი თამაში უკვე ჩაატარეს და სწრაფ შეტევებთან ერთად,ძალისმიერი ლელოც გაუტანიათ.რაკი ეროვნული ნაკრები არ არის,ალბათ მატჩის შედეგი რეიტინგის მაჩვენებელში არ შევა,ეს კი ჩვენ ბიჭებს უფრო თამამად თამაშის საშუალებას მისცემს.ზელანდიელებთან შეუძლებელია სანახაობრივი თამაში არ წავიდეს,ჰო და ჩვენც ვისიამოვნოთ და კარგ თამაშში წარმატება ვუსურვოთ ჩვენს ბიჭებს.იმასაც ვნახავთ,რა შეგვიძლია და იმასაც,სად გვიჭირს.საერთოდაც ეს მატჩები რიჩარდ კოკერილის ერთწლიანი მუშაობის დათვალიერებადაც შეიძლება შევაფასოთ.უკვე გამოჩნდება,სად,როგორი რაგბისკენ მიჰყავს,ჩვენი ნაკრები.იტალიელებმა აქამდე არნახული ფორმა აკრიფეს და მათთან თამაშიც ძალიან საინტერესო და პრინციპული უნდა გამოვიდეს.ახლაც თუ შევძელით გამარჯვება,ეს უკვე იმის ნიშანი იქნება,რომ პრაქტიკულად 6 ერის დონესთან ვართ მისულები. დღევანდელი იტალია,6 ერში,უკანასკნელი აღარ არის და მასტან შეხვედრა,ამით კიდევ უფრო პრინციპული ხდება.
სოსო
16:36 06-11-2024
0
კარგი თამაში იქნება და მაყურებელიც ბევრი ეყოლებათ, სტადიონზეც და ტელევიზიითაც. ბევრი ასეთი თამაში გვინდა!
jejelava
15:03 06-11-2024
0

სიახლეები პოპულარული