თედო აბჟანდაძე: შესაძლოა, გულშემატკივარი ვერც აცნობიერებს, რამხელა ძალას წარმოადგენს მოთამაშისთვის

AutoSharing Option
2022 წლის ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ბორჯღალოსნები იტალიას 17 ნოემბერს გენუაში, “ლუიჯი ფერარიზე” ერკინებიან. თამაში ჩვენი დროით 17:40 საათზე დაიწყება.

ორი წლის წინ ბათუმში მოპოვებულ გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის მგეზავ თედო აბჟანდაძეს, რომელმაც იმ დღეს მეტოქეს ორი ლელო გაუტანა. 25 წლის მორაგბეს, ისევე, როგორც მთელ საქართველოს, ეს დღე დიდი ხნის განმავლობაში ემახსოვრება.

“2022 წელს იტალიასთან ბათუმში ისეთი თამაში გვქონდა, მარტო მე კი არა ყველა მოთამაშეს და ჩვენს გულშემატკივარს განსაკუთრებულად გვახსოვს. მაშინ ჩვენ 2018 წელს ფლორენციაში განცდილი მარცხისთვის ავიღეთ რევანში, ახლა კი
ისინი ემზადებიან რევანშისთვის. ამიტომ რთული თამაშის მოლოდინში ვარ, მით უმეტეს, რომ იტალიელები არგენტინასთან დიდი სხვაობით დამარცხდნენ, ჩვენთან რევანშთან ერთად, გულშემატკივრების თვალში რეაბილიტაცია ჭირდებათ და განსაკუთრებულად ემზადებიან” - აღნიშნავს აბჟანდაძე, რომელიც თვლის, რომ ამჟამინდელი იტალია ორი წლის წინანდელზე ბევრად ძლიერი გუნდია:

“ბათუმში ჩვენთან განცდილი მარცხის შემდეგ იტალიელებმა რამდენიმე დიდ გუნდს მოუგეს: დაამარცხეს ავსტრალია, ზაფხულში დიდი სხვაობით მოუგეს იაპონიას, წარმატებული ექვსი ერი ქონდათ, სადაც სულ ცოტა დააკლდათ საფრანგეთთან გამარჯვებამდე (ფრე) და მოიგეს ორი შეხვედრა. ეს იტალია ბევრად უკეთესი გუნდია, ვიდრე 2022 წელს იყო”.

წლევანდელ შემოდგომის ტესტებზე, გასულ კვირაში იტალიამ არგენტინას უმასპინძლა და პირველ ტაიმში მეტოქეს ტოლს-სწორად ეთამაშა (10:17), თუმცა საბოლოოდ დიდი სხვაობით დამარცხდა (18:50). თავის მხრივ, ბორჯღალოსნები მონპელიეში (საფრანგეთი) ოლ ბლექს XV-ს ერკინენ და შეხვედრა 13:31 დათმეს.

“ოლ ბლექს XV-თან რაღაცეები არ გამოგვივიდა. გვქონდა კარგი ეპიზოდები, რომლის დროსაც ქულები ავიღეთ და ლელოები გავიტანეთ, მაგრამ მთლიანობაში ის ვერ გავაკეთეთ, რაც დაგეგმილი გვქონდა. ეს ალბათ გარკვეულწილად პირველი თამაშის სინდრომითაც იყო განპირობებული. ახლა ამ შეცდომების გამოსწორებაზე ვმუშაობთ”.

“ბიჭები ვიხსენებდით, რომ 2022 წელს, იტალიასთან ბათუმში თამაშამდე ქუთაისში არგენტინა XV-ს ვეთამაშეთ, იქაც ბევრი რამე არ გამოგვივიდა და მეტოქემ გაიმარჯვა, მაგრამ მერე იტალიასთან სათამაშოდ უფრო მოტივირებულები გავედით, დალაგებული, კარგი რაგბი ვაჩვენეთ და ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ. თუმცა არ მინდა ვინმემ ეს ისე გაიგოს, რომ ახლაც აუცილებლად ასე იქნება. ჩვენ ცდას არ დავაკლებთ და მაქსიმუმს გავიღებთ, თუმცა ვიმეორებ, იტალია ახლა ბევრად უკეთესი გუნდია და მეტი მონდომება გვმართებს, მით უმეტეს რომ იტალიაში ვთამაშობთ”.

რა იქნება გადამწყვეტი ფაქტორი, რამაც შესაძლოა იტალიასთან წარმატება მოგვიტანოს? აბჟანდაძე ამბობს:

“ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება შეტევაში წარმატებულ თამაშს. რაც შეიძლება მეტხანს უნდა გვქონდეს ბურთი მეტოქის ნახევარზე, დავაჯარიმოთ და ქულები ავიღოთ. ასევე ყურადღებით უნდა ვითამაშოთ დაცვაში, რადგან იტალიასაც ძალიან კარგი შეტევა აქვს. მათი მობილური და ჯანიანი უკანახაზელები განსაკუთრებით სახიფათონი არიან კონტრშეტევებზე. ვფიქრობ, ფსიქოლოგიურად ამისათვის მზად ვართ და დანარჩენი უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება”.

სხვა ბორჯღალოსნების მსგავსად, თედო აბჟანდაძე გულშემატკივრის განსაკუთრებულ როლზე საუბრობს და მოხარულია, რომ “ლუიჯი ფერარის” ტრიბუნებზე საქართველო ქომაგთა მრავალრიცხოვანი არმიით იქნება წარმოდგენილი:

“გულშემატკივარი მუდამ ჩვენს გვერდითაა, რაც დადებითი ფაქტია. მათგან მხარდაჭერას და თანადგომას ყოველთვის ვგრძნობთ. მოედანზე თითოეული მათგანის ხმა ისმის და მათი ენერგია იგრძნობა. შესაძლოა გულშემატკივარს გათვითცნობიერებულიც არ აქვს რამხელა ძალას წარმოადგენენ ისინი მოთამაშისთვის. მათი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მატჩის მიწურულს, როდესაც ენერგია გეწურება და ამ დროს ნებისმიერი შეძახილი დამატებით ენერგიას გაძლევს. არაფერს ვამბობ საკუთარ მოედანზე თამაშზე, როდესაც უმეტესობა შენი მხარდამჭერია და განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის. მათი თანადგომა უმნიშვნელოვანესია გასვლით შეხვედრებში და მინდა თითოეულ მათგანს მთელი გუნდის სახელით გულწრფელი მადლობა გადავუხადო”.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
ვაცნობიერებთ, ოქრო! როგორ არა? მაგრამ ამ ყელშიამოსულ და ფარჩსკ ტონგასთან ნორმალური ბილეთი 60 ლარი რომ ღირს, ბავშვების წაყვანა გინდა და ხელფასი 1000 ლარი გაქვს, რა ვქნათ?
Rezo
21:18 14-11-2024
0
55-12
ტრამპისტი
19:00 14-11-2024
3

სიახლეები პოპულარული