დებიუტი, ინფრასტრუქტურა და თვითმიზანი - ინტერვიუ თედო აბჟანდაძესთან

AutoSharing Option
ახალგაზრდა ქართველი მორაგბე თედო აბჟანდაძე კარიერას ირლანდიურ "ტერენის კოლეჯში" გააგრძელებს. 

ქუთაისელმა მორაგბემ გულშემატკივარს თავი მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატიდან დაამახსოვრა.

18 წლის თედო აბჟანდაძემ ირლანდიის 20-წლამდელთა ჩემპიონატში თავისი პირველი მატჩი უკვე ჩაატარა, მოედანზე 80 წუთი გაატარა და გუნდს 8 ქულა შესძინა.

ირლანდიაში ჩასვლიდან ერთი კვირის თავზე აბჟანდაძემ ახალი კლუბის მაისურით პირველი თამაში ჩაატარა. "ტერენორი" სტუმრად "კლონტარს" შეხვდა, მასპინძლებმა 30:13 იმარჯვეს.

თედომ თამაში ფულბეკის პოზიციაზე დაიწყო, მეორე ტაიმში მგეზავად გადაინაცვლა და გუნდის 13 ქულიდან 8 საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერა - 2 ჯარიმა და 1
გარდასახვა.

აბჟანდაძემ დებიუტის შემდეგ Rugby.ge-სთან ისაუბრა: "პირველი თამაშის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ 20-წლამდელთა ჩემპიონატში საკმაოდ კარგი დონეა. აქ უფრო მეტი ყურადღება ხელით თამაშს ექცევა და მაღალი ტემპია.

გუშინდელი თამაშის შემდეგ ჩემთან მეტოქე გუნდის მწვრთნელი მოვიდა, ხელი ჩამომართვა და მითხრა, საუკეთესო იყავიო. შემდეგი თამაში ერთ კვირაში გვაქვს და იმედია, ირლანდიაში პირველ გამარჯვებას ვიზეიმებ".

ჩვენ დავუკავშირდით თედოს და მომავალი კლუბის შესახებ ვესაუბრეთ (ინტერვიუ ჩაწერილია აბჟანდაძის დებიუტამდე).

- პირველ რიგში, გილოცავ "ტერენის კოლეჯში" ჩარიცხვას. რას ნიშნავს ეს შენთვის? რას თვლი, რა გარდატეხას შეიტანს შენს სარაგბო კარიერაში?
- "ტერენის კოლეჯში" ჩარიცხვა ჩემი წარმატებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენო განვითარებისთვის და აქ ჩატარებული თითოეული თამაში მომცემს განვითარების საშუალებას.

- სანამ სხვა კითხვებზე გადავალთ, მოგვიყევი შენ შესახებ, რომ  მკითხველმა უფრო მეტი გაიგოს შენზე...
- დავიბადე და გავიზარდე ქუთაისში. ამავე ქალაქში დავიწყე რაგბის თამაში, კერძოდ, კლუბ "აიაში". პირველი მწვრთნელი ალეკო ნიქაბიძე და რამაზ სვანაძე იყვნენ. ამავდროულად, მიყვარს სწავლა და ბავშვობიდან სკოლაში კარგ ნიშნებზე ვსწავლობ.

- როგორი სიტუაციაა გუნდში, როგორი ინფრასტრუქტურაა, რამდენად განსხვავებულია საქართველოსთან შედარებით?

- სიტუაცია კარგია, თანაგუნდელები ძალიან მეგობრულები არიან და არ მიჭირს მათთან ურთიერთობა, ყველანი გვერდში მიდგანან. ინფრასტრუქტურა დიდად განსხვავებული არ არის საქართველოსგან, შეიძლება ითქვას, თითქმის იგივეა. ინფრასტრუქტურა, საერთო ჯამში, ჩვენი სჯობს, მაგრამ ბუნებრივი საფარი ძალიან მაგარი აქვთ.

- რა მოგცა "აიაში" გატარებულმა პერიოდმა, ყველაზე მეტად რასთან განშორება გიჭირს?

- "აიაში" გატარებულმა პერიოდმა, ასე რომ ვთქვათ, მასწავლა ყველაფერი თანამედროვე რაგბისთან დაკავშირებით და ასევე, წნეხში თამაშს მიმაჩვია. ყველაზე მეტად ოჯახთან და მეგობრებთან განშორება გამიჭირდა.

- როგორც ცნობილია, სამედიცინოზე სწავლას გეგმავდი პარალელურად. მოგიწევს მეორე სასურველ პროფესიასთან განშორება თუ ირლანდიაში გააგრძელებ?

- არ ვიცი, ვნახოთ, რამდენად შევძლებ გავაგრძელო სწავლა. ამჯერად ვიწყებ ინგლისურის კურსების გავლას და შემდეგ შევეცდები გაგრძელებას.

- ქართული რაგბის ერთ-ერთ ტალანტად ითვლები, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. რა არის შენი თვითმიზანი?

- რაგბიში მივაღწიო წარმატებას ინდივიდუალურად და რა თქმა უნდა, ასევე, ნაკრებთან ერთად.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული