ორი წელიწადი იაპონიამდე - "ვებ ელისის" თასი ამომავალი მზის ქვეყანაში მოგზაურობს

AutoSharing Option
2019 წელს იაპონიაში გასამართი მსოფლიოს თასის გათამაშების დაწყებამდე ზუსტად ორი წელიწადი დარჩა. იაპონიის რაგბის კავშირი ამასთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით სარაგბო ფესტივალს მართავს.

"ვებ ელისის" თასი ამჟამად ამომავალი მზის ქვეყანაშია და ის თითქმის მთელ იაპონიას მოივლის. მსოფლიოს თასის გათამაშებაც ასევე თითქმის მთლიანად დაფარავს იაპონიის ტერიტორიას. უკიდურესი ჩრდილოეთის ქალაქ საპოროდან უკიდურეს სამხრეთის კუმამოტომდე და ფუკუოკადან კამაიშიმდე. მსოფლიოს თასს ამ შთამბეჭდავი ფესტივალის განმავლობაში ჩაიტანენ იმ ქალაქებში, რომლებმაც მსოფლიოს უდიდესი სარაგბო ფორუმის მონაწილეებს უნდა უმასპინძლონ. ესენია: ტოკიო, საიტამა, ოიტა, სიძუოკა, ივატე, კუმამოტო, ოსაკა,
აიჩი, ჰიოგო, ფუკუოკა, საპორო და კანაგავა.

მსოფლიოს თასის ფინალი 2019 წლის 4 ნოემბერს გაიმართება იოკაჰამაში. იმ სტადიონზე, სადაც წლეულს იაპონიის ნაკრები ავსტრალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

"მსოფლიოს თასის გათამაშების დაწყებამდე ორი წელიწადი დარჩა. სასიხარულოა, რომ მასპინძლები ამ თარიღს შესანიშნავი სარაგბო ფესტივალით აღნიშნავენ, რაც ჩვენს თამაშს იაპონიაში კიდევ უფრო პოპულარულს გახდის და კიდევ უფრო მეტი ადგილობრივი მცხოვრები დაინტერესდება ოვალური ბურთით თამაშით.

ამასთან ერთად, ეს დრო ძალზე მნიშვნელოვანია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპორტული ღონისძიების ორგანიზებისთვის. მოგვიანებით, მიმდინარე წლის ბოლოს, ჩვენ ოფიცილურად გამოვაქვეყნებთ 2019 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების პროგრამას", - თქვა "მსოფლიოს რაგბის" თავმჯდომარე ბილ ბომონტმა.

აღსანიშნავია, რომ იაპონელები მსოფლიოს თასის მიმდინარეობისას 400 ათასამდე უცხოელი რაგბის მოყვარულის სტუმრობას ელიან. მნიშვნელოვანია, რომ მატჩების განრიგი და ბილეთების გაყიდვის გრაფიკი მიმდინარე წლის ბოლოს გამოცხადდება. ეს საშუალებას მისცემს მასპინძლებს, კიდევ უფრო დეტალურად და ბევრად უკეთესად დაგეგმონ საორგანიზაციო საკითხები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული