ჩელენჯ თასი | გიგაშვილი ჩემპიონია! ქართული რაგბი ტურნირს უახლოვდება!

AutoSharing Option
ბორჯღალოსანი ბექა გიგაშვილი ევროპის ჩელენჯ თასის ჩემპიონია! მისმა ‘ტულონმა’ ფინალში ‘გლაზგო უორიორსი’ „ავივა სთედიუმზე“ 43:19 დაამარცხა.

ჩელენჯ თასი მეორე დონის საკლუბო ევროტურნირია ჩემპიონთა თასის შემდეგ. ევროპის პროფესიული კლუბების რაგბი (EPCR) მათ 1996 წლიდან ატარებს. ჩელენჯ თასზე საფრანგეთის ტოპ 14-ის, ინგლისის პრემიერშიფის, ასევე „იუნაიტედ რაგბი ჩემპიონშიფიდან“ ირლანდიის, უელსის, შოტლანდიის, იტალიისა და სამხრეთ აფრიკის გუნდები თამაშობენ.

წელს EPCR-მა საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა დუბლინში ფინალურ უიქენდზე (დღეს ჩვენი დროით 19:45 საათზე ჩემპიონთა თასის ფინალში ირლანდიური ‘ლენსთერი’ ფრანგულ ‘ლა როშელს’ „ავივაზე“ ეთამაშება) ოფიციალურად მიიწვია.
მიწვეულები იყვნენ რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე და მისი მრჩეველი ნიკა ალავიძე, აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე გოგებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ლევან ღვაბერიძე და ოპერაციების დირექტორი ლექსო გუგავა.

სასიამოვნოა, რომ ჩელენჯ თასის ფინალში ქართველი ლეგიონერი ბექა გიგაშვილი თამაშობდა, რომელიც მანამდე ამავე ტურნირის ფინალში ორჯერ დამარცხდა (2020 და 2022 წელს). მთლიანობაში, ‘ტულონს’ 2015 წლის შემდეგ 4 ფინალი ჰქონდა წაგებული (2 ტოპ 14-ში და 2 ჩელენჯ თასზე). ამჯერად გუნდი „ავივაზე“ მოტივირებული გავიდა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.

ფრანგებმა გლაზგოელებს 6 ლელო გაუტანეს, თავად კი მხოლოდ სამი მიიღეს. ‘ტულონი’ განსაკუთრებით პირველ ტაიმში დომინირებდა და შესვენებაზე 21-ქულიანი უპირატესობით გავიდა, თანაც ისე, რომ თავად ქულაც არ მიუღია. დასკვნით 30 წუთში, როდესაც გამარჯვებულის ვინაობა უკვე გარკვეული იყო, გუნდებმა 3-3 ლელო გაცვალეს და მაყურებელი ასიამოვნეს.

ბექა გიგაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს. ამ პერიოდში მან ბურთით ხელში 7-ჯერ შეუტია და 4 მეტრი მოიგო, დაცვაში 8 ბოჭვა შეასრულა და არცერთი გაცუდებია, ერთხელ კი ოფლოუდი გაახერხა. გარდა ამისა, ქართველმა ბურჯმა უამრავი შავი სამუშაო შეასრულა.

საქართველოს რაგბის კავშირი EPCR-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ქართული ფრენჩაიზი ‘შავი ლომი’ ჩელენჯ თასის გათამაშებაში უახლოესი მომავლიდან ჩაერთოს და ეს ვიზიტი ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

„ვულოცავ ბექა გიგაშვილს ამ შესანიშნავ გამარჯვებას. ის დიდი ხანია იმსახურებდა ჯილდოს, აღიარებას და დღეს თანაგუნდელებთან ერთად დამსახურებულად ზეიმობს. დარწმუნებული ვარ მისი თავდაუზოგავი თამაშით, ქართული ენერგიით, დღეს მთელი ერი ამაყობს“.

„რაც შეეხება ტურნირს და მასთან მიმართებაში ჩვენს პერსპექტივებს, რაგბი ევროპის სუპერ თასის პარალელურად ‘შავი ლომი’ ჯერ სამხრეთ აფრიკის ქარის თასში ჩაერთო, წელს კი სამხრეთ ამერიკის სუპერ ლიგის გუნდებთან ითამაშა. მისი ჩელენჯ თასში ჩართვა მორიგი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. რაგბის კავშირი ამისათვის მაქსიმუმს აკეთებს და მოლაპარაკებები უკვე აქტიურ ფაზაშია გადასული. ჩვენ არ ვაპირებთ მიღწეულზე გაჩერებას და მუდმივად ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს უფრო და უფრო მაღალი დონის ტურნირებში მონაწილეობისთვის, რათა ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ და ქართული რაგბი კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ. ამ გზაზე სრული მხარდაჭერა გვაქვს როგორც მსოფლიო რაგბისგან, ასევე საქართველოს მთავრობისგან. დიდი მადლობა მათ ამ მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ ქართული რაგბი ისტორიას დაწერს! წინ მსოფლიო თასია!“ – განაცხადა თორნიკე გოგებაშვილმა, რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა.

Rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული