ლეგიონერები: სამი ლელო და ორი სიმბოლურში

AutoSharing Option

საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონებში მოთამაშე ქართველი ლეგიონერებისთვის მეორე ტური პირველზე წარმატებული აღმოჩნდა.

ტოპ 14-ში მოედანზე უფრო მეტი ქართველი ლეგიონერი ვიხილეთ, ვიდრე პირველ ტურში, ხოლო პრო დე2-ში სამი ქართული ლელო გავიდა და ორი მორაგბე ტურის სიმბოლურში მოხვდა.

ტოპ 14

ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა ბურჯმა მიხეილ ნარიაშვილმა. მისი "მონპელიე" "რასინგ 92"-ს ეწვია და ბონუსით, 17:41 დამარცხდა. 30 წლის ქართველი შეცვლაზე პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე, მას შემდეგ შევიდა, რაც ენცო ფორლეტა გაასინბინეს, სტუმართა შერკინებას სტაბილურობა შემატა, თუმცა ამან "მონპელიეს" ვერ უშველა.

ოთხმა ქართველმა ითამაშა "ბორდოსა" და "ბრივის" მატჩში. სტუმრები თამაშში ბოლომდე დარჩნენ, თუმცა საბოლოოდ ჟირონდელებმა მაინც იმარჯვეს – 25:20. "ბორდოს" განაცხადში ორი ქართველი ბურჯი იყო – ლაშა ტაბიძე მოედანზე 58-ე, ხოლო ლექსო ყაულაშვილი 62-ე წუთზე გამოჩნდა. "ბრივის" ძირითადში იყო და კარგი მატჩი ჩაატარა ვასილ ლობჟანიძემ. ის საიმედო იყო დაცვაში, პროდუქტიული შეტევაში და სტუმრების ერთადერთი ლელოც მისი პასით გავიდა. ლობჟანიძე 56-ე წუთზე შეცვალეს. თამაშში 59-ე წუთიდან ჩაერთო "ბრივის" „ჯოკერი“, კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი.

სეზონი გამარჯვებით დაიწყო ვასილ კაკოვინისა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსემ", რომელმაც პირველი ტური გუნდში დაფიქსირებული COVID-19-ის ვირუსის შემთხვევების გამო გამოტოვა. პარიზელები "კასტრს" ეწვივნენ და 22:16 იმარჯვეს. კაკოვინი ძირითად შემადგენლობაში იყო, 37-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა 67-ეზე თამაშში დააბრუნეს, რადგან პარიზელთა ბურჯმა მოედანი წითელი ბარათის გამო დატოვა. შესვენების შემდეგ ჩაერთო თამაშში გიორგი მელიქიძე და მოედანზე 30 წუთი გაატარა, რადგან 53-ეზე სინბინით დაისაჯა.

სეზონის პირველი გამარჯვება იზეიმა "ტულონმა", რომელიც "ლიონს" მასპინძლობდა. მატჩში სტუმრები 5-ჯერ დაისაჯნენ სინბინით და სამი საჯარიმო ლელო მიიღეს. ლიონელები პირველი ტაიმის შუაში რამდენიმე წუთით 12 კაცის ამარა დარჩნენ, მაგრამ საბოლოოდ დასკვნით წუთებში გატყდნენ. ტულონელთა შორის პირველიდან 62-ე წუთამდე ითამაშა ბექა გიგაშვილმა, მისმა გუნდმა კი 36:14 იმარჯვა და ბონუსიც აიღო.

პრო დე2

პრო დე2-ის მეორე ტურის პირველ მატჩში "ორიაკმა" "გრენობლს" უმასპინძლა და ქართველი ლეგიონერების ლელოების წყალობით, 26:13 დაამარცხა. თამაშში მონაწილეობა 6-მა ჩვენებურმა მიიღო – ოთხმა მასპინძელთა და ორმა სტუმართა შემადგენლობაში. "ორიაკის" ძირითადში იყვნენ კვაჭი ლუკა ნიორაძე, მეორეხაზელი გიორგი ჯავახია და მესამეხაზელი ბექა საღინაძე, ხოლო "გრენობლმა" თამაში ქართველი ბურჯებით დაიწყო – ნიკა ნეფარიძე და ილია კაიკაციშვილი.

ჯავახიამ მასპინძელთა პირველი ლელო მე-8 წუთზე გაიტანა და წონასწორობა აღადგინა, ნიორაძემ კი თავი 22-ე წუთზე გამოიჩინა. 62-ე წუთზე მწვრთნელმა ორივე შეცვალა, მოედანზე კი გიორგი ქართველიშვილი გამოჩნდა. შეუცვლელად ითამაშა საღინაძემ. სტუმართა შორის შესვენებისას შეცვალეს ნეფარიძე, ხოლო კაიკაციშვილმა მოედანზე 49 წუთი გაატარა.

აღსანიშნავია, რომ ნიორაძე და ჯავახია პრო დე2-ის მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ.

მეორე დღეს ლელო გაიტანა "ნევერის" ბურჯმა გურამ პაპიძემ. მისმა გუნდმა "ვალანს რომანს" უმასპინძლა და ბონუსით, 33:11 დაამარცხა. პაპიძემ მასპინძელთა მეორე ლელო 35-ე წუთზე, მოლის შემდეგ გაიტანა. ის ძირითად შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს. სტუმართა სასტარტოში იყო მირიან ბურდული, რომელიც 54-ე წუთზე გიორგი კაკაურიძემ შეცვალა.

ზაზა ნავროზაშვილის "პროვანსმა" "ვანს" უმასპინძლა და 24:10 დაამარცხა. ქართველი ბურჯი თამაშში 47-ე წუთიდან ჩაერთო.

"ანგულემი" "ბეზიეს" ეწვია და დასკვნით 10 წუთში ორი ლელო გაუშვა, მაგრამ მანამდე მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა და 28:24 იმარჯვა. "ბეზიეს" რიგებში პირველიდან 46-ე წუთამდე ითამაშა ჟორჟ სალდაძემ. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში ორი ქართველი ლეგიონერი იყო. შალვა სუთიაშვილმა მოედანზე 75 წუთი გაატარა, ლუკა გოგინავა კი 50-ეზე შეცვალეს. 50-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში ზაურ თევდორაშვილი.

"ბიარიცი" "მონტობანს" ეწვია და თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდა, მაგრამ დასკვნით 5 წუთში გაშვებული ორი ჯარიმის შემდეგ მხოლოდ ბონუსს დასჯერდა – 30:33. "ბიარიცის" სასტარტო 15-ში იყო გიორგი ნუცუბიძე, რომელიც 67-ე წუთზე ლუკა აზარიაშვილმა შეცვალა. თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო უშანგი ჭეიშვილი.

წყარო: rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
ყაულაშვილს ნაკრებში რატომ არ იძახებენ.
ოზეკი
10:02 16-09-2020
0
როცა საფეხბურთო ნაკრები თამაშობს,ამბობენ ნახეთ სად თამაშობენ ჩვენები და სად ისინიო.რაგბში საფრანგეთზე ტოპ ლიგა ბევრი არაა და მინიმუმ 10-12 მორაგბე მაინც თამაშობს იქ.ვერ ვგებულობ,რატომ ვერ უნდა ითამაშონ ღირსეულად 8 ერში,ან იტალიელებზე უარესები რითი ვართ?
ნუკრი
11:00 15-09-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული