"კონტინენტის ფარი": "ბათუმმა" შეკრება დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა "ბათუმმა" საახალწლო განწყობა 3 იანვარს დაასრულა და ევროპული რაგბის "კონტინენტის ფარის" პლეი-ოფისთვის მზადებას შეუდგა.

მეოთხედფინალში ზღვისპირელების მეტოქე რუმინეთის ჩემპიონი "ტიმიშოარა-სარასენსია", რომელსაც "ბათუმმა" ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში მშობლიურ "რაგბი არენაზე" 20:17 სძლია.

პლეი-ოფი ორრაუნდიანია და ნახევარფინალში ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული გუნდი გადის.

პირველი შეხვედრა 13 იანვარს ბათუმში, 15:00 საათზე დაიწყება, ხოლო ერთი კვირის შემდეგ რუმინეთში განმეორებითი შეხვედრაა. 20 იანვარს ბათუმელები კლუჟში ითამაშებენ და მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.

არსებული რესურსით
"ბათუმმა" მომავალი მატჩისათვის მზადება 3 იანვარს დაიწყო და პირველი რამდენიმე
დღე ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას დაეთმო, ხოლო 8 იანვარს გუნდი გონიოში შეკრებაზე შევიდა.

"შეკრებაზე "ტიმიშოარა-სარასენსთან" პლეი-ოფის დასრულებამდე დავრჩებით. 13-ში, თამაშის დასრულების შემდეგ ბიჭებს სახლში გავუშვებთ და ერთი დღე დავასვენებთ, მეორე დღეს კი სასტუმროში დავბრუნდებით და რუმინეთში გამგზავრებამდე აქ დავრჩებით" - ამბობს გუნდის მთავარი მწვრთნელი დავით გუგუშვილი, რომელსაც პლეი-ოფებისთვის შემადგენლობის გაძლიერების სურვილი ჰქონდა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა:

"ვცდილობდით, ლეგიონერებით გავძლიერებულიყავით, მაგრამ სავიზო რეჟიმის გამო საბუთების მოწესრიგება დროულად ვერ ხერხდებოდა და ამ განზრახვაზე უარის თქმა მოგვიწია. უფრო მეტიც, ტრავმების გამო "ტიმიშოარასთან" ბოლო მატჩის შემდეგ ჩვენი შემადგენლობა კიდევ უფრო შესუსტებულია".

"უმცროსი ბორჯღალოსნების" შეკრებაზე არიან დურმიშხან ჯაბნიძე, მანუჩარ გრიგოლია და გიორგი მენაბდე. ტრავმები აწუხებთ კვაჭებს - ბექა მამრიკიშვილს და გიორგი თედორაძეს, ფულბეკ ბახვა კობახიძეს და შუამარბ ბექა ურჯუკაშვილს.

"ექიმების დასკვნით, ბექა ურჯუკაშვილი "ტიმიშოარასთან" პირველ მატჩს გამოტოვებს. ვიმედოვნებთ, რომ ის განმეორებითი შეხვედრისთვის მზად იქნება. ტრავმები აწუხებთ და ორშაბათს პირველად ივარჯიშეს მამრიკიშვილმა, თედორაძემ და კობახიძემ.

ჯერჯერობით გაურკვეველია ხვიჩა ბუჯიაშვილის საკითხი, რომელმაც "ლოკომოტივთან" მატჩისას წითელი ბარათი მიიღო. 10 ივნისს გამგეობა შეიკრიბება და მისი საკითხი გადაწყდება. შაბათს მუხლი დაიზიანა და ორშაბათს ვერ ივარჯიშა შოთა გოგისვანიძემ. არის სხვა მიკროტრავმებიც, თუმცა ბიჭები გამაყუჩებლით თამაშს შეძლებენ" - გვიყვება შემადგენლობაში არსებული პრობლემების შესახებ გუგუშვილი.

ოპტიმისტური განწყობით
მიუხედავად ტრავმებისა და მეტოქის სიძლიერისა, გუგუშვილი მომდევნო თამაშებს ოპტიმისტურად ხვდება:

"დეკემბერში "ტიმიშოარა" ზედმეტად თავდაჯერებული გვეწვია და დარწმუნებული ვარ, მომავალ თამაშებს უფრო მობილიზებური შეხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ხასიათი ვაჩვენეთ და ჩვენი გულშემატკივრის მხარდაჭერით ერთი თვის წინ მეტოქე დავამარცხეთ, რუმინელები კვლავაც რჩებიან ტურნირის მთავარ ფავორიტებად. წინ ორი ურთულესი შეხვედრა გველოდება. მეტოქე რევანშის ასაღებად ჩამოვა და ასეც რომ არა, გამარჯვებისთვის მხოლოდ ერთი თამაშის მოგება საკმარისი აღარაა.

მიუხედავად ამისა, მომავალ თამაშებს ოპტიმისტურად ვხვდებით. "ტიმიშოარა" ჩვენზე გამოცდილი გუნდია, მაგრამ უშეცდომო არაა, ჩვენი კოზირების გამოყენებით სასურველი შედეგის მიღწევას ვეცდებით. თუ პირველ მატჩში მეტოქეს ორით მეტი ლელო გავუტანეთ, განმეორებით შეხვედრას კარგ პოზიციაში შევხვდებით. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერ გუნდთან შეგვიძლია ჭიდილი და თუ ხელი ტრავმებმა არ შეგვიშალეს, წარმატების შანსი აუცილებლად გვექნება".

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული