ზურაბ ჟვანია: ეს განვითარებისათვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერშიფის "უოსპსის" "ბორჯღალოსანი" ბურჯი ზურაბ ჟვანია პირველობის განახლებისთვის აქტიურად ემზადება.

ინგლისში 2019/2020 წლების სეზონი 14 აგვისტოს განახლდება, "უოსპსი" კი პირველ თამაშს 16-ში, სტუმრად "ნორსჰემპტონთან" გამართავს, რომელიც მას ორი ქულით უსწრებს. „ბზიკები“ 33 ქულით მეხუთე ადგილზეა და რეგულარულ გათამაშებაში გასამართ ოთხ მატჩში ქულათა მაქსიმუმის აღებას ეცდება, რათა ოთხეულში შესვლა მოახერხოს.

ჟვანიას ნოემბერში გასამართ ერთჯერად სანაკრებო ტურნირზეც ვკითხეთ, მანამდე კი სეზონის განახლებისთვის მზადებაზე ვესაუბრეთ:

- ვარჯიში თვეზე მეტია დავიწყეთ და უკვე მესამე ეტაპზე გადავედით, ანუ კონტაქტურ ვარჯიშებზე. მანამდე 6-კაციან ჯგუფებად ვიყავით
დაყოფილი და ისე ვემზადებოდით. ყოველ ორშაბათს გვიტარდება ტესტები COVID-19-ზე. ვარჯიშის დაწყებამდე ყველას გვიზომავენ სიცხეს. დახურულ სივრცეში ექიმების მეთვალყურეობით, ნიღბებით ვვარჯიშობთ, მინდორზე კი წყლის ყველა შესვენებაზე სპეციალური ხსნარით ვიმუშავებთ ხელებს.

- არ გიჭირთ ასეთი შეზღუდვებით ვარჯიში?
- სატრენაჟორო დარბაზში გვაქვს დისკომფორტი, სადაც ნიღბები გვიკეთია, მაგრამ ეს აუცილებელია და ექიმების რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ. შემოწმება შეიძლება ნებისმიერ დროს დაგადგეს თავზე, თუმცა, ესეც რომ არ იყოს, უპირველესი ოჯახის წევრების დაცულობა და ჯანმრთელობაა. პირადად მე ტესტი უკვე სამჯერ ჩამიტარდა და ყველაფერი რიგზეა.

- თქვენთან ვირუსი არავის დაუდასტურდა?
- ჩვენთან მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. სხვა კლუბებში იყო რამდენიმე დადებითი პასუხი, მაგრამ როგორც ვიცი, მათ ვარჯიში უკვე განაახლეს.

- ანუ პირველობის განახლებას საფრთხე არ ემუქრება?
- მსგავსი საუბრები არ ყოფილა და ყველანი დათქმული დროისთვის ვემზადებით.

- რამდენად შეძელით ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სასურველ ფორმაში შესვლა და მომავალ სამ კვირაში რა გეგმები გაქვთ?
- პირველი 3-4 კვირა ბურთის გარეშე, ფიზმომზადება გვქონდა და ცოტა გაგვიჭირდა. სამაგიეროდ, ახლა ძალიან კარგ ფორმაში ვართ და ტესტებზე იმაზე უკეთეს შედეგებს ვაჩვენებთ, ვიდრე მანამდე გვქონდა. ახლა უკვე ბურთით ვვარჯიშობთ და კომბინაციებს ვამუშავებთ. ვნახოთ, სულ მალე მოედანზე გამოჩნდება, როგორ ფორმაში ვიქნებით.

- თქვენ ახალი მთავარი და ფიზმომზადების მწვრთნელი გყავთ. რა სიახლეებს ნერგავენ ისინი გუნდში?
- მწვრთნელები ჯერ კიდევ პანდემიამდე შეიცვალნენ. მთავარი მწვრთნელი ლი ბლექეთია, შერკინების მწვრთნელი - რიჩარდ ბლეიზი, რომელიც "ლესთერ თაიგერსის" და ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრების შერკინების მწვრთნელი იყო. ის ახალგაზრდაა, მოტივირებული და საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს.

- პლეი-ოფებამდე ოთხი ტური გაქვთ სათამაშო და ოთხეულს სულ 2 ქულა გაშორებთ. რას გეგმავთ განახლებულ პირველობაზე?
- ძალიან რთული კალენდარია, რადგან ყოველ მეოთხე-მეხუთე დღეს გვიწევს თამაში, თანაც ზაფხულის პერიოდში. მიზანი, რა თქმა უნდა, პლეი-ოფში გასვლა და საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლაა. ცხრილში ისეთი სიმჭიდროვეა, რომ შეიძლება ერთმა წაგებამ გასავარდნ ზონას დაგაახლოვოს. ამიტომ ყველა მატჩში მაქსიმუმისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

- ჯანმრთელობის მხრივ თავს როგორ გრძნობთ?
- "ედინბურგთან" მატჩში მუხლი დავიზიანე და თვე-ნახევარი გამიცდა. რომ დავბრუნდი, წელი ვიტკინე. რეაბილიტაცია სახლში გავიარე, რადგან კარანტინის პერიოდი დაემთხვა. თუ შეიძლება ასე ითქვას, გამიმართლა, რადგან პაუზა ტრავმების მოშუშებაში დამეხმარა. ახლა თავს კარგად ვგრძნობ და ფიზიკურადაც უფრო კარგ ფორმაში ვარ, ვიდრე სეზონის დაწყებამდე ვიყავი.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ზურას პირადად და საქართველოს ნაკრებთან ერთადაც!
შოთა
10:39 29-07-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული