ლეგიონერები: 4 ლელო ევროპაში

AutoSharing Option
ნოემბრის ტესტების შემდეგ კლუბებში მიბრუნებულმა ბორჯღალოსნებმა კახა ასიეშვილმა და ბექა ბიწაძემ ლელოები გაიტანეს. თავი გამოიჩინეს და პირველი ლელოები გაიტანეს ვახტანგ ახობაძემ და თედო აბჟანდაძემ - პირველმა ტოპ 14-ში, ხოლო მეორემ ირლანდიაში.

ასიეშვილმა კონკურენტი დაამარცხა

ტოპ 14-ის მე-12 ტურში, გასავარდნი ზონის სიახლოვეს მყოფი ‘ბრივი’ უშუალო კონკურენტ ‘ოიონას’ მასპინძლობდა. დამარცხებული გუნდი სატურნირო ცხრილის ფსკერზე ეშვებოდა და თამაში დაძაბული გამოდგა. ‘ბრივი’ მუდამ ახერხებდა დაწინაურებას, თუმცა სტუმრები არ ნებდებოდნენ
და 57-ე წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვის შემდეგ 4 ქულით დაწინაურდნენ.

კახა ასიეშვილი ბრძოლაში 47-ე წუთიდან ჩაერთო და 66-ეზე გამარჯვების ლელო გაიტანა.5-მეტრიან წყევტილთან მან მეტოქეს პირველი დარტყმა მიაყენა, აიღე და მიეძალე კიდევ 5 ფაზა გაგრძელდა, მერე საქმეში ისევ ქართველი ჩაერთო, მცველებმა მისი შეჩერება ვეღარ მოახერხეს და ზუსტი გარდასახვის შემდეგ საბოლოო შედეგი დაფიქსირდა - 33:30. ამ მოგების შემდეგ ‘ბრივს’ 15 ქულა გაუხდა, მე-12 ადგილზე აღზევდა და ბოლო ადგილზე მყოფ ‘ოიონას’ 4 ქულით უსწრებს.

ანალოგიური ლელო გაიტანა ‘აჟენის’ ბურჯმა ვახტანგ ახობაძემ, რომლის გუნდი სტუმრად ჩემპიონ ‘კლერმონს’ ეთამაშებოდა. მოედანზე ოთხი ქართველი ვიხილეთ. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს მესამეხაზელი ვიტო კოლელიშვილი, ხოლო ბურჯი ბექა კაკაბაძე თამაშში 47-ე წუთიდან ჩაერთო. სტუმართა შორის 50-ე წუთზე გამოჩნდა თამაზ მჭედლიძე, ხოლო ახობაძე მოედანზე 68-ე წუთზე შევიდა და ლელო 6 წუთის შემდეგ გაიტანა. ამ ლელომ ‘აჟენს’ ვერაფერი შესძინა, თუმცა ‘კლერმონს’ ბონუსზე ფიქრის საშუალება აღარ მისცა. ‘აჟენი’ 14 ქულით ბოლოსწინა მე-13 საფეხურზეა, ხოლო ‘კლერმონი’ 29 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს.

ტურის ცენტრალურ მატჩში ‘მონპელიე’ ‘ლა როშელს’ ეწვია, 14:26 დამარცხდა და მეტოქეს ლიდერობა დაუთმო. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 58 წუთი გაატარა მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ. მან 56-ე წუთზე, მოლით გატანილი ლელოს დროს მცირედი დაზიანება მიიღო. ‘მონპელიე’ 37 ქულით მეორე ადგილზე დაეშვა, ‘ლა როშელს’ კი 39 ქულა გაუხდა.

კიდევ ერთი ლიდერი ‘ლიონი’ ‘ტულონმა’ ბონუს ქულით დაამარცხა - 39:11. ლევან ჩილაჩავა თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო, რეფერის შერკინებებში, მისი და ‘ლიონის’ ბურჯის ურთიერთქმედებები არ მოეწონა და 62-ე წუთზე ორივე „გააყვითლა“. ამ მოგების შემდეგ ტულონელებს 31 ქულა მოუგროვდათ და მე-7 ადგილზე არიან.

ორმა ქართველმა ითამაშა პარიზულ დერბიში - ‘რასინგ 92’-ის რიგებში 56-ე წუთიდან ვასილ კაკოვინმა და ‘სტად ფრანსეს’ შემადგენლობაში 62-ე წუთიდან ზურაბ ჟვანიამ. ‘სტად ფრანსემ’ პრინციპულ მეტოქეს 27:17 აჯობა და 22 ქულით მე-11 ადგილზეა, ხოლო ‘რასინგი’ 33 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს.

ბიწაძის პირველი ლელო პრო დე2-ში


ბორჯღალოსანი ბექა ბიწაძე საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დე2-ში პირველ სეზონს ატარებს და მე-14 ტურში პირველი ლელო გაიტანა. მისმა ‘ნარბონმა’ ‘ვანი’ 28:21 დაამარცხა, ბექამ კი პირველი ლელო შექმნა და მეორე თავად მიითვალა. 23-ე წუთზე მან მძლავრი მიძალებით 5 მეტრი მოიგო, რაქიდან მისმა თანაგუნდელმა შეუტია და დარჩენილი 2 მეტრი დაფარა. 5 წუთში ბიწაძემ ლელოდან 5 მეტრში სისწრაფეში მიიღო ბურთი და მისი შეკავება მცველებმა ვეღარ მოახერხეს. ქართველმა შერკინების შემკვრელმა სრულად ითამაშა.

‘ანგულემის’ შერკინების მეორე ხაზში სრულად ითამაშა შალვა სუთიაშვილმა. მისი გუნდი ‘მონტობანს’ დაუხვდა და ბოლო წუთზე ლელო-გარდასახვა გაუტანა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა - 7:16.

‘კოლომიემ’ ‘კარკასონი’ მიიღო და 25:19 დაამარცხა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო ბურჯი გიორგი ნაცარაშვილი, რომელიც 38-ე წუთზე მირიან ბურდულმა შეცვალა, 65-ე წუთზე კი, ბურდულის ნაცვლად თამაშში კვლავ ნაცარაშვილი დაბრუნდა.

‘ორიაკმა’ ‘გრენობლი’ დათოვლილ მოედანზე 30:14 დაამარცხა და მას ლიდერობა დააკარგვინა. ამაში წვლილი ბორჯღალოსანთა კაპიტან მერაბ შარიქაძესაც მიუძღვის, რომელმაც პირველიდან 49-ე წუთამდე ითამაშა.

აბჟანდაძემ ირლანდიაში ანგარიში გახსნა

პრო 14-ში მე-10 ტურში ანტონ ფეიქრიშვილის ‘კარდიფი’ ‘გლაზგო უორიორსს’ შოტლანდიაში ეწვია და დებიუტში 10:0 დაწინაურდა, მაგრამ საბოლოოდ 16:40 დამარცხდა. უელსელთა ქართველმა ბურჯმა ტრავმირებული თანაგუნდელი 29-ე წუთზე შეცვალა.

18 წლის თედო აბჟანდაძემ ირლანდიის 20-წლამდელთა ჩემპიონატში მეორედ ითამაშა და ლელოც გაიტანა, თუმცა 25-ე წუთზე დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა. მისმა ‘ტერენორ კოლეჯმა’ ‘ბლექ როკს’ 29:14 აჯობა. პირველ 25 წუთში ‘ტერენორმა’ ორი ლელო გაიტანა - ერთი ფულბეკად მოთამაშე ქართველმა საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერე და მეორე მისი გარღვევის და გადაცემის შედეგად გავიდა.

თედომ ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა. დაახლოებით 25-ე წუთზე მან ხაზი გაჭრა და დუბლსაც აუცილებლად მიითვლიდა, მაგრამ საშინელი ტკივილი იგრძნო და მოძრაობა ვეღარ გააგრძელა. დღეს მას სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება, რომელმაც ტრავმის სიმძიმე (ფეხის უკანა კუნთის დაჭიმულობა, თუ გახევა) და მკურნალობის ვადები უნდა დაადგინოს.

Rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული