4 ოქტომბერს, 2019 წლის მსოფლიო თასის B ჯგუფის შეხვედრაში სამხრეთ აფრიკის ეროვნულმა ნაკრებმა ლეგენდარულ მორაგბე სერჟიო პარისეს მსოფლიო თასის პლეი-ოფში თამაშის უკანასკნელი იმედები მოუკლა და იტალიის ნაკრები დიდი სხვაობით, 49:3 დაამარცხა.
შეხვედრა აფრიკელების უპირატესობით დაიწყო და პირველი ლელო მე-6 წუთზე დადეს. თავი კოლბემ გამოიჩინა. მალე იტალიელებმა ჯარიმის გატანა მოახერხეს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს ევროპელების პირველი და უკანასკნელი მოპოვებული ქულები იყო ამ შეხვედრაში. პირველ ტაიმში სამხრეთაფრიკელებმა კიდევ 1 გარდასახული ლელო დადეს, 1 ჯარიმა გაიტანეს და ნახევარი 14 ქულის სხვაობით მოიგეს -
17:3.
მეორე ტაიმის დასაწყისში, 43-ე წუთზე, შეხვედრის მთავარმა მსაჯმა მოედნიდან იტალიელთა 1-ლი ნომერი ლავოტი გააძევა და კაცნაკლულმა იტალიამ ვეღარაფერი გააწყო ძლიერ მეტოქესთან. შეხვედრის დასრულებამდე აფრიკელმა მორაგბეებმა 5 ლელო დადეს, 3-ჯერ დაარტყეს ზუსტად გარდასახვა და 1 ჯარიმაც მიაყოლეს.
ამ გამარჯვების შემდეგ სამხრეთი აფრიკა ჯგუფში მეორე ადგილზე გადავიდა მანამ, სანამ ახალი ზელანდია ნამიბიას შეხვდება.
მსოფლიო თასი, B ჯგუფი
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა - იტალია 49:3
ლელოები
სამხრეთი აფრიკა: კოლბე (2), მბონამბი, ეიმი, მაპიმპი, სნაიმენი, მარქსი
ჯარიმები
იტალია: ტომაზო ალანი
სამხრეთი აფრიკა: პოლარი (2)
გარდასახვები
სამხრეთი აფრიკა: პოლარი (5)