23 წლის მორაგბე ინგლისურ კლუბში წლის დასაწყისში გადავიდა და თებერვალში სამჯერ ითამაშა შეცვლაზე. სანაკრებო მატჩების შემდეგ ის კლუბს დაუბრუნდა და ამჯერად შეუცვლელად გაისარჯა. 80 წუთში მან ბურთით ხელში 3-ჯერ შეუტია და ის წინ 8 მეტრით წასწია, დაცვაში 10 ბოჭვა შეასრულა და ერთხელ თერნოვერი გაახერხა. "გლოსთერისთვის" ეს მიმდინარე სეზონში მე-6 გამარჯვება იყო.
თავად "ბაიონი" პლეი-ოფის საგზურისთვის მებრძოლ "ბორდოს" დაუხვდა და ბონუსით, 22:47 დამარცხდა. მასპინძელთა ძირითადში იყო კოტე მიქაუტაძე, რომელიც პირველი ტაიმის მიწურულს შეცვალეს, თუმცა 57-ე წუთზე მოედანზე დაბრუნდა. სტუმართა რიგებში შეცვლაზე 57-ე წუთიდან ითამაშა ლექსო ყაულაშვილმა. "ბორდო" 58 ქულით მე-7 ადგილზეა, თუმცა ორი გადადებული თამაში აქვს და მათი მოგებით მინიმუმ მესამე ადგილზე გადავა.
"ბრივმა" "სტად ფრანსესთან" ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ საკუთარ მოედანზე მხოლოდ ნუგეშის ბონუსს დასჯერდა – 28:31. მასპინძელთა ძირითადში იყო და შესვენებისას შეცვალეს ვასილ ლობჟანიძე. შეცვლაზე 41-ე წუთზე შევიდა სოსო ბეკოშვილი. თედო აბჟანდაძე თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო და სამიდან ორი გარდასახვა გაიტანა – 62-ე და 79-ე წუთებზე. "სტად ფრანსეს" რიგებში 48-ე წუთიდან ითამაშა ვასილ კაკოვინმა, ხოლო გიორგი მელიქიძე მოედანზე 79-ე წუთზე გამოჩნდა. პარიზულ კლუბს 57 ქულა აქვს, მე-8 ადგილზეა და პლეი-ოფში მოხვედრის შანსი თითქმის აღარ აქვს. "ბრივი" 45 ქულით მე-11 პოზიციაზეა, გასავარდნ ზონას 5 ქულა აშორებს და თანაც თამაში აქვს თადარიგში.
"ტულონმა" ლიდერი "ტულუზა" 44:10 დაამარცხა და ბონუსიც აიღო. ის 62 ქულით მე-5 ადგილზეა და ერთი გამოტოვებული თამაში აქვს. მასპინძელთა სასტარტოში იყო ბექა გიგაშვილი, რომელიც 55-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა 10 წუთში მოედანზე დააბრუნეს.
პრო დე2
პლეი-ოფი გაინაღდა "გრენობლმა", რომელმაც "კარკასონს" ბონუსით, 34:11 სძლია. გამარჯვებულთა ძირითადში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს ილია კაიკაციშვილი.
"ანგულემმა" "ბიარიცი" მიიღო და 15:31 დამარცხდა. უკვე გადაწყვეტილია, რომ "ანგულემი" ახალ სეზონს ნაციონალ დივიზიონში დაიწყებს. "ბიარიცთან" თამაში ძირითადში დაიწყო ლუკა გოგინავამ და ის შესვენებისას შეცვალეს, ხოლო შალვა სუთიაშვილი შეცვლაზე 46-ე წუთზე შევიდა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 77 წუთი ითამაშა თორნიკე ჯალაღონიამ. ძირითადში იყო ლუკა აზარიაშვილიც, თუმცა 27-ე წუთზე შესაცვლელი შეიქნა. თამაშში 57-ე წუთიდან ჩაერთო უშანგი ჭეიშვილი.
"ორიაკმა" მე-80 წუთზე გატანილი ჯარიმით "კოლომიეს" სტუმრად 17:16 სძლია და პრო დე2-ში დარჩენისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ლიგის ყველაზე ქართული გუნდი 53 ქულით მე-14 ადგილზეა და 4 ქულით უსწრებს "ვალანს რომანს".
"ორიაკის" წარმატებაში წვლილი ხუთ ჩვენებურს მიუძღვის. შეუცვლელად ითამაშა გიორგი ცუცქირიძემ, ოღონდ მისთვის შეხვედრა 76-ე წუთზე, ყვითელი ბარათის გამო დასრულდა. პირველიდან 65-ე წუთამდე გაისარჯა გიორგი ქართველიშვილი, ხოლო გიორგი ჯავახიას ნაცვლად, 48-ე წუთზე შეცვლაზე ბექა საღინაძე შევიდა. საღინაძეს პირველ ტაიმში 8 წუთითაც მოუწია მოედანზე შესვლა, ხოლო ჯავახია თამაშში 69-ე წუთზე დაბრუნდა. ასევე შეცვლაზე, 65-ე წუთიდან ითამაშა ლუკა ნიორაძემ. მასპინძელთა რიგებში პირველიდან 63-ე წუთამდე ითამაშა ბექა შეყლაშვილმა.
"ნევერთან" 36:28 მოგების შემდეგ ლიგაში დარჩენის შანსს ინარჩუნებს "ვალანსი", რომლის ძირითად შემადგენლობაში იყო მირიან ბურდული და ის 64-ე წუთზე გიორგი კაკაურიძემ შეცვალა. სტუმართა რიგებში თამაშში 47-ე წუთიდან ჩაერთო თორნიკე მატარაძე.
rugby.ge