ლეგიონერები - ნაკლული ტური, გადადებული შეხვედრები და ქუბრიაშვილი "პერპინიენში"

AutoSharing Option
საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ში შვიდიდან ორი მატჩი კოვიდ-პანდემიის გამო გადაიდო, პრო დე 2-ში კი სამი გადადებული შეხვედრა შედგა.

ტოპ 14-ის მესამე ტურში ქართველების "ბრივმა" "პოს" უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის მიწურულს კაცნაკლული დარჩა, სეზონის მეორე გამარჯვება იზეიმა – 19:13. მასპინძელთა შორის პირველი ტაიმი ითამაშა და შესვენებისას შეცვალეს ოთარ გიორგაძე, თუმცა 62-ე წუთზე მას მოედანზე მოუწია დაბრუნება; სასტარტო შემადგენლობაში იყო და 58 წუთი ითამაშა ვასილ ლობჟანიძემ. ის მე-6 წუთზე თანაგუნდელს კარგად მიჰყვა, შეტევის მიმართულება შეცვალა და "ბრივმა" თავისი
ერთადერთი ლელო გაიტანა.

შეცვლაზე შესვენების შემდეგ შევიდა და მეორე ტაიმი ითამაშა ლუკა ჯაფარიძემ, ხოლო ბადრი ალხაზაშვილი მოედანზე 58-ე წუთზე გამოჩნდა. "ბრივს" "კლერმონის", "ტულუზის" და "რასინგ 92"-ის მსგავსად, 9 ქულა აქვს და ლიდერთა შორისაა.

"სტად ფრანსე" "ბეიონს" ქართველი ბურჯებით დაუხვდა – ვასილ კაკოვინი და გიორგი მელიქიძე სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და 63-ე წუთამდე ითამაშეს. მატჩის მიწურულს მელიქიძეს გაძევებული თანაგუნდელის ნაცვლად მოედანზე დაბრუნება მოუწია. "ბეიონმა" მასპინძლებს შეცდომები არ აპატია და 26:19 დაამარცხა.

"ტულონი" "ტულუზს" ეწვია და 19:39 დამარცხდა. სტუმრებმა პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ჩაატარეს და 0:25 ჩამორჩნენ. შესვენების შემდეგ "ტულონის" რიგებში ბექა გიგაშვილი გამოჩნდა და თამაშში აქტიურად ჩაერთო. სწორედ მან შეუნარჩუნა გუნდს დაკარგული ბურთი, რის შემდეგაც 49-ე წუთზე სტუმართა მეორე ლელო გავიდა. 62-ე წუთზე ბექამ რაქიდან ბურთი ამოიღო, რა დროსაც მას მეტოქე ეუხეშა და წითელი ბარათით დაისაჯა, თუმცა გიგაშვილი შესაცვლელი შეიქნა.

"ლიონმა" "ბორდოს" უმასპინძლა და 27:10 დაამარცხა. სტუმართა შორის პირველიდან 57-ე წუთამდე ითამაშა ლექსო ყაულაშვილმა, ხოლო ბექა გორგაძე შეცვლაზე 47-ე წუთზე შევიდა. გორგაძემ მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა.

ტოპ 14-ის მესამე ტურის ორი თამაში COVID-19-ის პანდემიის გამო გადაიდო ("ლა როშელი"-"რასინგ 92" და "მონპელიე"-"კასტრი"). სამაგიეროდ, გასულ შაბათს გაიმართა პრო დე 2-ის სამი გადადებული შეხვედრა.

"რუანმა" "კარკასონი" მიიღო და 13:21 დამარცხდა. მასპინძელთა შორის 56-ე წუთიდან ითამაშა კარლენ ასიეშვილმა.

"ოიონას" რიგებში მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა ირაკლი მირცხულავამ. მისმა გუნდმა "მონტობანს" უმასპინძლა და ბონუსით, 34:16 დაამარცხა. ქართველმა ბურჯმა შეცვლაზე დასკვნითი 20 წუთი ითამაშა.

ორიოდე დღის წინ პრო დე 2-ის "პერპინიენთან" გააფორმა კონტრაქტი ბორჯღალოსანმა დავით ქუბრიაშვილმა. "მონპელიეს", "ტულონის", "სტად ფრანსესა" და "გრენობლის" ყოფილი ბურჯი გასული სეზონის შემდეგ, პანდემიის ფონზე, უგუნდოდ იყო. 33 წლის მორაგბეს ნაკრების კვართით 47-ჯერ უთამაშია.
rugby.ge

altმამუკაშვილს დებიუტი "ბრისტოლთან" ექნება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული