ქართველი ლეგიონერების გუნდებიდან პლეი-ოფის საგზური ორმა მოიპოვა და ჩემპიონთა თასისთვის ბრძოლას "რასინგ 92", ხოლო ჩელენჯ ქაფისთვის "კლერმონი" აგრძელებს.
ჩემპიონთა თასის მეოთხე ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში პარიზელებმა უელსურ "სკარლეტს" უმასპინძლეს და 46:33 დაამარცხეს. "რასინგმა" 6 ლელოს გატანისთვის ბონუსიც ჩაიწერა და ჯამში 26 ქულა მოაგროვა. მეოთხედფინალში მათი მეტოქე ფრანგული "ტულუზი" იქნება.
"სკარლეტსთან" მატჩში მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო გურამ გოგიჩაშვილი, რომელმაც 48 წუთში ბურთით 4-ჯერ შეუტია და ჯამში 10 მეტრი მოიგო, ხოლო დაცვაში 9 ბოჭვა შეასრულა.
ბოლო
ამავე ჯგუფში მამუკა გორგოძის "ტულონი" "ნიუკასლს" ინგლისში ეწვია და 27:24 დაამარცხა. ქართველმა მეორეხაზელმა პირველიდან 61-ე წუთამდე ითამაშა, ბურთით 9-ჯერ შეუტია და ის ჯამში 10 მეტრით წაწია წინ. მიუხედავად მოგებისა, "ტულონი" ჯგუფში მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა.
ინგლისურმა "უოსფსმა" პირველი ჯგუფის ლიდერი, ირლანდიური "ლენსთერი" მიიღო და 19:37 დამარცხდა. ინგლისელთა შორის პირველიდან 55-ე წუთამდე ითამაშა ზურაბ ჟვანიამ და ორი შეტევით 5 მეტრი მოიგო, ხოლო დაცვაში 10 ბოჭვა შეასრულა.
დაუმარცხებელი მხოლოდ "კლერმონია"
ქართველების "კლერმონი" ერთადერთი გუნდია, რომელმაც ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე ექვსივე შეხვედრა ბონუსით მოიგო და ქულათა მაქსიმუმი, 30 დააგროვა. დასკვნით ტურში "ვულკანები" უელსში "ნიუპორტს" ეწვივნენ და 49:7 იმარჯვეს. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო ბექა კაკაბაძე, თუმცა 31-ე წუთზე შესაცვლელი შეიქნა. "კლერმონი" მეოთხედფინალში ინგლისურ "ნორთჰემპტონს" უმასპინძლებს, რომელსაც ჯგუფურ ეტაპზე ორჯერ მოუგო - 41:20 სტუმრად და 48:40 შინ.სამწუხაროდ, ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპი ქართველი ლეგიონერების სხვა გუნდებმა ვერ გადალახეს. მეორე ჯგუფში "ოსპრეიზი" "პოს" ეწვია და 21:26 დამარცხდა. უელსელთა რიგებში 55-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა გიორგი ნემსაძე და თამაშში აქტიურად ჩაერთო. მან ბურთით 4-ჯერ შეუტია, ორჯერ ხაზი სუფთად გაჭრა და ჯამში ბურთი 30 მეტრი ატარა.
ამავე ჯგუფში "სტად ფრანსე" "ვუსტერს" ინგლისში ეწვია და 31:36 დამარცხდა. სტუმართა განაცხადში იყო გიორგი მელიქიძე და ის თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო.
მეოთხე ჯგუფში "ენისეი" "ბრისტოლს" ინგლისში ეწვია და 19:107 დამარცხდა. სტუმართა შორის სრულად ითამაშა მიხეილ გაჩეჩილაძემ, ხოლო შალვა მამუკაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ ჯგუფური ეტაპის შემდეგ გაჩეჩილაძე ტურნირის სტატისტიკას ორი მაჩვენებლით ლიდერობს. მან ბურთი ყველაზე მეტჯერ, 80-ჯერ წაიღო და ყველაზე მეტი, 128 ბოჭვა შეასრულა.
მეხუთე ჯგუფში "გრენობლმა" "ბენეტონს" უმასპინძლა და 7:39 დამარცხდა. მასპინძელთა შორის 33-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა დუდუ ქუბრიაშვილმა, ბურთი 8-ჯერ წაიღო და ჯამში 17 მეტრი მოიგო.
ლომიძის ორიდან ორი
ინგლისის მეორე, ჩემპიონშიფში, ლაშა ლომიძემ მეორე შეხვედრა ჩაატარა და მისმა გუნდმაც ზედიზედ მეორე თამაში მოიგო. ქართველი ლეგიონერი მოედანზე 66-ე წუთზე გამოჩნდა, მისმა გუნდმა კი "ჰართფურის კოლეჯი" სტუმრად 48:21 დაამარცხა და ბონუსიც ჩაიწერა. შედეგად, "დონკასტერი" 26 ქულით მე-8 ადგილამდე აღზევდა.პრო დე2-ს ქართველები ლიდერობენ
საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დე2-ს 18 ტურის შემდეგ ქართველი ლეგიონერების გუნდები ლიდერობენ. 55 ქულით პირველ ადგილზე ირაკლი მირცხულავას "ოიონაა", რომელმაც "ბეზიეს" ქართველი ლეგიონერის გარეშე უმასპინძლა და 23:13 დაამარცხა.55 ქულა აქვს თორნიკე მატარაძისა და გურამ პაპიძის "ნევერს", რომელმაც ტურის ცენტრალურ მატჩში უშუალო კონკურენტი "ბეიონი" 23:17 დაამარცხა. "ნევერის" სასტარტო შემადგენლობაში იყო მატარაძე და ის 58-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებმა ორივე ლელო ამ პერიოდში გაიტანეს, აქედან ერთი საჯარიმო იყო და ქართველი ბურჯის შეცვლისას 20:10 იგებდნენ.
მესამე ადგილზე "ბრივია", რომელმაც ზედიზედ მეორე თამაში მოიგო და 52 ქულა მოაგროვა. განვლილ ტურში "ბრივმა" "ანგულემი" სტუმრად 23:11 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ "ანგულემს" მიმდინარე სეზონში აქამდე თამაში არ წაეგო. გამარჯვებულთა შორის 62-ე წუთიდან ითამაშა ბურჯმა ლუკა გოგინავამ, ხოლო ვასილ ლობჟანიძე შეცვლაზე 69-ე წუთზე შევიდა. მასპინძელთა რიგებში სრულად გაისარჯა მეორეხაზელი შალვა სუთიაშვილი, ხოლო ბურჯი ზაურ თევდორაშვილი შესვენებისას შეცვალეს.
"ბიარიცმა" "მასი" მიიღო, 36:12 სძლია, ორის წილ 5 ლელო გაიტანა და ბონუსიც ჩაიწერა. გამარჯვებაში წვლილი ვახტანგ ახობაძესაც მიუძღვის, რომელიც შეცვლაზე 56-ე წუთზე შევიდა. აღსანიშნავია, რომ "ბიარიცმა" ორი ლელო 79-ე და გაწითლებულ დროებზე გაიტანა.
ქართული დერბი შედგა "კარკასონისა" და "ვანის" შეხვედრაში, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა - 23:20. "კარკასონის" შემადგენლობაში პირველიდან მე-60 წუთამდე ითამაშა მირიან ბურდულმა. სტუმართა შორის თამაშში 49-ე წუთიდან ჩაერთო ნიკა ნეფარიძე და 62-ე წუთზე სინბინით დაისაჯა.
ბექა შეყლაშვილის "კოლომიემ" 22:16 სძლია "მონ-დე-მარსანს". გამარჯვებულთა შორის პირველიდან 51-ე წუთამდე ითამაშა ბექა შეყლაშვილმა.
"ორიაკი" "მონტობანს" ეწვია და 3:27 დამარცხდა. სტუმართა შორის ორი ქართველი ლეგიონერი იყო. მერაბ შარიქაძემ მოედანზე 69 წუთი გაატარა. გიორგი ცუცქირიძე სისხლის გამო 64-ე წუთზე 5 წუთით შეცვალეს, მოედანზე დაბრუნების შემდეგ კი, 76-ეზე ყვითელი ბარათი მიიღო.
მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით