ლეგიონერები - კვესელაძის დებიუტი "გლოსთერის" ძირითადში

AutoSharing Option
"ბორჯღალოსანთა" შუამარბმა გიორგი კვესელაძემ "გლოსთერის" სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა. ინგლისის პრემიერშიფის მე-18 ტურში, ქართველი ლეგიონერის გუნდმა "ნორთჰემპტონი" სტუმრად სენსაციურად, 31:7 დაამარცხა და 4 ლელოს გატანისთვის ბონუსიც აიღო.

23 წლის მორაგბე ინგლისურ კლუბში წლის დასაწყისში გადავიდა და თებერვალში სამჯერ ითამაშა შეცვლაზე. სანაკრებო მატჩების შემდეგ ის კლუბს დაუბრუნდა და ამჯერად შეუცვლელად გაისარჯა. 80 წუთში მან ბურთით ხელში 3-ჯერ შეუტია და ის წინ 8 მეტრით წასწია, დაცვაში 10 ბოჭვა შეასრულა და ერთხელ თერნოვერი გაახერხა. "გლოსთერისთვის" ეს მიმდინარე სეზონში მე-6 გამარჯვება იყო.

ტოპ 14

ტოპ 14-ის 23-ე ტურში "პომ" სტუმრად "აჟენი" 47:7 დაამარცხა, ბონუსიც აიღო და ლიგაში დარჩენის კარგ შანსს ინარჩუნებს. ის 41 ქულით მე-12 ადგილზეა და ერთი ქულით უსწრებს "ბაიონს". პრო დე2-ში პრაქტიკულად დაქვეითებული "აჟენის" სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი თეთრაშვილი, რომელიც შესვენებისას შეცვალეს და 64-ე წუთზე თამაშში დააბრუნეს.

თავად "ბაიონი" პლეი-ოფის საგზურისთვის მებრძოლ "ბორდოს" დაუხვდა და ბონუსით, 22:47 დამარცხდა. მასპინძელთა ძირითადში იყო კოტე მიქაუტაძე, რომელიც პირველი ტაიმის მიწურულს შეცვალეს, თუმცა 57-ე წუთზე მოედანზე დაბრუნდა. სტუმართა რიგებში შეცვლაზე 57-ე წუთიდან ითამაშა ლექსო ყაულაშვილმა. "ბორდო" 58 ქულით მე-7 ადგილზეა, თუმცა ორი გადადებული თამაში აქვს და მათი მოგებით მინიმუმ მესამე ადგილზე გადავა.

"ბრივმა" "სტად ფრანსესთან" ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ საკუთარ მოედანზე მხოლოდ ნუგეშის ბონუსს დასჯერდა – 28:31. მასპინძელთა ძირითადში იყო და შესვენებისას შეცვალეს ვასილ ლობჟანიძე. შეცვლაზე 41-ე წუთზე შევიდა სოსო ბეკოშვილი. თედო აბჟანდაძე თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო და სამიდან ორი გარდასახვა გაიტანა – 62-ე და 79-ე წუთებზე. "სტად ფრანსეს" რიგებში 48-ე წუთიდან ითამაშა ვასილ კაკოვინმა, ხოლო გიორგი მელიქიძე მოედანზე 79-ე წუთზე გამოჩნდა. პარიზულ კლუბს 57 ქულა აქვს, მე-8 ადგილზეა და პლეი-ოფში მოხვედრის შანსი თითქმის აღარ აქვს. "ბრივი" 45 ქულით მე-11 პოზიციაზეა, გასავარდნ ზონას 5 ქულა აშორებს და თანაც თამაში აქვს თადარიგში.

"ტულონმა" ლიდერი "ტულუზა" 44:10 დაამარცხა და ბონუსიც აიღო. ის 62 ქულით მე-5 ადგილზეა და ერთი გამოტოვებული თამაში აქვს. მასპინძელთა სასტარტოში იყო ბექა გიგაშვილი, რომელიც 55-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა 10 წუთში მოედანზე დააბრუნეს.

პრო დე2

პრო დე2-ის ბოლოსწინა, 29-ე ტურში, "ოიონა" "ვანს" ეწვია და 26:13 გაიმარჯვა. სტუმართა შორის პირველიდან 48-ე წუთამდე ითამაშა ბექა კაკაბაძემ, ირაკლი მირცხულავა კი შეცვლაზე სწორედ 48-ე წუთზე შევიდა.

პლეი-ოფი გაინაღდა "გრენობლმა", რომელმაც "კარკასონს" ბონუსით, 34:11 სძლია. გამარჯვებულთა ძირითადში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს ილია კაიკაციშვილი.

"ანგულემმა" "ბიარიცი" მიიღო და 15:31 დამარცხდა. უკვე გადაწყვეტილია, რომ "ანგულემი" ახალ სეზონს ნაციონალ დივიზიონში დაიწყებს. "ბიარიცთან" თამაში ძირითადში დაიწყო ლუკა გოგინავამ და ის შესვენებისას შეცვალეს, ხოლო შალვა სუთიაშვილი შეცვლაზე 46-ე წუთზე შევიდა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 77 წუთი ითამაშა თორნიკე ჯალაღონიამ. ძირითადში იყო ლუკა აზარიაშვილიც, თუმცა 27-ე წუთზე შესაცვლელი შეიქნა. თამაშში 57-ე წუთიდან ჩაერთო უშანგი ჭეიშვილი.

"ორიაკმა" მე-80 წუთზე გატანილი ჯარიმით "კოლომიეს" სტუმრად 17:16 სძლია და პრო დე2-ში დარჩენისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ლიგის ყველაზე ქართული გუნდი 53 ქულით მე-14 ადგილზეა და 4 ქულით უსწრებს "ვალანს რომანს".

"ორიაკის" წარმატებაში წვლილი ხუთ ჩვენებურს მიუძღვის. შეუცვლელად ითამაშა გიორგი ცუცქირიძემ, ოღონდ მისთვის შეხვედრა 76-ე წუთზე, ყვითელი ბარათის გამო დასრულდა. პირველიდან 65-ე წუთამდე გაისარჯა გიორგი ქართველიშვილი, ხოლო გიორგი ჯავახიას ნაცვლად, 48-ე წუთზე შეცვლაზე ბექა საღინაძე შევიდა. საღინაძეს პირველ ტაიმში 8 წუთითაც მოუწია მოედანზე შესვლა, ხოლო ჯავახია თამაშში 69-ე წუთზე დაბრუნდა. ასევე შეცვლაზე, 65-ე წუთიდან ითამაშა ლუკა ნიორაძემ. მასპინძელთა რიგებში პირველიდან 63-ე წუთამდე ითამაშა ბექა შეყლაშვილმა.

"ნევერთან" 36:28 მოგების შემდეგ ლიგაში დარჩენის შანსს ინარჩუნებს "ვალანსი", რომლის ძირითად შემადგენლობაში იყო მირიან ბურდული და ის 64-ე წუთზე გიორგი კაკაურიძემ შეცვალა. სტუმართა რიგებში თამაშში 47-ე წუთიდან ჩაერთო თორნიკე მატარაძე.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული