ბექა ბიწაძე კარიერას რუმინეთის ჩემპიონ გუნდში განაგრძობს

AutoSharing Option
"ბორჯღალოსანთა" მესამეხაზელმა ბექა ბიწაძემ რუმინეთის მოქმედ ჩემპიონ და მიმდინარე გათამაშების ლიდერ "ბაია მარესთან" 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

28 წლის მორაგბე ამჟამად თბილისშია და ფორმის შესანარჩუნებლად "შევარდენის" ბაზაზე ინდივიდუალურად ვარჯიშობს, ახალ გუნდს კი 2020 წლის 11 იანვარს შეუერთდება.

"აგენტის მეშვეობით სხვადასხვა კლუბს ჩემი მონაცემები და თამაშების ვიდეოჩანაწერები დავუგზავნე. ყველაზე საინტერესო წინადადება რუმინეთიდან მივიღე, რის შემდეგაც "ბაია მარეში" ჩავედი, რამდენიმე ვარჯიში ჩავატარე და მათთან კონტრაქტი 2021 წლის ივნისამდე გავაფორმე",- ამბობს ბიწაძე და განაგრძობს:

"შარშან საფრანგეთში, ფედერალ1-ში ვთამაშობდი და ვფიქრობ, რომ რუმინეთის სუპერლიგა მას
სიძლიერით აღემატება. ველაპარაკე ბიძინა სამხარაძეს, რომელიც შარშან "ბაია მარეს" კაპიტანი იყო და მან კლუბი კარგად დაახასიათა. პროფესიონალური გუნდია და ჩემ გარდა, იქ კიდევ 14 ლეგიონერია. ზოგადად, რუმინეთის ჩემპიონატში ლეგიონერები მრავლად არიან, უმეტესად, კუნძულელები. ახალი გუნდი და ახალი ჩემპიონატი ჩემთვის გამოწვევაა და მაქსიმალურად ვეცდები, თავი კარგად წარმოვაჩინო."

"ბაია მარეს" სუპერლიგის მიმდინარე სეზონში რვავე მატჩი მოგებული აქვს და სატურნირო ცხრილს 37 ქულით ლიდერობს. ბიწაძის გარდა, მის შემადგენლობაში კიდევ ორი ქართველი ლეგიონერია - ბურჯი რევაზ დუგლაძე და ცენტრი ხვიჩა ჯგერენაია. რუმინეთის ჩემპიონატი 4 აპრილს განახლდება.

ბექა ბიწაძეს "ბორჯღალოსნებში" დებიუტი 2012 წელს ჰქონდა. მას შემდეგ ნაკრების კვართი 29 მატჩში მოირგო და 9 ლელო გაიტანა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული