ქართველი მსაჯის მორიგი საფეხური

AutoSharing Option
ახალგაზრდა ქართველი მსაჯი შოთა თევზაძე "მსოფლიო რაგბმა"კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა და პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, მან უმაღლესი დონის ტესტ-მატჩები იმსაჯა.

ის რუმინეთი-სამოასა და რუმინეთი-ტონგას შეხვედრებზე გვერდით მსაჯად მოგვევლინა და უდიდესი გამოცდილება შეიძინა. აღსანიშნავია, რომ ნოემბრის ტესტებზე მომუშავე მსაჯებს შორის, 23 წლის თევზაძე ყველაზე ახალგაზრდა იყო.


შოთა განვითარების ეტაპების, ახალი გამოცდილებისა და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ გვიყვება:

- ‘მსოფლიო რაგბის’ ეგიდით პირველი თამაშები შარშან ნოემბერში მქონდა. გერმანიისა და ურუგვაის შეხვედრაში გვერდითი, ხოლო რუმინეთისა და ბრაზილიის მატჩში ცენტრალური მსაჯი ვიყავი. წლევანდელი
თამაშები რა თქმა უნდა უფრო მაღალი დონის იყო და ისე მოხდა, რომ ახალ საფეხურზე ასულმა პირველად ახლაც ბუქარესტში ვიმსაჯე.

ყველამ კარგად იცის რა დონის გუნდებია რუმინეთი, სამოა და ტონგა. ისინი რეგულარულად თამაშობენ მსოფლიო თასს, რუმინეთი განვითარების ახალ ეტაპზეა ისევე, როგორც ჩვენთვის, სამოასა და ტონგას წინააღმდეგ თამაში მათთვისაც უმნიშვნელოვანესი და განსაკუთრებულია.

ორივე მატჩი დაძაბული გამოდგა და უდიდესი გამოცდილება შევიძინე. ტრიბუნები პირთამდე იყო სავსე, რაც კარგ ატმოსფეროს ქმნიდა. სამოასთან მასპინძლებმა მეორე ტაიმში გატანილი ორი ლელოს წყალობით მცირე სხვაობით იმარჯვეს (17:13). ასეთ დროს მსაჯებზე ბევრი რამაა დამოკიდებული და ვფიქრობ, სამივე მსაჯმა დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გავართვით. ‘მსოფლიო რაგბისგან’ ამ თამაშის შეფასება უკვე მოვიდა და სამივე მსაჯს მწვანე დაგვიწერეს, ანუ ყველა კრიტერიუმით კარგი შეფასება მივიღეთ.

მეორე თამაშის შეფასება ჯერ არ მომსვლია. ეს უფრო რთული მატჩი იყო და სანახაობრივი თვალსაზრისით უკეთესი გამოვიდა. გავიდა ლამაზი ლელოები, გადამწყვეტი მომენტებიც მრავლად იყო და ტონგამ 25:20 მოიგო. ნამატჩევს ორივე გუნდის მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა მსაჯებს მადლობა გადაგვიხადეს. იგრძნობოდა, რომ ეს არა მხოლოდ რაგბში დანერგილი პატივისცემის გამოხატულება, არამედ რეალური შეფასება იყო და ისინი ჩვენი გარჯით კმაყოფილი დარჩნენ.

ტონგასთან ჩემი მოვალეობების შესრულება უფრო ხშირად მომიწია, ვიდრე სამოასთან. თამაშში რამდენჯერმე ჩავერთე, მქონდა კონსულტაციები ცენტრალურ მსაჯთან და ჩემგან რეკომენდაციაც აიღო. მომიწია გადაწყვეტილების მიღება, იყო თუ არა ჯარიმა, მხოლოდ ჯარიმა დანიშნულიყო თუ ყვითელი ბარათიც გამოეყენებინა. შესაბამისად, მეტმა ჩართულობამ მეტი გამოცდილება შემძინა და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ.

- წაგებული მატჩის შემდეგ და ზოგადად დაძაბული შეხვედრებისას მაყურებლისგან მსაჯებზე ძლიერი წნეხი მოდის.


- მაყურებელი ყოველთვის საყვარელ გუნდს გულშემატკივრობს და ჩემთვის მათი რეაქციები მეორეხარისხოვანია. რუმინეთში ორივე თამაშმა სავსე ტრიბუნების წინაშე ჩაიარა, თუმცა ჩვენს მიმართ საყვედური არ იგრძნობოდა. ზოგადად, ასეთ ატმოსფეროში მსაჯობა სასიამოვნოა. სავსე ტრიბუნები და მათი ოვაციები იმის მანიშნებელია, რომ თამაშში მაყურებელი სრულადაა ჩართული და მოედანზე კარგი სანახაობაა. რაც შეეხება მაყურებელთა რეაქციაზე მსაჯის რეაგირებას, ვფიქრობ, ეს ინდივიდუალურია. კარიერის დასაწყისში ეს ჩემზეც მოქმედებდა, თუმცა პროფესიონალიზმის მატებასთან ერთად, საქმეში სრულად ვარ ჩართული და როგორც საერთაშორისო, ასევე დიდი 10-ის მატჩებისას ტრიბუნები ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ აღარ მაქცევს.

- გულშემატკივრის თემა რომ გავაგრძელოთ, დიდი 10-ის ყველა თამაში უკვე ტელევიზიით გადაიცემა. პირდაპირი რეპორტაჟი და შესაბამისად მეტი მაყურებელი თქვენს დამოკიდებულებაზე თუ აისახება?

- იქნება თამაში ტელევიზორში თუ არა, ამით პირადად ჩემთვის პასუხისმგებლობა არ იცვლება. კარგად ვიცი რამდენს მუშაობენ გუნდები შედეგის მისაღწევად და მე სხვაგვარად მოქცევის უფლება არ მაქვს. ჩემმა გადაწყვეტილებამ შედეგზე გავლენა არ უნდა იქონიოს, თორემ მსაჯი ადამიანია და ის მოედანზე შეცდომას ყოველთვის დაუშვებს, მთავარია, ამ შეცდომამ რომელიმე გუნდს არ ავნოს. ტელე-რეპორტაჟებს ერთი დიდი პლიუსი აქვს. სახლში რომ მივდივარ, ეგრევე ვუყურებ ჩემს მიერ ნამსაჯ თამაშს და ჩანაწერის მისაღებად ლოდინი აღარ მიწევს.

- თქვენს მიერ ნამსაჯი ყველა თამაშის ჩანაწერი ნანახი გაქვთ?

- არ ყოფილა პრეცედენტი, რომელიმე თამაში არ მენახოს. ასე იყო მაშინაც, როდესაც მხოლოდ საქართველოს „ბ“ ლიგას ვმსაჯობდი და ასე იქნება მომავალშიც, რადგან სხვაგვარად განვითარება წარმოუდგენელია. ვუყურებ და ვარჩევ არა მარტო ჩემს თამაშებს, არამედ იმ შეხვედრებსაც, რომელი გუნდების თამაშის მსაჯობა მომიწევს. ვუყურებთ მათ ბოლო თამაშებს, ვსწავლობთ ამ გუნდების ძლიერ და სუსტ მხარეებს, რა კომპონენტში ჯარიმდებიან უფრო ხშირად და მატჩის დღეს გუნდებს ვურჩევთ, რომ ეს კომპონენტი გამოასწორონ. ეს გვიადვილებს თამაშის მართვას. რა თქმა უნდა, დაჯარიმებას არასდროს მოვერიდები, თუმცა სასიამოვნოა, როდესაც ხშირად არ გიწევს თამაშში ჩართვა.

- ნოემბრის ტესტებს რომ დავუბრუნდეთ, ასეთ დონეზე ქართველი მსაჯის გამოჩენა, რას ნიშნავს ზოგადად ქართული რაგბისა და მსაჯთა კომიტეტისთვის?

- ვფიქრობ, ეს დიდი აღიარებაა. ‘მსოფლიო რაგბმა’ დაინახა, დააფასა ჩვენი სამსაჯო კომიტეტის შრომა და გაწეული სამუშაოთი კმაყოფილი დარჩა. ძალიან ბევრს ნიშნავს, როდესაც ასეთ დონეზე გენდობიან.

- ნოემბრის ტესტებამდე თქვენ და ნიკა ამაშუკელმა ‘მსოფლიო რაგბის’ 20-წლამდე მორაგბეთა ჩემპიონატზეც იმუშავეთ.

- ეს კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი იყო განვითარების გზაზე. მსაჯებს ერთმანეთთან მუდმივი კონტაქტი გვქონდა და ბევრი რამ ვისწავლე. რუმინეთში სწორედ იმ მსაჯებთან მომიწია მუშაობა, რომლებთანაც საქართველოში 20-წლამდელთა ჩემპიონატზე - შოტლანდიელი მაიკ ადამსონი და ინგლისელი ტომ ფოლი. ივნისშიც გვერდითი მსაჯი ვიყავი და მაშინ ორივესგან დადებითი შეფასება მივიღე. როგორც ჩანს, ჩემი მუშაობით ალან როლანიც კმაყოფილი დარჩა და შედეგად, ნოემბრის ტესტებზეც გამომიცხადეს ნდობა. ჩემი მიზანი უმაღლესი დონის მატჩებსა და ტურნირებში ცენტრალური მსაჯობაა, თუმცა ასაკის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე საკმაოდ მაღალ დონეზე ვარ. დღევანდელ რაგბში გვერდით მსაჯს მთავარ მსაჯზე არანაკლები დატვირთვა აქვს, რაც მსოფლიო თასზეც კარგად გამოჩნდა და ჩემს თავზეც გამოვცადე.

- დატვირთვა ახსენეთ და ფიზიკურად რამდენად იყავით მომზადებული რუმინეთი სამოასა და რუმინეთი ტონგას შეხვედრებისთვის?

- გამომდინარე იქიდან, რომ ამ თამაშებში გვერდითი მსაჯი ვიყავი, ფიზიკური დატვირთვების მხრივ პრობლემა არ შემქნია. მაგრამ ვიტყვი იმასაც, რომ ფიზიკური თვალსაზრისით არც ცენტრში მექნებოდა პრობლემა. თუ გინდა იყო საკუთარი საქმის პროფესიონალი ბევრი უნდა იშრომო. ეს ვარჯიშს მოითხოვს, ძალიან კარგ ფიზიკურ ფორმაში ვარ და ვთვლი, რომ ამ კუთხით ნებისმიერი დონის რაგბისთვის მზად ვარ.

- გულშემატკივარი მსაჯს მხოლოდ 2 საათით, მოედანზე ხედავს. თქვენს მაგალითზე რომ გვითხრათ, როგორია ‘მსოფლიო რაგბის’ მსაჯის ერთი სამუშაო კვირა?

- როდესაც მსაჯობას ვიწყებდი, 120 კილო ვიყავი და წონის დაკლება მომიწია. 2 თვის განმავლობაში ჩემთვის არავინ და არაფერი არსებობდა - მხოლოდ დარბაზი, მოედანი და დიეტა. დიდი ძალისხმევის შედეგად დავიკელი 26 კილო, ჩავდექი ფორმაში და დღესდღეისობით ვარჯიში ჩემი ცხოვრების წესად იქცა. ‘მსოფლიო რაგბის’ მსაჯი რომ გავხდი, პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გაიზარდა, მეტის მიღწევა მსურს და ეს კიდევ უფრო მეტ შრომას მოითხოვს.

ჩემი ორშაბათი ვარჯიშით იწყება, მერე მსაჯთა კომიტეტში ვუყურებთ და ვარჩევთ შაბათ-კვირას ჩემს განსჯილ თამაშს. საღამოს ისევ ვვარჯიშობ. სამსაბათის, ოთხშაბათის და ხუთშაბათის დილაც ვარჯიშით იწყება. ოთხშაბათს ვარჩევ იმ ერთ-ერთი გუნდის თამაშს, რომლის შეხვედრის მსაჯობაც მომავალ ტურში მიწევს, ხუთშაბათს მეორე გუნდის ჯერია. პარასკევს ვისვენებ და ფსიქოლოგიურად ვემზადები, ხოლო შაბათ-კვირას ისევ თამაშებია. ასეთია ყველა მსაჯის ერთი კვირის განრიგი. ჩემს შემთხვევაში ამას სწავლაც ემატება, რადგან სტუდენტი ვარ და საკმაოდ დატვირთული კვირები გვაქვს.

- რა ინტენსივობით ვარჯიშობს მსაჯი?


- ფიზიკური კონდიციებით მსაჯი ყველაზე მომზადებულ მოთამაშეს არ უნდა ჩამოუვარდებოდეს. ის უნდა იყოს ყველგან, სადაც ბურთია. ხაზი რომ გაიჭრება და სიტუაცია უიმედოა, მცველები შესაძლოა მეტოქეს არ გაყვნენ, მსაჯმა კი ბოლომდე უნდა ირბინოს. აქედან გამომდინარე ჩვენი ვარჯიშების ინტენსივობა ძალიან მაღალია. გამძლეობის ტესტზე ჩემი მონაცემი 19,5-ის და ვინც იცის ეს რას ნიშნავს, ყველა მიხვდება როგორ ფორმაში ვარ. თუ გინდა მაღალ დონეზე იმუშაო, ამისათვის სათანადოდ უნდა მოემზადო თამაშის ხედვის, ფსიქოლოგიური და ფიზიკური მომზადების კუთხით. მე ამის სურვილი ნამდვილად მაქვს და ამიტომ თავს არ ვზოგავ.

- უკვე ცნობილია, რომ 16 დეკემბერს ქართველ მსაჯთა ბრიგადა თქვენი ხელმძღვანელობით ევროპული რაგბის ‘კონტინენტის ფარზე’ პორტუგალიისა და გერმანიის ჩემპიონი გუნდების შეხვედრას განსჯის.

- ძალიან საპასუხისმგებლო და რთული თამაში გველოდება. ისევ, როგორც ‘კონტინენტის ფარის’ მეორე ტურში, მივდივარ ჩემი ბრიგადით. გუნდში ერთი კაცი შეიცვალა, პორტუგალიაში სულხან ჩიხლაძე და ონისე მოგელაშვილი დამეხმარებიან და დარწმუნებული ვარ თამაშს თავს კარგად გავართმევთ. ერთი კვირით ადრე, 9 დეკემბერს, რუმინული ‘ტიმიშოარასა’ და იტალიური ‘კალვიზანოს’ მატჩს ასევე ქართველი მსაჯები განსჯიან ნიკა ამაშუკელის ხელმძღვანელობით.

- ოქტომბერში ‘კონტინენტის ფარზე’ იტალიური დერბი იმსაჯეთ

- მაშინ დამხმარეები სულხან ჩიხლაძე და თორნიკე გვირჯიშვილი მყავდა, ‘პეტრარკა’ ‘როვიგოს’ მასპინძლობდა. თამაში პადოვაში გაიმართა, საიდანაც როვიგო 20-30 კილომეტრითაა დაშორებული. გაგონილი მქონდა, რომ ეს იტალიური რაგბის უდიდესი დერბი იყო და ამაში თავადაც დავრწმუნდი.ურთულეს შეხვედრაში მასპინძლებმა 18:13 მოიგეს. ტრიბუნაზე 10 ათასამდე მაყურებელი იყო და დაძაბულობა ბოლო წუთამდე შენარჩუნდა.
- იტალიურ და ქართულ საკლუბო რაგბს შორის დიდი სხვაობაა?

- განსხვავება ძალიან მცირეა, კონკრეტულად ამ თამაშში რაქიდან უფრო სწრაფად გადიოდა ბურთი და ტემპი იყო მაღალი. სხვა მხრივ იქაც ფიზიკური ბრძოლა სჭარბობდა. ის, რომ იტალიურ საკლუბო რაგბს ბევრი არაფრით ჩამოვუვარდებით ამავე ტურნირში ‘ბათუმმაც’ დაამტკიცა. მას ‘როვიგოსთან’ მოსაგები თამაში ჰქონდა. ვფიქრობ, 9 დეკემბერს ‘ბათუმი’ ‘ვიადანას’ დამარცხებას შეძლებს და გამოჩნდება, რომ იტალიური საკლუბო რაგბი ვერაფრით გვჯობნის.

- ამ ტურნირზე ჩატარებული თამაშების შემდეგ გვერდითმა მსაჯებმა რა შეფასება მიიღეს?


- გვერდით მსაჯებზე ცალკე შეფასება არ მოგვსვლია, თუმცა საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, რაიმე რომ „დაეშავებინათ“ წერილს აუცილებლად მივიღებდით. მეც და ნიკამაც გვერდითი მსაჯებისგან დიდი დახმარება მივიღეთ. თავის დროზე, ჩვენ ირლანდიაში, გაცვლითი პროგრამით მოვხვდით და ჩვენი აღმასვლა ამით დაიწყო. ამაში ენის ცოდნა დაგვეხმარა, თორემ სხვა ქართველ მსაჯებზე უკეთესები არაფრით ვართ. ახლა ენობრივი ბარიერის გამოსწორებას სხვებიც ცდილობენ, უკვე წელს ორი ქართველი მსაჯი ირლანდიაში მიემგზავრება და დარწმუნებული ვარ, სულ მალე საერთაშორისო ასპარეზზე სხვა ქართველი მსაჯებიც გამოჩნდებიან.

Rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
საინტერესოა,რუმინეთი საქართველოს ბოლო მატჩის მსაჯობა როგორ შეფასდა.
სოსო
11:10 02-12-2017
0
ძალიან კარგია.ასე განაგრძეთ ბიჭებო.
სოსო
11:06 02-12-2017
0

სიახლეები პოპულარული