კონტინენტის ფარი: ქართულ-რუმინული საკლუბო დაპირისპირება გაგრძელდება

AutoSharing Option
"ბათუმმა" ევროპული რაგბის "კონტინენტის ფარის" ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში რუმინეთის ჩემპიონი "ტიმიშოარა-სარასენსი"20:17 დაამარცხა და ფლეი ოფში დამსახურებულად გავიდა.

იქ ქართულ-რუმინული საკლუბო დაპირისპირება გაგრძელდება და ჩვენი მეტოქე კვლავ რუმინეთის ჩემპიონი იქნება, რადგან "კალვიზანომ" "როვიგოს" ბონუსით, 34:0 სძლია, "ბათუმს" სატურნირო ქულებით გაუტოლდა და უკეთესი გატანილ-გაშვებული ქულათა სხვაობით ცხრილში პირველ ადგილზე აღზევდა. შესაბამისად, საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა მე-2 ადგილი დაიკავა, ხოლო "ტიმიშოარა-სარასენსი" მდევრებისთვის მიუწვდომელი დარჩა.

პლეი ოფის მატჩები 2018 წლის იანვარში გაიმართება და პირველ შეხვედრაში ‘ბათუმი’ მასპინძელია, ხოლო ერთი კვირის თავზე რუმინეთს ეწვევა და ორი
თამაშის ჯამში გამარჯვებული ‘კონტინენტის ფარი’ ნახევარფინალში გავა, სადაც მისი მეტოქე იტალიის ჩემპიონ ‘კალვიზანოსა’ და ‘ჰაიდელბერგის’ წყვილს შორის გამარჯვებული იქნება. სარაგბო ზეიმს ხელი ბათუმის მზიანმა ამინდმაც შეუწყო და ტრიბუნებზე ანშლაგი იყო. ამან მოთამაშეებს ის საჭირო მუხტი შესძინა, რაც იტალიაში ორჯერ დააკლდა და ‘ბათუმმა’ ‘კონტინენტის ფარის’ მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი დამსახურებულად დაამარცხა.

შეხვედრა სტუმრების იერიშებით დაიწყო. ისინი სწრაფად შლიდნენ ბურთს, რის ხარჯზეც უპირატესობის მოპოვებას ახერხებდნენ და რამდენჯერმე ხიფათი შექმნეს, რის შედეგადაც მე-7 წუთზე ლელო-გარდასახვით დაწინაურდნენ. მასპინძლებმა მეტოქის თამაშს ალღო მალე აუღეს და ტაიმის შუაში ბახვა კობახიძემ ჯარიმა გაიტანა, ხოლო დასკვნითი 10 წუთი ‘ბათუმმა’ თითქმის სრულად მეტოქის 22-ში გაატარა. შედეგად, ლელოში ბექა ურჯუკაშვილი შეიჭრა და ლელოც დადო, მაგრამ რეფერიმ ეს ვერ დააფიქსირა და რადგან ვიდეო-რეფერიც არ იყო, ალალი ლელო გაუქმდა.

სამართალმა პური მოგვიანებით ჭამა. 5-მეტრა შერკინების შემდეგ ლელოში გიორგი თხილაიშვილს ბურთში ჩაუჯდნენ, მაგრამ მეორე ჯერზე ხვიჩა ბუჯიაშვილისა და სანდრო ქოიავას მიძალებები 5 ქულით ბექა მამრიკიშვილმა დაასრულა, რომელმაც მბოჭავი ოსტატურად ჩამოიცილა. კობახიძე გარდასახვიდან ზუსტი იყო - 10:7.

მეორე ტაიმის დებიუტშივე დაცვაში უხეშად შევცდით, მოკლე ფრთა დაუცველი დარჩა და ალამთან ლელო მივიღეთ. მალევე ურჯუკაშვილმა წითელ ზოლში თამაში ერთხელაც გაამწვავა და ზურაბ თუთბერიძემ სივრცე მონახა, თუმცა რეფერიმ ლელო კვლავ ვერ დააფიქსირა. 5-მეტრა შერკინების შემდეგ ბუჯიაშვილმა თუთბერიძეს ბურთი გამოუგდო, მანაც მცველების არასწორი განლაგება შენიშნა და თავისი წილი ლელო მაინც მიითვალა.

კობახიძემ ზუსტი გარდასახვის შემდეგ შერკინების მიერ გამომუშავებული ჯარიმაც გამოიყენა და უპირატესობა 8 ქულამდე გაიზარდა. რუმინელებს 3 წუთში კარის წინიდან შეეძლოთ 3 ქულის აღება, მაგრამ 100%-იანი დარტყმა ძელმა აისხლიტა. მერე 42 მეტრიდან ჯარიმა ‘ბათუმსაც’ გაუცუდდა, თუმცა დრო გადიოდა და ‘ტიმიშოარა-სარასენსის’ მიერ ბოლო წამებზე გატანილმა ლელომ ‘ბათუმს’ ჯგუფური ეტაპის დაძლევაში ხელი ვერ შეუშალა - 20:17.

აღსანიშნავია, რომ „ა“ ჯგუფიდან პლეი ოფში გასულმა ‘ტიმიშოარა-სარასენსმა’ და ‘ჰაიდელბერგმა’, ჯგუფურ ეტაპზე თითო შეხვედრაღა წააგეს და ორივე შემთხვევაში ისინი ‘ბათუმმა’ ძლია.

1/4 ფინალი

2018 წლის 13 და 20 იანვარი (შინ და გარეთ)

ბათუმი – ტიმიშოარა სარასენსი

ჰაიდელბერგი – კალვიზანო

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
ყოჩაღ, ბიჭებო. ტიმიშოარასთან უფრომძიმე ბრძოლა იქნება პლეიოფში და იქნებ რამდენიმე მოთამაშე დავამატოთ, თუ არის შესაძლებელი, თუნდაც სკამის სიღრმისთვის.ისე, ვამბობდი და ისევ ვფიქრობ, რომ ქოიავა ნაკრებში უნდა მოისინჯოს
ზუკა
00:09 18-12-2017
0
კარგია მიდიტ ბიჭებო.მიზანი კონტინეტის ფარია..
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული