საქართველოში გამართულ რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს მილიარდამდე ადამიანმა უყურა

AutoSharing Option
ზუსტად ერთი თვის წინ საქართველოში მსოფლიო რაგბის რანგით მეორე ტურნირი, 20-წლამდელთა ჩემპიონატი დასრულდა, რომელიც საყოველთაო შეფასებით საუკეთესო იყო აქამდე ჩატარებულ ჩემპიონატებს შორის.

მისმა მასპინძლობამ ქვეყანას მნიშვნელოვანი დივიდენდები შესძინა: რაგბის პოპულარიზაცია საქართველოში; საქართველოს პოპულარიზაცია მთელს მსოფლიოში; სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელიც საქართველოს მემკვიდრეობის სახით დარჩა.

საქართველოში გამართული მეათე, საიუბილეო მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი სპორტული კუთხითაც წარმატებული აღმოჩნდა. დამყარდა რამდენიმე რეკორდი: ზოგადად ტურნირზე და ცალკე აღებულ ფინალურ მატჩში გავიდა ყველაზე მეტი ლელო და ქულა, ფინალურ მატჩში დაფიქსირდა ყველაზე დიდი სხვაობა.

თამაშები მსოფლიოს 120 ქვეყანაში
გადაიცემოდა და მას ჯამში ტელევიზიისა და ინტერნეტის მეშვეობით მილიარდამდე ადამიანმა უყურა.

საქართველოს რაგბის კავშირის და ტურნირის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, 20-წლამდელთა ჩემპიონატის დაწყებამდე მოეწყო თასის მოგზაურობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, რომლებსაც ტელევიზიები და "მსოფლიო რაგბის" ოფიციალური გვერდი აშუქებდა.

შედეგად, რაგბის ქომაგებმა (მსოფლიოს მასშტაბით) არა მხოლოდ თბილისი და ქუთაისი გაიცნეს, სადაც თამაშები ტარდებოდა, არამედ იხილეს სვანეთი, კახეთი, აჭარა და ა.შ.

ტურნირის ფარგლებში საქართველოს უამრავი ტურისტი ეწვია. ყველა მონაწილე გუნდს თან ახლდა გულშემატკივართა ჯგუფები, რომლებმაც ჩვენს ქვეყანაში დიდი დრო გაატარეს. გარდა ამისა, გრძელვადიან პერსპექტივაში, რაგბიმ საქართველო უამრავ ადამიანს გააცნო.

როგორც ზევით აღვნიშნეთ, თამაშებს ტელევიზიისა და ინტერნეტის მეშვეობით მილიარდამდე ადამიანმა უყურა და მათ ნაწილს საქართველოს მონახულების სურვილი აუცილებლად გაუჩნდება.

თასის მოგზაურობის პროექტი უნიკალური იყო 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფარგლებში და "მსოფლიო რაგბმა" მას წარმატებული უწოდა.

გარდა ამისა, ტურნირის მსვლელობისას მოეწყო ყველაზე მასშტაბური მემკვიდრეობითი ღონისძიებები - სოციალური აქტივობები, რომელშიც 12-ივე მონაწილე ნაკრები იყო ჩართული.

აღსანიშნავია, რომ ქართული მხარის ინიციატივების გასაცნობად და გამოცდილების გასაზიარებლად, საქართველოს არგენტინისა და საფრანგეთის დელეგეციები ეწვივნენ, რომლებსაც სამომავლოდ 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობა სურთ.

ტურნირის მაღალ დონეზე ორგანიზებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის სახელმწიფოს და საქართველოს რაგბის კავშირის მეგობარ კომპანიებს.

"წარმოუდგენელი იქნებოდა ამ ტურნირის ჩატარება, რომ არა საქველმოქმედო ფონდი "ქართუ", რომელმაც მოახდინა არსებული მოედნების რეაბილიტაცია, განათების სისტემებისა და ტრიბუნების განახლება.

რა თქმა უნდა უდიდესი წვლილი მიუძღვის სახელმწიფოს, რომლის დაფინანსებითაც მოხდა 20-წლამდელთა ტურნირის მასპინძლობა. ისინი სრულად იყვნენ ჩართული და გვქონდა მუდმივი კოორდინაცია. ასევე დიდი როლი მიუძღვის ჩვენს სპონსორ თიბისი ბანკს, რომელმაც მარკეტინგული კამპანია თითქმის მთლიანად აიღო თავის თავზე და რაგბის კავშირს დიდი თანხები დაუზოგა" - მადლობელია საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი, ტურნირის ქართველი დირექტორი ბაჩო ხურციძე.

უმაღლეს დონეზე ორგანიზებული
საქართველოში გამართულმა საიუბილეო 20-წლამდელთა ჩემპიონატმა უმაღლესი შეფასება მიიღო მსოფლიო რაგბისა მაღალჩინოსნებისა და უმაღლესი დონის სტუმრებისგან.

უმაღლეს დონეზე ორგანიზებული - ასეთია საერთო პათოსი, რომელიც მათი კომენტარებიდან იკვეთება.

"საქართველომ ტურნირს ღირსეულად უმასპინძლა. ეს იყო პროფესიონალურად ორგანიზებული სპორტული ღონისძიება. სრკ-მ, მთავრობის, თბილისისა და ქუთაისის მერიების მხარდაჭერით დაამტკიცა, რომ მსოფლიო კლასის ტურნირების ორგანიზება შეუძლია. თქვენ ქართული რაგბი ასახელეთ" - ასეთია "მსოფლიო რაგბის" ტურნირების დირექტორის, საიმონ ქიბლის შეფასება.

"აბსოლიტურად ყველა მონაწილე ქვეყანა კმაყოფილი იყო და აღნაშნივდა, რომ 10-წლიან ისტორიაში ეს იყო საუკეთესოდ ორგანიზებული ტურნირი. მსოფლიო რაგბს ჩვენი სახით ერთი მყარი წერტილი დაემატა - საქართველო, როგორც სარაგბო ქვეყანა" - ამბობს სრკ-ს პრეზიდენტი გოჩა სვანიძე.

"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა, ახალ ზელანდიელმა მილტონ ჰეიგმა, ტურნირის ორგანიზებასთან დაკავშირებით სტუმრების შეფასებები პირადად მოისმინა:

"ქვეყნისა და ქართული რაგბისთვის ეს ტურნირი ფანტასტიკური იყო. ამ ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მონიჭებით "მსოფლიო რაგბმა" დიდი ნდობა გამოგვიცხადა და ეს ნდობა გავამართლეთ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ხალხის აზრის მოსმენა, ვინც მასში უშაუალოდ მონაწილეობდა.

მათი სიტყვებია (და არა ჩემი ინტერპრეტაცია) - "ერთ-ერთი საუკეთესოდ ორგანიზებული ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა მიგვიღია" - და დამიჯერეთ, ზოგიერთი ამ მწვრთნელთაგანი უამრავ ასეთ შეჯიბრზეა ნამყოფი. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ჩვენ, როგორც რაგბის კავშირი, არა მხოლოდ მინდორზე ვართ კარგები, არამედ მის გარეთაც ვვითარდებით და თავისუფლად შეგვიძლია მსგავსი ტურნირების მასპინძლობა".

მსოფლიო რაგბის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ჯონ ჯეფრი ამბობს, რომ საქართველოში გამართულმა ტურნირმა მოლოდინს გადააჭარბა:

"20-წლამდელთა ჩემპიონატი ყოველ წელს უკეთესი და უკეთესი ხდება. ყოველ წელს ვფიქრობთ, რომ უმჯობესი შეუძლებელია, თუმცა წელს ამ ტურნირმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მოედნები ფანტასტიკური, სასტუმროები უმაღლესი დონის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალზედ ორგანიზებული ადამიანები.

პირველად მოხდა, რომ არცერთ გუნდს არანაირი შენიშვნა არ ქონია, რის შედეგადაც მივიღეთ არაჩვეულებრივი ტურნირი და სპორტული სანახაობა".

მსოფლიო რაგბის განვითარების ხელმძღვანელი მარკ იგანი საქართველოში ნანახით კმაყოფილი დარჩა და ტურნირში ჩართული მხარეებისგანაც მხოლოდ დადებითი შეფასებები ესმის:

"ჩემპიონატი გამორჩეულად წარმატებული იყო. პოზიტიური გამოხმაურება მივიღეთ ყველა გუნდისგან, კომისრებისგან, რაგბის კავშირებისგან, ოფიციალური სტურმებისგან.

გვქონდა მოლოდინი, რომ კარგად ორგანიზებული ტურნირი იქნებოდა, რადგან დარწმუნებულები ვიყავით საქართველოს რაგბის კავშირის შესაძლებლობებში. ფანტასტიკური სარაგბო ინფრასტრუქტურა დაგვხდა, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში ვითარდებოდა, ქართულ რაგბს ნამდვილად შეუძლია იამაყოს ამ ღონისძიებით. ის ერთ-ერთი საუკეთესოა ბოლო წლებში გამართულ 20-წლამდელთა ტურნირებს შორის".

"ყველაზე კარგად ორგანიზებული!" - ასეთია ინგლისის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტის, ქრის კელის შეფასება:

"ყველანი - თბილისშიც და ქუთაისშიც, იყვნენ სტუმართმოყვარენი და ტურნირიც საუცხოოდ ორგანიზებული. ერთი კვირის წინ, როდესაც მსოფლიო რაგბის აღმასრულებელი დირექტორი ბრეტ გოსპერი იყო ჩამოსული, "მსოფლიო რაგბის" თანამშრომლებს ესაუბრა და ყველასგან ერთი პასუხი მიიღო - აქამდე ჩატარებულ მსგავს ტურნირებს შორის, ეს იყო ყველაზე კარგად ორგანიზებული!".

კმაყოფილებას არ მალავენ ავსტრალიისა და ინგლისის ნაკრებების მწვრთნელები:

საიმონ ქრონ (ავსტრალიის ნაკრების მწვრთნელი): "ძალიან ლამაზი ქვეყანაა, მშვენიერი ადგილი სტუმრობისთვის, გამორჩეული სტუმართმოყვარეობით. ყველამ კარგი დრო გავატარეთ. ტურნირმაც კარგად ჩაიარა, მოედნები შესანიშნავი იყო, გულშემატკივრობა საუკეთესო".

ლუის დიქონ (ინგლისის ნაკრების მწვრთნელი): "ტურნირი კარგად იყო ორგანიზებული, არ გვქონია პრობლემები გადაადგილებასთან დაკავშირებით ერთი ადგილიდან მეორეზე. ქართველი ხალხი და ყველა ვინც ჩართული იყო ორგანიზებაში მასპინძელი კავშირის ჩათვლით საკმაოდ სტუმართმოყვარე იყვნენ. ჩემი გადმოსახედიდან ყველაფერმა კარგად ჩაიარა".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
ბაგრატი-აია :) არ მგონია რამე მაიმუნობა ყოფილიყო, უფრო თანაქალაქელებს უჯიგრეს :)
კახა
14:15 21-07-2017
0
ბაგრატი აიას რომ მოუგებდა მთელმა დუნიამ იცოდა :) არმგონია რამე მაიმუნობა ყოფილიყოს, თანაქალაქელებს უჯიგრეზ უბრალოდ :) სხვა მე არ მომიკრავს რამისთვის ყური და იმედია ვერასოდეს მოვკრავ .
კახა
14:12 21-07-2017
0

სიახლეები პოპულარული